Rustavi (Page 5/10)
Kliki Jvari (Cross) Church
Church (Shida Kartli - Gori district)
კლიკის ჯვრის ეკლესია არის სამეკლესიიანი ბაზილიკა (10,5X10 მ), ნაგები ნატეხი ქვით, კონსტრუქციის ნაწილები (ტრომპები, პილასტრები, კონქი, თაღები, კარისა და სარკმლის წირთხლები და შუა ეკლესიის გარე კუთხეები) - შირიმის ქვის კარგად დამუშავებული კვადრებით. ნაგებობა დაზიანებულია: არ არის შემორჩენილი შუა ეკლესიის გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი, საბჯენი თაღები, ჩრდილოეთისა და სამხრეთ ეკლესიის კედლები შემორჩენილია 1-2 მეტრის სიმაღლეზე. ნაგებობა შედგება შუა ეკლესიისა და მის სამხრეთით და ჩრდილოეთით, მთელ სიგრძეზე მოგვიანებით მიშენებული ორი უფრო დაბალი ეკლესიისაგან.
Kulbiti St.Mary's Church
Church (Shida Kartli - Gori district)
ეკლესიას არა აქვს დამათარიღებელი წარწერა. მის იატაკში ორი საფლავია- ლუარსაბ და დიმიტრი ჩერქეზიშვილებისა. ისინი, როგორც ეტყობა ძმები იყვნენ ორივე იორამის ძედ მოიხსენიება, მათი დედა კი ამილარბარ-სახლთუხუცესის ასულად. თოთხმეტი წლის ლუარსაბის საფლავის ქორონიკონი (უპბ) 1794 წელს იძლევა, დიმიტრისა - 1818 წელს. ამ ცნობების მიხედვით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეკლესია აშენდა 1794 წლამდე. სხვა წერილობითი მასალა არ მოგვეპოვება.
Kvakhvreli Caves Complex
Church (Shida Kartli - Gori district)
თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ანტიკურ ხანაში იგი უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო, გარეუბანი იყო. ისტორიულ წყაროებში ქვახვრელი პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, ფეოდალური საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში. ქვახვრელი მნიშვნელოვანი დასახლება ყოფილა. ძველი სოფელი ნაწილობრივ გადაფარულია თანამედროვე დასახლებით. XVIII საუკუნეში ქვახვრელის მიდამოებში სომეხთა მიგრაცია დაიწყო, რაც მოწმობს გამოქვაბულის კედლებზე 17 ხაჩკარის ამოკვეთა მათ მიერ.
Kvirsatskhoveli Church of Didi Mejvriskhevi
Church (Shida Kartli - Gori district)
ეკლესია დარბაზულია (5X3,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციული ნაწილები შირიმისაა. ძლიერ დაზიანებულია. შესასვლელი სამხრეთის კედელშია (მისი ზედა ნაწილი ჩამონგრეულია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი სატრიუმფო თაღით. საბჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ კედლის ცენტრში სწორკუთხა ნიშია. დასავლეთ ფასადის ფრონტონში მთლიანი შირიმის ქვისგან გამოკვეთილი ჯვარია.
Nadarbazevi St.George's Church
Church (Shida Kartli - Gori district)
წმ. გიორგის ეკლესია თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (11,75X6 მ) ნაგებია ძირითადად მოყვითალო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის მოზრდილი პირმოსწორებული ქვებით. ნაგებობის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში სწორკუთხა შესასვლელია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ შვერილ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელი (ამოქოლილია) და ერთი სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას, საკურთხევლის წინ - ხის კანკელი. თითო სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა.
Nikozi Deity church
Church (Shida Kartli - Gori district)
ნიქოზი დაარსა ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნე) წარმართული სალოცავის ადგილზე, სადაც დაკრძალული იყო სპარსელებისაგან წამებული რაჟდენი. აქვე, მემატიანე ჯუანშერის ცნობით, მანვე ააგო ეკლესია, რომელიც დღემდე არ შემონახულა. ეკლესია რამდენჯერმე ისეა გადაკეთებული, რომ სამშენებლო ფენების დადგენა გაძნელებულია. ეკლესიაზე სარემონტო სამუშაო 1888-1896 წლებშიც ჩატარდა. ეს საქმე სხვებთან ერთად გიორგი საძაგლიშვილმა (მომავალში კათალიკოს-პატრიარქი კირიონი) ითავა. ამ დროს დაუშლიათ ეკლესიის დასავლეთ კარის წინ არსებული პორტიკი და განუახლებიათ ეკლესიის სარკმელთა საპირეები. პირველი ნიქოზელი ეპისკოპოსი ზაქარია უნდა ყოფილიყო, რომლის მოსახსენებელი ასომთავრული წარწერა ეკლესიის აღმოსავლეთ კედელში, სარკმლის თავზეა მოთავსებული.
Olozi St.George Church
Church (Shida Kartli - Gori district)
ოლოზის წმ. გიორგის ეკლესია (დაუთარიღებელია) დარბაზულია (6,2X4,2), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია შირიმისა და მოზრდილი ქვებიც. ძლირე დაზიანებულია. ჩანგრეულია კამარა, კონქი და კედლების ზედა ნაწილები. შიგნიდან არქიტრავიანი, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე მხრებით. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ღრმა, თაღოვანი ნიშებია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრია. სახურავი კრამიტისა იყო.