ფოთი (გვერდი 1/2)
ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების სახ. ეკლესია
ეკლესია (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიის რაიონი)
ტაძარი დაბა მესტიის ძველ უბანში, ლაღამში მდებარეობს. ორსართულიანი ბაზილიკის პირველი სართული დიდ მოწამე ქალწულის ბარბარეს (ბარბლაშ) სახელობისაა და მე - IX საუკუნით თარიღდება. მასში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები. გამოკვეთილად ჩანს მხატვრობის ორი შრე. მეორე სართული XIII-XIV საუკუნეებშია დაშენებული და მორთულია ლამაზი ფრესკული მხატვრობით. ტაძრის გარეთა კედელზე მკაფიოდ შეინიშნება მხატვრობა. ჩრდილო ფასადზე გამოსახულია “ადამისა და ევას განდევნა სამოთხიდან”, ხოლო აღმოსავლეთით “წმ. ევსტაფეს ნადირობა”. ტაძარში დაცულია XIII საუკუნის მაცხოვრის (პანტოკრატორი) ოქროვერცხლის ჭედური ხატი.
მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
მუზეუმი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიის რაიონი)
მუზეუმის I სართულზე, სვანურ მაჩუბში ექსპონირებულია ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის (1932-1969 წ.წ.) პირადი ნივთები – სვანური ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალა - ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები, სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ხატები, სამი დარბაზი ეთმობა ქართული ალპინისტური სკოლის განვითარების ისტორიას, მ. ხერგიანის მოგზაურობებს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში, ფოტოებს, ჯილდოებს, საჩუქრებს, მათ შორისაა: ფერწერული ტილოები, წიგნები, დოკუმენტური ფილმები, ვლ. ვისოცკის სიმღერის ჩანაწერი, რომელიც მან მიუძღვნა ხერგიანს, აგრეთვე უახლესი ფოტომასალა ქართველი ალპინისტების მოღწევების შესახებ
სვანეთის მუზეუმი
მუზეუმი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიის რაიონი)
მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X ს-ის მაცხოვრის ხატი, XI ს-ის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII ს-ის “ორმოცი მოწამის ხატი” და “ჯვარცმის ხატი”, ღვთისმშობლის IX-X სს-ის ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები - IX-XIV სს-ის სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI-XIII სს-ის ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.
სიყვარულის კოშკი
ციხე-კოშკი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიის რაიონი)
ლეგენდა: ოდესღაც იფარში ცხოვრობდა საკმაოდ შეძლებული მშობლების ერთადერთი ასული, მიაგულ პირველი. ძალიან ლამაზი ყოფილა მიაგული. ერთ დღესაც სოფელ კალაში კვირიკობის დღესასწაულზე მზეთუნახავი შეხვედრია ამავე სოფლის მკვიდრ ოტია მარგველანს. რომელიც კარგი ვაჟკაცი და მონადირე ყოფილა. ოტიას უმალ გულში ჩავარდნია მიაგულის სიყვარული, არც მზეთუნახავი დარჩენილა გულგრილი. მალე მგზნებარედ შეჰყვარებიათ ერთმანეთი, მაგრამ მათ ურთიერთობას აბრკოლებდა ფრიად მნიშვნელოვანი რამ. ვაჟკაცს მეუღლე და ხუთი შვილი ჰყავდა. ვერ გადაუწყვეტია მიაგულს შეყვარებულის ოჯახის დანგრევა და უკანასკნელი სიტყვაც უთქვია ოტიასათვის. დამწუხრებული კალელი სანადიროდ წასულა, თავს არ ზოგავდა, ისეთ კლდეებს შესჭიდებია. ბედს უმუხთლია, ქარაფებიდან ენგურში ჩავარდნილა. ქმრის სიკვდილით სასოწარკვეთილ ცოლსაც მალე ენგურში მოუსწრაფია სიცოცხლე. ამბობენ, ოტია და მისი ცოლი კალმახებად გადაიქცნენო. გულმოკლულ მიაგულს მამისთვის უთხოვია შუა ენგურში მდგარ ლოდზე კოშკის აგება. მამასაც შეუსრულებია ერთადერთი ქალიშვილის თხოვნა. მას შემდეგ დღენიადაგ ამ კოშკში ცხოვრობდა მიაგული და თავისი ხელით აპურებდა კალმახად გადაქცეულ ოტიას და მეუღლეს. ენგურში მდგარი ლოდის ქვემოთ მიწიდან ამოდის სუფთა წყარო, იგი თვალსაჩინო ხდება ყველასთვის, როცა მდინარე იკლებს. ამბობენ კოშკიდან გადმოღვრილი მიაგულის ცრემლებიაო.
უშგულის ლამარია
ისტორიული ძეგლი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიის რაიონი)
უშგულის ლამარია — IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სვანეთში, უშგულის თემში. ეკლესია მდებარეობს სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე. ეკლესიას შემორტყმული აქვს გალავანი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სრულდება სვანური კოშკითა და ორი დამხმარე ნაგებობით. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა. დასავლეთით აქვს სტოა, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის მხირიდან აქვს. ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები, ასევე XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი.