კატეგორია - მონასტერი (გვერდი 2/7)
გუდარეხის მონასტერი
მონასტერი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
გუდარეხის მიდამოებში აღმოჩენილია ძეგლი — სამოსახლო, რომელიც შედგება 2 ნაწილისაგან: თლილი ქვით ნაგები ბურჯებიანი მაღალი ზღუდით შემოფარგლული სამონასტრო კომპლექსისაგან და ზღუდის ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნასოფლარისაგან. 1938—1939 გაითხარა (ხელმძღვანელი ლ. მუსხელიშვილი) სამონასტრო კომპლექსი. გამოვლინდა ნაგებობათა 2 ქრონოლოგიური ჯგუფი: სასახლე, სენაკები, მარანი, პილასტრებიანი ნაგებობა, საჯინიბო, ჩუქურთმიანი შენობის კომპლექსი (XII-XIII სს.) და მინაშენები პილასტრებიანი შენობის ჩრდილო-დასავლეთით და სხვა (XVI—XVII სს.). ორ ჯგუფად იყოფა განათხარი კერამიკაც. კერამიკის წარმოების ნაშთებისა და ნახევარფაბრიკატების აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ გუდარეხში საკუთარი კერამიკული წარმოება იყო. აღმოჩენილია 18 ქართული (გიორგი III-ის, თამარის, რუსუდანის, ლაშა გიორგის) და 1 მონღოლური მონეტა, რაც მიუთითებს გუდარეხის ინტენსიურ ცხოვრებაზე XIII საუკუნეში.
დავათის დედაღვთისმშობლის კომპლექსი
მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
1980-იან წლებში დაწყებული რესტავრაცია ცნობილი მიზეზების გამო შეწყდა 1990 წელს. სამუშაოები განახლდა 2005 წლიდან. ამჟამად რესტავრაცია დასრულებულია და მიმდინარეობს ბერების საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ეკლესიის კედელში 1980-იანი წლების დასაწყისში არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მიკვლეულ იქნა სტელა, რომელზეც ამოკვეთილი წარწერა ქართული ანბანის ერთერთ უძველეს ნიმუშად არის მიჩნეული (დაახლოებით IV ს). იგი ამჟამად მოთავსებულია ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.
დავით გარეჯის მონასტერი
მონასტერი (კახეთი - საგარეჯოს რაიონი)
კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.
დოდოსრქა
მონასტერი (კახეთი - საგარეჯოს რაიონი)
დოდოს რქა — მონასტერი, ფეოდალური სენიორია, ძველ საქართველოში; ქართული ხუროთმოძრვრების მნიშვნელოვანი ძეგლი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. VI საუკუნის I ნახევარში დააარსა დავით გარეჯელის ერთ-ერთმა მოწაფემ დოდომ. დოდო, ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების ცნობით, დავით გარეჯელის უახლოესი მოწაფე და თანამშრომელი, კახეთის მკვიდრი, გვარად ანდრონიკაშვილი იყო, რომელიც ბერად შედგომის შემდეგ გარეჯელ მამებს შეუერთდა.
ელია თეზბიტელის მონასტერი
მონასტერი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
წმ. ელიას ტაძარი 2006 წელს აშენდა ძველი ტაძრის ნაშთებზე. არქეოლოგიური გათხრები აქ ეკლესიის არსებობას ჯერ კიდევ VI საუკუნეში ადასტურებს. ალექსანდრე დიუმას (მამა), რომელმაც აქ 1859 წელს იმოგზაურა, მოსახლეობისგან ერთი საინტერესო ლეგენდა ჩაუწერია, რომლის მიხედვითაც, აქ წმინდა ელიასთვის ყორანს მოქონდა საჭმელი და სწორედ ამ ადგილიდან ამაღლდა ზეცას, მას შემდეგ, რაც თავისი მოსასხამი მის მოწაფეს, ელისეს დაუტოვა. ელიაობა ქიზიყელების ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, ის 2 აგვისტოს აღინიშნება და მთის კალთებზე უამრავი ადამიანი იყრის თავს.
ერთაწმინდის (წმ. ესტატეს) ტაძარი
მონასტერი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
ტაძრის სახელწოდება ’’ერთაწმინდა’’ დაკავშირებულია ქრისტიანული ეკლესიის მრავალმოწამე წმ. ესტატესთან, რომლის სახელზეცაა იგი ნაკურთხი. ’’ესტატე წმინდა’’ დროთა განმავლობაში ხალხის გამოთქმაში ქცეულა ’’ერთაწმინდად’’ და სოფელსაც, როგორც პლ. იოსელიანი ფიქრობს, იგივე სახელწოდება უძველესი დროიდანვე მიუღია. ამის დამამტკიცებელი უნდა იყოს უთუოდ აღნიშნული ძველი სახელწოდების მიახლოებული რედაქცია ’’ესტაწმინდა’’ - რომელიც გვხვდება ერთაწმინდასთან დაკავშირებულ ძველ ისტორიულ საბუთებში.
ზარზმის მონასტერი
მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ადიგენის რაიონი)
ზარზმის მონასტერი დაარსა, ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწემ სერაპიონ ზარზმელმა, წარმოშობით კლარჯმა, რომლის ცხოვრებაც აღწერა მწერალმა და საეკლესიო მოღვაწემ ბასილ ზარზმელმა ცნობილ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში ”ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ ღმერთ - შემოსილისა და ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი”. ზარზმის მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები: გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.
ზედაზნის კომპლექსი
მონასტერი (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი)
ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ილია დიაკონი, ყოველდღე შორიდან ეზიდებოდა წყალს. ამის შემხვედვარე წმინდა იოანემ (ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი) უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა და მართლაც, ისმინა უფალმა მისი ვედრება და მთის მწვერვალზე მკურნალი წყარო აღმოცენდა. ამ წყაროს დათვი შეეჩვია. წმინდა იოანეს ლოცვით მხეცი მოთვინიერდა და ამის შემდეგ, ზედაზნის ტყის ბინადარი მტაცებლები ადამიანებს არაფერს არ უშავებდნენ.
ზემო ხოდაშენის მონასტერი
მონასტერი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ზემო ხოდაშენის მონასტერი დაარსებულია XVI საუკუნეში, კახთა მეფე ლევანის (1520–4 წწ) და მისი ძის ალექსანდრე II (574–1605 წწ) მიერ. ხარების ეკლესიის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილი წარწერის მიხედვით ბერაანთ ციხე (მარანი კოშკით) და ეკლესიის დასავლეთის მინაშენი თარიღდება 1760–1784 წლებით. ბერაანთ ციხე აუშენებია ვინმე კოზმანბერს, რომელიც ჩამოსულა “მთაწმინდით ფილოთეოსის მონასტრიდამ ხარებისეკლესიის სოფელ სახოდაშენს ეკლესიასა, რომელიც შეწირულ არს ნეტარად ხსენებული სამეფესა ალექსანდრესა განმამული და ყმა ეკლესიისა”