კატეგორია - ტბა (გვერდი 2/13)
ბაზალეთის ტბა
ტბა (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ტბა გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო წყალმცენარეები, რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.
ბარეთის ტბა
ტბა (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
ბარეთის ტბა (ბაშქოის ტბა) — ტბა წალკის მუნიციპალიტეტში, წალკის წყალსაცავის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1612 მ. ტბის ფართობი 1,24 კმ2, აუზის ფართობი 9,3 კმ2, მაქსიმალური სიღრმე 1,3 მ, საშუალო სიღრმე 0,82 მ. მდებარეობს სინკლინურ მულდაში. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. მუდმივი შენაკადი არ აქვს. მაქსიმალური დონე გაზაფხულზე, მინიმალური — ზაფხულის ბოლოს. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირიდან გაყვანილია არხი, რომელმაც მნიშვნელოვნად დაწია ტბის დონე და შეამცირა მისი ზედაპირის ფართობი.
ბატეთის ტბა
ტბა (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი)
ბატეთის ტბა — მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბატეთისწყლის ხეობაში (მდინარე ძამის აუზი). ზღვის დონიდან 1313 მ. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², აუზის ფართობი 5 კმ², უდიდესი სიღრმე 12 მ. მეწყერი რომელმაც ტბა წარმოშვა, სამხრეთიდანაა ჩამოწოლილი. ვრცელი ნაპირი არ გააჩნია. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული. ტბის სამხრეთ ნაპირი დაჭაობებულია. დეკემბრიდან მარტამდე ყინულითაა დაფარული. ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი. წითელი წიგნის მონაცემებით ტბაში კალმახიც გვხვდება.
ბუღდაშენის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდის რაიონი)
ბუღდაშენის ტბა — ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ფარავნის აუზში. ზღვის დონიდან 2040 მ. ზედაპირის ფართობი 0,39 კმ2, აუზის ფართობი 69,3 კმ, მაქსიმალური სიღრმე 0,85 მ, მოცულობა 164 600 მ3. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. მაქსიმალური დონე აქვს გაზაფხულზე, მინიმალური შემოდგომაზე. ბუღდაშენის ტბიდან გამოედინება მდინარე ბუღდაშენი (მდინარე ფარავნის მარცხენა შენაკადი). ტბის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია წლის მცენარეულობით. ტბაში არის კალმახი და სხვა თევზი. ზაფხულობით ბევრია მცურავი ფრინველი.
გირაფის ტბა, ყვარაშის ტბა
ტბა (აფხაზეთი - გულრიფშის რაიონი)
გირაფის ტბა, ყვარაშის ტბა — ტბა ჩხალთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2178 მ-ზე. ტბის ქვაბული წარმოადგენს მყინვარულ კარს. წყლის სარკის ფართობი 0,077 კმ², აუზის ფართობი 0,82 კმ², უდიდესი სიღრმე 15,6 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გამდინარეა. არის კალმახი.
გლდანის (თეთრი) ტბა
ტბა (თბილისი - თბილისი)
ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, სოფელ გლდანის მახლობლად. მდებარეობს ზღვის დონიდან 546 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,2 კმ², აუზის ფართობი 0,77 კმ². ტბის სიგრძეა დაახლოებით 900 მ, ხოლო სიგანე — 300 მ.[2] ტბა ძირითადად წვიმისა და თოვლის წყლებით და აგრეთვე მწარე მარილოვანი წყაროებით საზრდოობს.[3] მაღალი დონეა გაზაფხულზე, დაბალი — ზაფხულში. ტბა გაუდინარია.