კატეგორია - ტბა (გვერდი 5/13)
კახისის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
კახისის ტბა — ტბა თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარეების ჭობისხევისა და დვირულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფ შტოქედზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1752 მ. ფართობი 0,05 კმ², უდიდესი სიღრმე 10 მ. ტბის ქვაბული წარმოქმნილია სუფოზიის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა სადინარით. ტბის მიდამოებში ნაძვნარია.
კუს ტბა
ტბა (თბილისი - თბილისი)
კუს ტბა, ქორქის ტბა — ტბა თბილისში, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ2, აუზის ფართობი 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,7 მ. ტბის სიგრძე 180 მ-ია, ხოლო სიგანე 50 მ. მოთავსებულია მცირე ტაფობში. წარმოქმნილია ეგზოტექტონიკური (ძირითადად ქანების მეწყრული დაცოცების) შედეგად. ტბაში გადაგდებულია ვარაზისხევის წყალი. გარდა ამისა კუს ტბა იკვებება წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. თევზით ღარიბია. კუს ტბა და მისი მიდამოები კეთილმოწყობილია. ხშირად იმართება სპორტული ღონისძიებები. ტბაზე მიყვანილია ბაგირგზა.
ლევანის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქის რაიონი)
ლევანის ტბა — გაუდინარი მყინვარული ტბა ჯავახეთში, სამსარის ქედზე. წყლის სარკის ფართობი 0,06 კმ2, აუზის ფართობი 1,38 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,8 მ. მოცულობა 0,12 მლნ. მ3. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწიწსქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს ზაფხულზე, დაბალი — ზამთარში. წყალი სუსტად მინერალიზებული, სუფთა და გამჭვირვალეა.
ლისის ტბა
ტბა (თბილისი - თბილისი)
ტბა თბილისის ქვაბულში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით. ზედაპირის ფართობია 0,47 კმ², აუზის ფართობი — 16 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 4 მ, მოცულობა — 1,22 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი — შემოდგომაზე. ზაფხულში წყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა — 28 °C. ზამთრობით ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. წყალი მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). ტბაში მოშენებულია თევზი. საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.
ლოპოტის ტბა
ტბა (კახეთი - ყვარლის რაიონი)
ლოპოტა — მდინარე ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, ალაზნის მარცხენა შენაკადი. იწყება კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, 2560 მ სიმაღლეზე. სიგრძე 33 კმ, აუზის ფართობი 263 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარსა და ზაფხულში. წყალმოვარდნები ზოგჯერ ღვარცოფულია. საშუალო წლიური ხარჯი 6,58 მ³/წმ. ლოპოტის წყალი გამოიყენება სარწყავად.
მადათაფის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდის რაიონი)
მადათაფა — ტბა ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2108 მ. სარკის ფართობი 8,78 კმ², აუზის ფართობი 136 კმ², უდიდესი სიღრმე 1,7 მ, წყლის მოცულობა 9,7 მლნ მ³. ქვაბული წარმოქმნილია ლავის ნაკადით ხეობის გადაკეტვის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დონე მაღალია გაზაფხულზე, დაბალია ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე მადათაფა. აქვს მიწისქვეშა განადენიც, რის გამოც დონე მკვეთრად ირყევა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 17-18°C, ზამთრობით თითქმის ფსკერამდე იყინება. წყალი სუსტად მინერალიზებულია. ტბას მცირე სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. ტბაში თევზი არ არის. ზაფხულობით მრავლადაა წყლის ფრინველი. ტბიდან სათავეს იღებს მდინარე ბუღდაშენი, რომელიც ქ. ნინოწმინდის შესასვლელთან მდინარე ფარავანს უერთდება. ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ეფრემოვკა, ჟდანოვაკანი და სამება.