კატეგორია - ხიდი (გვერდი 2/2)
ხოვლეს აკვედუკი (ბელღარი)
ხიდი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
სოფ. ხოვლედან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კმ-ზე, მდ. ხეხმელას მარჯვენა შენაკადის ზესხევის წყლის შუაწელზე აგებულია აკვედუკი ანუ ბელღარი. ადგილობრივი მოსახლეობა მას „ქვახიდას“ უწოდებს. ბელღარი (სიგრძე 30 მ, სიგანე 1,1 მ, სიმაღლე 9 მ) თავად ჯავახიშვილების სასახლის წყალმომარაგების სისტემის მთავარი ნაგებობაა. იგი აგებულია ფილაქვით დუღაბზე. შუა მალი ბურჯებზე დაყრდნობილ შეისრულ თაღს წარმოადგენს. მის ქვეშ ხევის წყალი გადიოდა. გვერდითი მალები არაწესიერი ნახევარწრის ფორმის თაღებია. აკვედუკის ზედაპირზე წყალსადენის კერამიკული მილები ეწყო, ხოლო თავსა და ბოლოში წყლის სალექარი ქვევრებია ჩაფლული მიწაში. ბელღარი თარიღდება XVII-XVIII სს-ით (ბაგრატიონი 1992: 51-53).
ჯაჭვის ხიდი
ხიდი (იმერეთი - ქუთაისი)
ჯაჭვის ხიდი უძველესია ქუთაისის ხიდებს შორის. აქ არის აღმოჩენილი V საუკუნის ხიდის ნაშთი. დღევანდელი ხიდის ძირითადი საყრდენები 1770-იანი წლებისაა, მათზე თავდაპირველად ხის ხიდი ააგეს, რომელიც არქიელის ხიდად იწოდებოდა. 1850-იან წლებში ჯაჭვებზე დაკიდებული ხის ფერმის აგების შემდეგ ხიდს დღევანდელი სახელი შეერქვა. 1869 წელს ფურგონების გადასვლისას ხიდი ჩაწყდა, იგი 1884-85 წლებში ქალაქის ხარჯით აღადგინეს. ინგლისში, გარნერის მიერ დამზადებული ლითონის ფერმა ინჟ. გ. ზალსკიმ დაამონტაჟა (ახალი ხიდი სამეფო ხიდადაც იწოდებოდა). ახლანდელი ხიდი 1995 წელსაა აღდგენილი.