მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (გვერდი 3/17)
ახატანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
იოანე ნათლისმცემლის ეკლესია გეგმით ოდნავ მოგრძო სწორკუთხედია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდითაა დასრულებული (10.7X6 მ). ნაგებია დაუმუშავებელი ქვიშაქვითა და ქართული კვადრატული აგურით. კედლები ძირითადად ქვიშაქვისაა. კონქი, კამარა, თაღები და ლავგარდანი აგურითაა ნაწყობი. შესასვლელები სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა – ნავის შუაში. ორივე კარი დასრულებულია ნახევარწრიული ტიმპანით.ჩრდილოეთ შესასვლელის წინ ორფერდა სახურავიანი, შიგნიდან ნახევრადწრიული კამარით გადახურული პატარა კარიბჭეა. აღმოსავლეთ აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხოვანი ნიშია.
ბაგინეთი (არმაზციხე)
ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
ამ ტერიტორიაზე მდებარეობს რამოდენიმე ისტორიული ძეგლი: არმაზციხე (ბაგინეთი), არმაზის ციხე, არმაზისხევი და არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია. ეს ერთნაირი დასახელებები ხშირად იწვევს ხალხში ამ ძეგლების სახელწოდებების ერთმანეთში არევას. ამ მიზეზის გამო აქვე მოვახდენთ ამ ძეგლების გამინჯვას: მდინარე არმაზისხევის ხეობაში, მდებარეობს ორი ძეგლი: ღვთისმშობლის მონასტერი და არმაზის ციხე. ისინი ერთმანეთისაგან ერთი კილომეტრით არიან დაშორებული. არმაზისხევი მდებარეობს მდინარეების არმაზისხევის და მტკვრის შესართავთან. ადრე აქ იყო პიტიახშთა რეზიდენცია. ახლა აქ საველე მუზეუმია შექმნილი. ბაგინეთი იგივე არმაზციხე (არა არმაზის ციხე), მდებარეობს უფრო აღმოსავლეთით ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლები. ამ ადგილას არმაზის კერპი იყო აღმართული.
ბაზალეთის ტბა
ტბა (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ტბა გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო წყალმცენარეები, რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.
ბალებიანის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ბალებიანი ეკლესია (4,55X3 მ) განეკუთვნებოდა XII-XIII საუკუნეებს. ნაგები იყო ნატეხი ქვითა და დუღაბით. თითქმის მთლიანად იყო დანგრეული. შემორჩენილი კედლის სიმაღლე 2 მეტრს არ აღემატებოდა. აღმოსავლეთით შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდი ორი საფეხურით იყო შემაღლებული. აფსიდში ორი სწორკუთხა ნიში იყო მოწყობილი. ეკლესიის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებს მაღალი საფეხური გასდევდა. ეკლესია გადახურული იყო ფიქლით.
ბებრის ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
ციხე აგებულია ადრინდელ ფეოდალურ ხანაში. ბებრისციხე ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენიებულია ლაშა გიორგის დროინდელ მემატიანესთან: “დემეტრე მეფე ბებრის ციხეს მიიცვალა და გელათს წაიყვანეს მისგანვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა”. ეს მოხდა 1156 წელს. ვახუშტი ბაგრატიონი მას ბელტის ციხედ მოიხსენიებს.
ბეგოთკარის კომპლექსი
ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (8,5X6,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შეკეთებულია, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, მთელ სიგრძეზე, მიშენებულია თითო განიერი და მაღალი კონტრფორსი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა და ნახევარწრიული ქვის ტიმპანი აქვს. მეორე კარი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. იგი კონტრფორსების მიშნებისას გაუუქმებიათ. აღმოსავლეთით, სწორკუთხა საკურთხეველში, მოზრდილი თაღოვანი, შიგნითკენ შევიწროებული სარკმელია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელში, კარის თავზე. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო მცირე ნიშია. კანკელი ხისაა, იგი თბილისელი მხატვრის დ. გეგელიძის მიერ არის მოხატული
ბეთლემის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
ქართველების წინაპრების მაღალი სულიერების დადასტურებაა მყინვარწვერის კალთაზე მდებარე მეუდაბნოე განდეგილ მამათა სამოღვაწეო ქვაბულები, რომელთა სახელწოდებები: ნაბერალი, ბერების აბანო, ბეთლემი - დღემდე შემორჩა. ბეთლემის შესახებ გადმოცემა წმინდა ილია მართალმა თავის ერთ-ერთ პოემას „განდეგილს“ დაუდო საფუძვლად. არსებობს უწყება, რომ ბეთლემის გამოქვაბულში მოსეს კარავი და მაცხოვრის აკვანი ინახებოდა. იქ წმიდა და ღმერთშემოსილი მამები VI საუკუნიდან აღასრულებდნენ ბერულ ღვაწლს. ბეთლემი მსოფლიოში არსებულ მართლმადიდებელ ტაძართა შორის ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ ადგილას, 4100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ბზიანის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (10,25 X 7,75 მ). შესასვლელი ორი ჰქონია, ჩრდილოეთით და დასავლეთით (დასავლეთისა ამოქოლილია). ორივე კარი თაღოვანი იყო. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია. ასეთივე სარკმელია სამხრეთ კედელში. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა საბჯენი თაღები. პილასტრებს თაროს დახრილი სიბრტყისა და ლილვისგან შედგენილი შირიმის კაპიტელები აქვთ.
ბოდორნას ეკლესია
მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, დუშეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით 5 კმ-ში, მთაზე.
ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთი ფასადის წარწერის მიხედვით, ადრე ამ ადგილას მდგარი დანგრეული ეკლესია, 1417 წელს არაგვის ერისთავის შვილს მიტროფანეს და სახლთუხუცეს ქაიყუბათ კობიაშვილს განუახლებიათ. მოგვიანებით, XVI-II საუკუნის შუა ხანებში, ქაიყუბათის შვილმა ეკლესიისთვის სამხრეთიდან მცირე სამლოცველო მიუშენა, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს. 1912 წელს ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთეს.