ბოლნისის რაიონი (გვერდი 2/2)
ქვეშის ციხე
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
ქვეშის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, მდ. მაშავერის მარცხენა სანაპიროზე (ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვეშის მახლობლად). აშენებულია ველზე ამოზიდულ, თითქმის ყოველი მხრიდან მიუვალ მაღალ კლდეზე. თავისი მდებარეობით იგი სამშვილდიდან ტაშირისა და ზურტაკეთ-ჯავახეთის მიმართულების გზებს აკონტროლებდა.
ქოლაგირის ციხე (ცურტავის ციხე)
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
ქოლაგირის ციხე, ასევე დედოფლის ციხესიმაგრე – ფეოდალური ხანის (XVIII საუკუნის დასასრული) ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქოლაგირში. მდებარეობს მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს. აქ ადგილი გაშლილია და მისადგომად ყოველ მხრიდან ერთნაირია. ქართლ-კახეთში აგებულ ამ ტიპის ციხეებიდან ქოლაგირისა ერთ-ერთი უკანასკნელთაგანია. იგი აგებულია 1788–1798 წლებში დარეჯან დედოფლის მიერ. 1801 წ. თვით დარეჯანი წერდა. ,,ქოლაგირის დიდი ციხე და გალავანი ავაშენე“.. შემონახულია წინასწარ შედგენილი პროექტი, რომლის მიხედვითაც აშენდა ეს ციხე. ციხის გეგმა კვადრატულია და 2000 კვ. მ. ფართობი უკავია. ნაგებია დაუმუშავებელი შერჩეული ქვით. აგური გამოყენებულია სალოდეებისათვის და შესასვლელი კოშკების დეკორატიული დამუშავებისათვის. 6 მ სიმაღლის კედელი ქვემოთ უფრო სქელია, ზემოთ კი - თხელია. ე. წ. „საბრძოლო ბილიკი“ გარს შემოუყვება მთელ ციხეს კოშკების მეორე სართულის დონეზე.
წმ. ნიკოლოზის ეკლესია (კარის - ორბელიანის)
ეკლესია (კახეთი - ბოლნისის რაიონი)
ტანძიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – დარბაზული ეკლესია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში, მდებარეობს სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში და წარმოადგენს ორბელიანების კარის ეკლესიას. აგებულია 1683 წელს სულხან-საბა ორბელიანის მამის ვახტანგის მიერ, რომელიც იყო ვახტანგ V შაჰნავაზის მდივანბეგი ანუ მოსამართლეთუხუცესი.[1] ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთით (მოქმედი) და სამხრეთით (გაუქმებული). აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე და დასავლეთის ფასადზე კარებს ზემოთ თითო დიდი რელიეფური ჯვარია გამოსახული. ორი სარკმელია სამხრეთის კედელშიც.
წუღრუღაშენის ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
წუღრუღაშენის ტაძარი მრავალი საუკუნის განმავლობაში უკაცრიელი იყო და უკაცრიელობის პერიოდში დაზიანებულა გადახურვა და გუმბათი მთლიანად და ტაძრის ზოგიერთი დეტალი. ადრეულ ისტორიულ წყაროებში ძეგლზე ცნობები არ მოიპოვება. რაც ვიცით მხოლოდ ტაძარზე არსებული წარწერების წყალობით. ძეგლზე სამი წარწერაა. პირველი წარწერიდან, რომელიც დასავლეთ კარის მარჯვნივ არის, ვიგებთ რომ ტაძარი „დიდისა გიორგი მეფეთ მეფის“ (ტაძრის სტილისტურმა ანალიზმა გვიჩვენა რომ აღნიშნული მეფე ლაშა–გიორგი უნდა ყოფილიყო) მეფობის ხანაში აუგია ვინმე ჰასან არსენის ძეს. მეორე წარწერა, სამხრეთი კარის თავზე თითქმის იგივე ცნობებს შეიცავს. მესამე დაუმთავრებელი წარწერა კი დასავლეთის კარის თავზეა ამოკვეთილი.
ჭაპალას ციხე
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე ქვემო ქართლში, მდინარე მაშავერისა და ფოლადაურის შესაყარის მარჯვენივ 2-3 კმ-ზე. აგებულია გაშლილ მინდორზე მდებარე დიდი კლდოვანი ბორცვის თხემზე. წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან და იგი ამ პერიოდში სოლოღაშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობის ნაშთები, წყლის საცავები. ერთ-ერთ კოშკში გაითხარა აბანო, რომელიც შედგებოდა რვაკუთხა თბილი და ცხელი განყოფილებისაგან, საცეცხლფარეშოსაგან და აუზისაგან. აბანოს შიგნით და გარეთ აღმოჩნდა სხვადასხვა ფერის სარკმლის მინის ნატეხები, მოჭიქული შორენკეცები; სადა კერამიკული ნატეხები და ერთი მოჭიქული ჭურჭელი არაბული წარწერით. მასალა თარიღდება XI-XIII სს-ით და ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.