Akhalkalaki district (Page 2/2)
Shoreti Monastery
Church (Samtskhe-Javakheti - Aspindza district)
შორეთის სამონასტრო კომპლექსი სამხრეთ საქართველოში, ოთხი ისტორიული პროვინციის - სამცხის, ჯავახეთის, თორისა და თრიალეთის საზღვარზე, ასპინძისხევში მდებარეობს, დაბა ასპინძიდან 11 კილომეტრში. მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა ასპინძისხევს, სამცხე-ჯავახეთის ბუნებრივ საზღვარს. მდინარე სანისლოს (ოთისწყლის) მარცხენა სანაპიროს ციცაბო, კლდოვანი მთები წარმოადგენენ, თრიალეთში ბილიკები შავი კლდის მიმართულებით გადის, კლდეკარს (კლდეში გაჭრილ საურმე გზას) ციხისჯვრისაკენ (თორი) მივყავართ, გზა აქ კოდიანზე (შარვაშეთის ქედზე) გადადის. ასპინძისხევი ციხესიმაგრეთა მძლავრი სისტემით იყო დაცული; თორის მხრიდან ვარაზის ციხით, ჯავახეთის მხრიდან შორეთისა და ზემო ინთორის ციხეებით, ფეოდალურ რეზიდენციას ოთის ციხე წარმოადგენდა და სამცხიდან შემოსასვლელს იცავდა. საფორტიფიკაციო ნაგებობების ნაშთი შეინიშნება აგარასთან. თორს საკუთრივ ციხისჯვრის ციხე იცავდა, სამცხეს ჩიტიკიბეების მიუდგომელი ციხესიმაგრე, ასპინძას - ასპინძისციხე, ჯავახეთს - კოხტასციხე. ოთის ციხე ციხესიმაგრეთა მთელი ეს სისტემა უშუალოდ და სათვალთვალო კოშკების მეშვეობით უკავშირდებოდა ერთმანეთს. ეს უპირველესად გათვლილი იყო გარეშე მტრის მოსაგერიებლად. ხევი განსაკუთრებულად მდიდარია ეკლესია-მონასტრებით: აგარის ეკლესია (ყიზილ-დერესა), ღართის, სანისლოს, ოთის მარიამ წმიდის, ჭაბიეთის, ქვემო ინთორის ეკლესიები, ბეთლემისა და შორეთის მონასტრები. შორეთის მონასტერი ასპინძისხევის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობს, სოფელ ოთიდან 5-6 კმ-ის მოშორებით. სამანქანო გზა რესტავრაციის დასაწყებად 1990-1991წწ. იქნა მიყვანილი ძეგლამდე. მანამდე კი სანისლოსა და შოლოთისწყლის ხერთვისთან იწყებოდა ციცაბო, ტყიან კლდეებზე წყალაღმა მიმავალი ვიწრო საცხენოსნო ბილიკი. მდინარის სათავესთან, სამი მხრიდან მაღალი მთებით, ნაკადულებით, ნაძვნარითა და ფოთლოვანი ტყით გარშემორტყმულ მდელოზე დგას შორეთის სამონასტრო კომპლექსი, მოჩუქურთმებული თლილი ქვის პერანგით, იშვიათი დეკორით, მოზაიკით შემკული, არქიტექტურულად თავისთავად საინტერესო ძეგლი. ჩრდილოეთიდან მაღალი, მიუდგომელი ციხე-კოშკითა და სამლოცველოთი დაგვირგვინებული ფრიალო კლდე გადმოჰყურებს.
St.George's Church
Church (Samtskhe-Javakheti - Aspindza district)
VIII-IX საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია სოფელ თმოგვის მახლობლად (ასპინძის მუნიციპალიტეტი), ნასოფლარ გიორგიწმინდაში. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. გარედან კედლები შემოსილია კარგად გათლილი ქვის, თანაბარი ზომის კვადრებით; შიგნით ასეთივე წყობითაა ამოყვანილი კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები. დანარჩენი კედლები უხეშად გათლილი ქვითაა ნაგები. ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. გრძივი კედლები ორ-ორი კედლის თაღითაა დანაწევრებული. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია, ამ მხრიდანვე ეკლესიას მთელ სიგრძეზე გასდევს სტოა. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ფერდზე შემორჩენილია ქვასვეტის (სტელის) უხეშად თლილი ბაზისი. ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
Tmogvi Fortress, City Ruins
Castle/Tower (Samtskhe-Javakheti - Aspindza district)
წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ. წუნდის დაკნინების შემდეგ. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ 914 წელს არაბთა სარდალმა აბულ-კასიმმა აღმოსავლეთ საქართველო და სამცხეთ ჯავახეთი მოაოხრა. თმოგვსაც დაეცა. X საუკუნის პირველ ნახევარში თმოგვი და ჯავახეთის დიდი ნაწილი აშოტ კურაპალატის ვაჟის ადარნასეს შთამომავალთა მფლობელობაში უნდა ყოფილიყო. X საუკუნის ბოლოს კი ჯერ აფხაზთა მეფეების ხელშია, შემდეგ სამეფო ციხეა და თვით ჯავახეთის გამგებელი ერისთავიც გაერთიანებული საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის ხელქვეითია. 1011-1012 წლებში, საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში თმოგვი გვხვდება, როდესაც ბაგრატ მეფემ კლარჯეთის მეფენი სუმბატ და გურგენი პირველი თმოგველი ფარსმანია. 1044-1045 წლებში, კლდეკარის ერისთავთ-ერისთავის ლიპარიტის განდგომისას, იგი მასთან ერთად იყო მეფე ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ და მასთან ერთად დამარცხდა. მეფე და ერისთავები შერიგდნენ. ფარსმან თმოგველი ერისთავთ-ერისთავია. იგი ახალქალაქსაც ფლობდა. 1065 წელს თურქ სელჩუკების შემოსევის დროს ახალქალაქის ბრძოლაში ფარსმან თმოგველი გმირულად იბრძოდა მეფისა და მამულისათვის, რის გამოც მოხსენიებული იყო ათონის ივერთა მონასტრის აღაპში: 1177 წლის შემდეგ გიორგი III-მ თმოგვი უბოძა მის მიერ მსახურთუხუცესად აღზევებულ აფრიდონს. თამარის ტახტზე ასვლის შემდეგ, დაახლოებით 1186-1187 წლებში სხვა აღზევებულ უგვარო პირებთან ერთა "მოიშალა და დაიმხო". თმოგვის ახალი პატრონი უკვე საქართველოს ლაშქრის სარდალი ამირსპასალარი გამრეკელი-თორელია და ამ დროს მისი მნიშვნელობაც ერთიორად ამაღლდა. 1191 წელს გამრეკელის გარდაცვალების შემდეგ გადაეცა მხარგრძელების ერთ შტოს. 1204 წელს ვანის ქვაბები გახდა თმოგველების საგვარეულო საძვალე. 1265-1283 წლებში თმოგველი ერისთავთ ერისთავი სმ~ჩმი მონასტერს უშენებს კარიბჭეს და სამრეკლოს. ტაძრის მახლობლად კი ააგო ეკვდერი და ჩუქურთმაში სამშენებლო წარწერაც ჩააყოლა. 