კატეგორია - ციხე-კოშკი (გვერდი 9/12)
ქვეშის ციხე
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
ქვეშის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, მდ. მაშავერის მარცხენა სანაპიროზე (ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვეშის მახლობლად). აშენებულია ველზე ამოზიდულ, თითქმის ყოველი მხრიდან მიუვალ მაღალ კლდეზე. თავისი მდებარეობით იგი სამშვილდიდან ტაშირისა და ზურტაკეთ-ჯავახეთის მიმართულების გზებს აკონტროლებდა.
ქოლაგირის ციხე (ცურტავის ციხე)
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
ქოლაგირის ციხე, ასევე დედოფლის ციხესიმაგრე – ფეოდალური ხანის (XVIII საუკუნის დასასრული) ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქოლაგირში. მდებარეობს მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს. აქ ადგილი გაშლილია და მისადგომად ყოველ მხრიდან ერთნაირია. ქართლ-კახეთში აგებულ ამ ტიპის ციხეებიდან ქოლაგირისა ერთ-ერთი უკანასკნელთაგანია. იგი აგებულია 1788–1798 წლებში დარეჯან დედოფლის მიერ. 1801 წ. თვით დარეჯანი წერდა. ,,ქოლაგირის დიდი ციხე და გალავანი ავაშენე“.. შემონახულია წინასწარ შედგენილი პროექტი, რომლის მიხედვითაც აშენდა ეს ციხე. ციხის გეგმა კვადრატულია და 2000 კვ. მ. ფართობი უკავია. ნაგებია დაუმუშავებელი შერჩეული ქვით. აგური გამოყენებულია სალოდეებისათვის და შესასვლელი კოშკების დეკორატიული დამუშავებისათვის. 6 მ სიმაღლის კედელი ქვემოთ უფრო სქელია, ზემოთ კი - თხელია. ე. წ. „საბრძოლო ბილიკი“ გარს შემოუყვება მთელ ციხეს კოშკების მეორე სართულის დონეზე.
ქსნის ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
ქსნის ციხე აგებულია 1511-14 წწ. 1512 წელს ქართლის მეფის დავით X-ის (1505-25 წწ.) უმცროსმა ძმამ ბაგრატმა საუფლისწულოდ მუხრანი და შიდა ქართლის სადროშოს სპასპეტობა ითხოვა. სამაგიეროდ კახეთის მეფე ავგიორგისთან შებრძოლება იკისრა. დავითი დათანხმდა ძმას. ქსნის ციხე ბაგრატ მუხრანბატონმა საუფლისწულო მამულების მიღებისთანავე ააგო. როცა ავგიორგიმ ციხის აგების ამბავი გაიგო, წამოვიდა ჯარით და ციხეს ალყა შემოარტყა. ალყა სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. ავგიორგიმ ბაგრატს დაცინვით ღვინო გაუგზავნა და შეუთვალა – შენ მეფის ძე ხარ და რამდენი ხანია ღვინის გემო არ გინახავსო. ბაგრატს კი ჭაში ცოცხალი ორაგული ჰყავდა, გაუგზავნა ორაგული და თან შეუთვალა – სამი თვეა ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემიაო. აჰა, ეს ცოცხალი იგემეო. ავგიორგი დარწმუნდა, რომ ციხე უზრუნველყოფილი იყო სანოვაგით და სასმელი წყლით, ალყა მოხსნა და უკუიქცა
ყელის ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ყელის ციხე (სავარაუდოა თამარ მეფის ბრძანებით ჭიაბერ მანდატურთუხუცესისათვის ნაბოძები ციხეა ჟინვალსა და “შვიდთა მთიულეთთან” ერთად) ქალაქ ჟინვალის მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაგრე იყო. ციხიდან დასავლეთით (ქალაქისკენ) ეშვებოდა დამცავი ზღუდე, რომლის ძირში კარიბჭე იყო მოწყობილი. 1973-1989 წლებში ციხე გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურ ექსპედიციამ (ხელმძღვ. მ. მარგველაშვილი).