სამცხე-ჯავახეთის რეგიონი (გვერდი 2/10)
გიორგიწმინდის ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
VIII-IX საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია სოფელ თმოგვის მახლობლად (ასპინძის მუნიციპალიტეტი), ნასოფლარ გიორგიწმინდაში. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. გარედან კედლები შემოსილია კარგად გათლილი ქვის, თანაბარი ზომის კვადრებით; შიგნით ასეთივე წყობითაა ამოყვანილი კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები. დანარჩენი კედლები უხეშად გათლილი ქვითაა ნაგები. ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. გრძივი კედლები ორ-ორი კედლის თაღითაა დანაწევრებული. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია, ამ მხრიდანვე ეკლესიას მთელ სიგრძეზე გასდევს სტოა. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ფერდზე შემორჩენილია ქვასვეტის (სტელის) უხეშად თლილი ბაზისი. ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი)
ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია თავდაპირველად ეკლესია გუმბათიანი იყო. შემდეგ დროთა განმავლობაში, მისი გუმბათი და კამარები ჩამოიქცა, 1561–64 წლებში შენობა უგუმბათოდ აღადგინეს. ამის გამო იგი სამნავიან ბაზილიკად იქცა და ამ ძეგლს ამჟამად შეცვლილი სახე აქვს.
ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი)
ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია თავდაპირველად ეკლესია გუმბათიანი იყო. შემდეგ დროთა განმავლობაში, მისი გუმბათი და კამარები ჩამოიქცა, 1561–64 წლებში შენობა უგუმბათოდ აღადგინეს. ამის გამო იგი სამნავიან ბაზილიკად იქცა და ამ ძეგლს ამჟამად შეცვლილი სახე აქვს. ვალეს ღვთისმშობლის ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე შეკეთებულია მარჯვენა ფრთის ზემო ნაწილი და სარკმლები ცოტა გაგანიერებულია. ამ ფასადზე სამი სარკმელია, სამივეს საინტერესო მორთულობა აქვს. განაპირა სარკმლების თავზე რელიეფური ჯვრები და ჩუქურთმის არშიებია, მთავარი სარკმლის ზემოთ კი – სამი ფიგურისაგან შედგენილი რელიეფური ჯგუფი, რომელსაც აგრეთვე ჩუქურთმის არშია ფარგლავს. შუა ფიგურა – ღვთისმშობელია, მარცხნივ – ქალია, რომელიც ღვთისმშობელს ავედრებს თავს (ასომთავრული წარწერა: "წმინდაო ღმრთისმშობელო, კ რ ა ვ ი შეიწყალე". კრავი ქალის სახელია), მარჯვნივ – გაბრიელ მთავარანგელოზი. დასავლეთის ფასადზე ზემო ნაწილი (სარკმლიანად) გადაკეთებულის კვალს ატარებს, მაგრამ შესასვლელი კი ძველია დარჩენილი. მისი მდიდარი მორთულობა X საუკუნის ხელოვნების დიდად მნიშვნელოვანი ნიმუშია: შესასვლელის თავზე უზარმაზარი სწორკუთხა ქვაა, რომელზედაც ერთმანეთისკენ მიმართული ორი მხედარია გამოქანდაკებული (ალბათ წმ. გიორგი და წმ. დიმიტრი). ამ ქვის ზემოთ ჩუქურთმის კონცენტრული არშიებია, შესასვლელის საერთო ჩარჩო – კედლის სვეტებზე დაბჯენილი მოჩუქურთმებული თაღია. მთელი ეს რთული, მრავალფეროვანი მორთულობა, თავისი საერთო სახით, ცალკეულ ნაწილთა ურთიერთშეფარდებით, ჩუქურთმის სახეთა და ქანდაკების შერჩევით, ოსტატურადაა მოფიქრებული ხუროთმოძღვრების მიერ. მაღალია შესრულების ხარისხიც. სამხრეთის შესასვლელი დასავლეთისაზე უფრო ფართეა, (ეს მთავარი შესასვლელი იყო), მგრამ უფრო მარტივადაა მორთული. ტიმპანში აქაც ფიგურებია (ძლიერ რელიეფური): მარჯვნივ – ქრისტე, მარცხნივ კი როგორც ჩანს, ეკლესიის მშენებელი ეკლესიის მოდელით ხელში. ამას გარდა კუთხეებში პეტრე და პავლე მოციქულთა პატარა ფიგურებიცაა. ტიმპანის მთელი მარცხენა ნაწილი, წარწერიანად გადარეცხილია. მარჯვენა ნახევარსვეტის კაპიტელის წარწერაშიც მხოლოდ ცალკეული ასოებისა და სიტყვების გარკვევა შეიძლება, მთლიანი აზრისა კი – არა. ფასადის ზემო ნაწილები, განსაკუთებით შუაში, გადაკეთებულია. წინათ, როცა შენობა გუმბათიანი იყო, შუა ნაწილი აქ ამაღლებული და ორფერდა სახურავით იყო გადახურული. ასევე იყო ჩრდილოეთის მხრივაც. ამის გამო, შენობის ძირითადი ფორმები სივრცეში ჯვარს ქმნიდნენ. სამხრეთის ფასადის ზემო (გადაკეთებულ) ნაწილებში ძველი ქანდაკებებია ჩასმული (ორი ქალის ფიგურა, მხედარი წმინდანები). მაგრამ ეს მათი თავდაპირველი ადგილი არაა. ჩრდილოეთის ფასადზე კედლის წყობის ქვემო ნაწილი (შესასვლელითა და მისი მორთულობით) ხელუხლებელია, სარკმელი კი განახლებულია. შენობის კარნიზები ერთიანად ძველი ნაწილებისაგან შედგება. ის ჩუქურთმა, რომელიც სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარნიზებს ამკობს (ფოთლის თავისებური სახეა), ძალიან გავრცელებული იყო X საუკუნეში და XI საუკუნის პირველ ნახევარში, შემდეგ კი გამოვიდა ხმარებიდან. შენობის მორთულობაში საყურადღებოა აგრეთვე კარნიზის კუთხის ქვები, რომლებზედაც სხვადასხვა რელიეფია გამოსახული. ტაძრის შიგნით ორი ბოძი სივრცეს სამ ნაწილად ჰყოფს. შუა ნაწილი (ნავი) ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე გვერდის ნავები. წინათ გუმბათი ამ ბოძებსა და საკურთხევლის კედლის შვერილ კუთხეებს ეყრდნობოდა. ადვილი შესამჩნევია, რომ ბოძები შეკეთებულია. ბოძები არათანაბარი ზომისაა, დაღრეცილი. შეცვლილია მათზე დაბჯენილი თაღებიც. ეს ყველაფერი XVI საუკუნის რეკონსტრუქციის შედეგია. სამხრეთის ბოძზე ამოკვეთილია ძალიან დიდი წარწერა სამ სვეტად (სულ 45 სტრიქონია). ეს ასომთავრული წარწერა მოგვითხრობს ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლის დედისიმედის მიერ ძეგლის შეკეთების ამბავს. ამ წარწერაში მოხსენებული არიან სხვა წყაროებიდანაც ცნობილი პირები: დედისიმედის პაპა კონსტანტინე – ქართლის მეფე იყო. წარწერა (მაშასადამე, ეკლესიის მეორედ აშენებაც) 1561–64 წწ. მიეკუთვნება.
ვანის ქვაბები
ისტორიული ძეგლი (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი (VIII ს.) მდებარეობს ასპინძიდან 27 კმ-ში სოფ. თმოგვის სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1386 მ. კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი 16 სართულს აერთიანებს.
ვარძიის კომპლექსი
ისტორიული ძეგლი (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
ვარძია “... საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება…”-ასე წერდა ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე, XVI საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ თავისი ნაწარმოების "ახსან-ათ-თავარიხის” (“უმშვენიერესი ისტორიათაგანი”) ფურცლებზე. დადგენილია, რომ ხეობა მტკვრის ორივე მხარეს მჭიდროდ იყო დასახლებული უკვე ენეოლითის ხანაში, არქეოლოგიური სამუშაოების დროს ტერასებზე და ბორცვებზე მიკვლეულია პირველყოფილი თემური საზოგადოების ენეოლით – ბრინჯაოს და გვიან – ბრინჯაოს ეპოქათა ძეგლები, მათ შორის ყორღანული სამარხები. ამ ტიპის ძეგლების შესწავლამ გამოავლინა თრიალეთის კულტურის გავრცელების არეები. “ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი ცნობებია, რომ მონასტრის შენება მეფე გიორგი III დროს დაწყებულა და შემდგომ თამარის მეფობის დროს დასრულდა.