1283 წელს კვლავ განმეორდა მიწისძვრა. ამ დროს დაინგრა თმოგვიც და ვანის ქვაბებიც. მიუხედავად მიწისძვრისა თმოგველები ჯერ კიდევ ჩანდნენ თმოგვში XIV საუკუნეში. მაგრამ სხვადასხვა მიზეზეზბის გამო ის მიტოვებულ იქნა თმოგველების მიერ. 1350 წლის თმოგვის ციხის ზღუდის საამშენებლო წარწერა გვამცნობს: მურვან კვითხის ძის შთამომავლები ვანის ქვაბის ტიპიკონის 1393 წლების მინაწერებში არიან დასახელებულნი. XVI საუკუნეში თმოგვი ათაბაგ ივანეს ხელშია, შემდგომ კი ხან რჩეულაშვილებს ხან ამატაკიშვილებს უკავიათ. 1576-1578 წლებში შალიკაშვილის ხელმძღვანელობით მესხხეთის აზნაურთა ბრძოლა ათაბაგის წინააღმდეგ თმოგვის მიდამოებში სასტიკი ბრძოლით აღინიშნა. თმოგვი ძირითადად დასაყრდენი იყო შალიკაშვილისა. სხვა ციხეებთან და ქვაბებთან ერთად, მანუჩარ ათაბაგმა თმოგვის ქალაქი დაარბია და ციხე თვით დაიჭირა. 1578 წელს ოსმალები შემოვიდნენ სამცხეში და თმოგვი მანუჩარ ათაბაგმა ლალა-ფაშას გადასცა, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში – ახალქალაქის ლივაში შედიოდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის შემდეგ ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიასთან ერთად თმოგვის ციხეც დათმო. XVIII საუკუნეში თმოგვში მოსახლეობა შემცირდა. მისი ძველი დიდება დაეცა და ვახუშტის ცნობით "თმოგვი იყო ქალაქი, არამედ აწ არს დაბაო".
Upper Vardzia St.Mary's Church
Church (Samtskhe-Javakheti - Aspindza district)
მიეკუთვნება ორნავიანი ეკლესიათა ტიპს. სამხრეთით აქვს ღია სტოა. დასავლეთი მინაშენი უფრო გვიანი ხანისაა. ნაგებია კარგად გათლილი მოწითალო-იასამნისფერი ტუფანდეზიტის კვადრებით. შიგნით მოპირკეთებულია დიდრონი თლილი ქვებით. ღრმა აფსიდით დაბოლოებული მთავარი ნავი მაღალი და ფართოა, ჩრდილოეთისა კი - დაბალი და ვიწრო. ისინი ერთმანეთიდან დაკავშირებული არიან ორ ბურჯზე დაყრდნობილი თაღებით. ეკლესია შელესილი ყოფილა, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. ორივე ნავი ერთიანი, ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესია გარედან უხვადაა მორთული ჩუქურთმებით. შესასვლელის თავზე სტილიზებული ასომთავრული წარწერაა.
Vani's Caves (Vanis Kvabebi)
Historical Monument (Samtskhe-Javakheti - Aspindza district)
გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი (VIII ს.) მდებარეობს ასპინძიდან 27 კმ-ში სოფ. თმოგვის სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1386 მ. კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი 16 სართულს აერთიანებს.
Vardzia Cave City
Historical Monument (Samtskhe-Javakheti - Aspindza district)
ვარძია “... საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება…”-ასე წერდა ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე, XVI საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ თავისი ნაწარმოების "ახსან-ათ-თავარიხის” (“უმშვენიერესი ისტორიათაგანი”) ფურცლებზე. დადგენილია, რომ ხეობა მტკვრის ორივე მხარეს მჭიდროდ იყო დასახლებული უკვე ენეოლითის ხანაში, არქეოლოგიური სამუშაოების დროს ტერასებზე და ბორცვებზე მიკვლეულია პირველყოფილი თემური საზოგადოების ენეოლით – ბრინჯაოს და გვიან – ბრინჯაოს ეპოქათა ძეგლები, მათ შორის ყორღანული სამარხები. ამ ტიპის ძეგლების შესწავლამ გამოავლინა თრიალეთის კულტურის გავრცელების არეები. “ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი ცნობებია, რომ მონასტრის შენება მეფე გიორგი III დროს დაწყებულა და შემდგომ თამარის მეფობის დროს დასრულდა.