კატეგორია - ტბა (გვერდი 8/13)
პატარა რიწის ტბა
ტბა (აფხაზეთი - გუდაუთის რაიონი)
პატარა რიწა — ტბა გაგრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1235 მ. სარკის ფართობი 0,1 კმ², წყლის მოცულობა 3,25 მლნ. მ³, მაქსიმალური სიღრმე 76 მ, წყალშემკრები აუზის ფართობი 2,95 კმ². ქვაბული გაჩენილია მთა ფშეგიშხის აღმოსავლეთ კალთის ჩამოქცევის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. დონე მაღალია მაისში, დაბალი — მარტში. ზაფხულში წყლის ტემპერატურა ზედაპირზე 18-20°C. მცირე ხნით იფარება ყინულით. ტბის წყალი მუქი ლურჯია. ტბაში არის კალმახი.
რიწის ტბა
ტბა (აფხაზეთი - გუდაუთის რაიონი)
რიწის ტბა, ასევე დიდი რიწა (აფხ. Риҵа) — ტბა, აფხაზეთში, საქართველოში, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ, სარკის ფართობი 1,49 კმ², აუზის ფართობი 154 კმ², მოცულობა 94 მლნ/მ³, მაქსიმალური სიღრმე 101 მ. ქვაბული წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსის დაგუბების შედეგად. 1946 წელს შეიქმნა რიწის დაცული ტერიტორია (16.289 ჰა) ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად. ზღვიდან ამომავალი სატრანსპორტო გზა 1936 წელს დაიგო. ტბა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო საბჭოთა პერიოდში და მის დასათვალიერებლად დღეში 1000-მდე ტურისტი ამოდიოდა. იოსებ სტალინს ტბის მიდამოებში საზაფხულო აგარაკი ჰქონდა.
სანთის ტბა
ტბა (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
სანთის ტბა — ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს წალკის წყალსაცავის ჩრდილოეთით, სოფელ სანთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1736 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,20 კმ², აუზის ფართობი 0,73 კმ². მაქსიმალური სიღრმე 4,2 მ, საშუალო სიღრმე 2,5 მ. წყლის მოცულობა 0,50 მლნ. მ³.
საღამოს ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდის რაიონი)
მდებარეობს ჯავახეთში. ზღვის დონიდან 1996 მ. სარკის ფართობი 4,8 კმ², უდიდესი სიღრმე 2.3 მ. საშ. სიღრმე 1.6 მ. წყლის მოცულობა 7,7 მლნ მ³. ტბა ტექტონიკური წარმოშობისაა. აქვს ტრაპეციის ფორმა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. მაქსიმალური დონე მაისშია, მინიმალური – სექტემბერში. ტბაზე გაედინება მდ. ფარავანი. ივლისში ზედაპირული წყლის ტემპერატურა 14,4°C. ზამთარში იყინება 4.5 თვით. ტბასთან გაშენებულია სოფ. საღამო.
ტაბაწყური
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქის რაიონი)
ტაბაწყური, ტაბისყური — ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მ. სარკის ფართობი 14,2 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 83,1 კმ², უდიდესი სიღრმე 40,2 მ, საშუალო სიღრმე 15, 5 მ, წყლის მოცულობა 221 მლნ. მ³. ტბის ქვაბული წარმოქმნილია ლავური ნაკადების შეგუბების შედეგად. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. წყლის დონე დაბალია თებერვალში, მაღალია — ივნისში. გაყინულია დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე. წყალი მტკნარია, მდიდარია თევზით. ტბის გარშემო გაშენებულია სოფლები ტაბაწყური და მოლითი. გარშემორტყმულია ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილით.