Bolnisi district (Page 2/2)
ბერდიკის ციხე
Castle/Tower (Kvemo Kartli - Bolnisi district)
ისტორიული ციხესიმაგრე ქვემო ქართლში (თანამედროვე ბოლნისის მუნიციპალიტეტში), მდინარე ბოლნისისწყლის (ფოლადაურის) მარჯვენა მხარეს, ახლანდელი სოფელ ფოლადაურის მახლობლად, მაღალ კლდოვან მთაზე. სახელი ეწოდა ისტორიული სოფლის ბერდიკის მიხედვით. შემორჩენილია გალავანი და ორი კოშკი, რომელთაგან ერთი ოთხსართულიანია. ციხე შუადეოდალურ ხანაშია აგებული. იგი კონტროლს უწევდა ფოლადაურის ხეობით მიმავალ უმოკლეს გზას, რომელიც „მგლისკარის“ უღელტეხილით ლორეში გადადიოდა.
საყდრისი, უძველესი ოქროს სამთამადნო მრეწველობის ძეგლი
Church (Kvemo Kartli - Bolnisi district)
საყდრისი-ყაჩაღიანი — ბორცვი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთთან ახლოს. ბოლნისიდან 20კმ-ის დაშორებით. ბორცვზე პირველადი სამეცნიერო სამუშაოები გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა თ. მუჯირის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში მომზადებულ ანგარიშებში პირველად გაჩნდა მოსაზრება აქ შესაძლო პრეისტორიული გამონამუშევრების არსებობის შესახებ[1]. 2004 წელს საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე პირველადი არქეოლოგიური კვლევები დაიწყო, 2007 წლიდან 2013 წლამდე კი კვლევებს აწარმოებდა ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიცია თომას შტოლნერისა და ირინა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. მათი მტკიცებით, ობიექტი პრეისტორიული ოქროს მაღაროა (ძვ.წ. 3350-2500 წ.წ.). თუმცა სამეცნიერო წრეებში არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, სადაც მეცნიერები კატეგორიულად გამორიცხავენ ამ ადგილას პრეისტორიულ ოქროს მაღაროს არებობას.
ქოლაგირის ციხე (ცურტავის ციხე)
Castle/Tower (Kvemo Kartli - Bolnisi district)
ქოლაგირის ციხე, ასევე დედოფლის ციხესიმაგრე – ფეოდალური ხანის (XVIII საუკუნის დასასრული) ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქოლაგირში. მდებარეობს მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს. აქ ადგილი გაშლილია და მისადგომად ყოველ მხრიდან ერთნაირია. ქართლ-კახეთში აგებულ ამ ტიპის ციხეებიდან ქოლაგირისა ერთ-ერთი უკანასკნელთაგანია. იგი აგებულია 1788–1798 წლებში დარეჯან დედოფლის მიერ. 1801 წ. თვით დარეჯანი წერდა. ,,ქოლაგირის დიდი ციხე და გალავანი ავაშენე“.. შემონახულია წინასწარ შედგენილი პროექტი, რომლის მიხედვითაც აშენდა ეს ციხე. ციხის გეგმა კვადრატულია და 2000 კვ. მ. ფართობი უკავია. ნაგებია დაუმუშავებელი შერჩეული ქვით. აგური გამოყენებულია სალოდეებისათვის და შესასვლელი კოშკების დეკორატიული დამუშავებისათვის. 6 მ სიმაღლის კედელი ქვემოთ უფრო სქელია, ზემოთ კი - თხელია. ე. წ. „საბრძოლო ბილიკი“ გარს შემოუყვება მთელ ციხეს კოშკების მეორე სართულის დონეზე. ციხის კუთხეებში ცილინდრული კოშკები დგას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლების ცენტრებში თითო სწორკუთხა კოშკია. პირველ მათგანში მთავარი შესასვლელია მოწყობილი. კუთხის ცილინდრული კოშკები ერთნაირი გადაწყვეტისაა. სამი სართული საბრძოლო - საცხოვრებელია, ხოლო ბანი მხოლოდ თავდაცვითია, სადაც განლაგებულია სათოფეები, სალოდეები და საზარბაზნეები. გალავნის შიგნით მხოლოდ ერთი პატარა ეკლესიაა. ქოლაგირის ციხეს აქვს ორი შესასვლელი. მას ცოტა ხანს მოუხდა ქვეყნის სადარაჯოზე დგომა. XIX საუკუნის დასაწყისიდან მან სხვა ციხეებთან ერთად დაჰკარგა თავისი ფუნქცია.
ჭაპალას ციხე
Castle/Tower (Kvemo Kartli - Bolnisi district)
შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე ქვემო ქართლში, მდინარე მაშავერისა და ფოლადაურის შესაყარის მარჯვენივ 2-3 კმ-ზე. აგებულია გაშლილ მინდორზე მდებარე დიდი კლდოვანი ბორცვის თხემზე. წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან და იგი ამ პერიოდში სოლოღაშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობის ნაშთები, წყლის საცავები. ერთ-ერთ კოშკში გაითხარა აბანო, რომელიც შედგებოდა რვაკუთხა თბილი და ცხელი განყოფილებისაგან, საცეცხლფარეშოსაგან და აუზისაგან. აბანოს შიგნით და გარეთ აღმოჩნდა სხვადასხვა ფერის სარკმლის მინის ნატეხები, მოჭიქული შორენკეცები; სადა კერამიკული ნატეხები და ერთი მოჭიქული ჭურჭელი არაბული წარწერით. მასალა თარიღდება XI-XIII სს-ით და ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.