ქვემო ქართლის რეგიონი (გვერდი 3/12)
ბარეთის ტბა
ტბა (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
ბარეთის ტბა (ბაშქოის ტბა) — ტბა წალკის მუნიციპალიტეტში, წალკის წყალსაცავის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1612 მ. ტბის ფართობი 1,24 კმ2, აუზის ფართობი 9,3 კმ2, მაქსიმალური სიღრმე 1,3 მ, საშუალო სიღრმე 0,82 მ. მდებარეობს სინკლინურ მულდაში. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. მუდმივი შენაკადი არ აქვს. მაქსიმალური დონე გაზაფხულზე, მინიმალური — ზაფხულის ბოლოს. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირიდან გაყვანილია არხი, რომელმაც მნიშვნელოვნად დაწია ტბის დონე და შეამცირა მისი ზედაპირის ფართობი.
ბერდიკის ციხე (ფოლადაურის ციხე)
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
ისტორიული ციხესიმაგრე ქვემო ქართლში (თანამედროვე ბოლნისის მუნიციპალიტეტში), მდინარე ბოლნისისწყლის (ფოლადაურის) მარჯვენა მხარეს, ახლანდელი სოფელ ფოლადაურის მახლობლად, მაღალ კლდოვან მთაზე. სახელი ეწოდა ისტორიული სოფლის ბერდიკის მიხედვით. შემორჩენილია გალავანი და ორი კოშკი, რომელთაგან ერთი ოთხსართულიანია. ციხე შუადეოდალურ ხანაშია აგებული. იგი კონტროლს უწევდა ფოლადაურის ხეობით მიმავალ უმოკლეს გზას, რომელიც „მგლისკარის“ უღელტეხილით ლორეში გადადიოდა.
ბირთვისის ციხე
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
ბირთვისის ციხის აგების თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიულ წყაროებში პირველად იგი XI საუკუნეშია მოხსენებული. როგორც „მატიანე ქართლისაის“ ავტორი გვატყობინებს, თბილისისთვის ერთ-ერთი ბრძოლის დროს „ლიპარიტ ლიპარიტის ძემან და ივანე აბაზას-ძემან, ქართლის ერისთავმან, მუხათგუერდსა გამოიტყუეს ტფილისელი ამირა ჯაფარ, და შეიპყრეს, და დიდი ხანი დაყვეს პატიმრობასა შინა, და წარუღეს ბირთვისი“. როგორც ირკვევა, ბაგრატ III-ის მეფობის დროს, ქვემო ქართლის ნაწილი ბირთვისიანად ამირას ხელში იყო. მოგვიანებით კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ლიპარიტის ძემ, სხვა ციხეებთან ერთად, ბირთვისის ციხეც დაკარგა.
ბოლნისის სიონი
ეკლესია (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
ბოლნისის სიონი ქართულ ქრისტიანულ საკულტო ნაგებობათა შორის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სამნავიანი ბაზილიკაა შვერილი ნახევრაწრიული აფსიდით, ღია თაღოვანი გალერეით ჩრდილოეთ ფასადის გაყოლებით (მთელს სიგრძეზე), მეორე მცირე თაღოვანი გალერეით და სანათლავი ოთახით სამხრეთის მხარეს. ნაგებია მომწვანო ფერის კარგად თლილი კვადრებით. დასავლეთი კედლის სამშენებლო მასალაში ჭარბობს აგური, რაც გვიანი ხანის რესტავრაციის შედეგია. Nნავები გაყოფილია ჯვარისებრი გეგმის მქონე ბოძების ხუთი წყვილით. სამივე ნავი გადახურულია საერთო ორკალთიანი სახურავით. თუმცა შუა ნავი სხვებზე მაღალი და განიერია, გარედან იგი არ გამოიყოფა. შუა ნავი სრული კამარით ხოლო გვერდითა ნავები ნახევარკამარებით იყო გადახურული
ბოლნისის ქაფანაქჩის ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
ბოლნისის ქაფანაქჩის ეკლესია გეგმაში კვადრატულია. აღმოსავლეთის ფასადზე მკვეთრად გამოყოფილი საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდით. მასში გაჭრილია ერთი საკმაოდ განიერი სარკმელი. შიდა სივრცე ნათდება კიდევ სამი სარკმლით, რომლებიც სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშია დატანებული.
ბურნაშეთის დარბაზული ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ახალქალაქის რაიონი)
ბურნაშეთი - სოფელია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჟირულის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1900 მ., ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კმ-ით. ბურნაშეთში ადამიანი ჯერ კიდევ წინაფეოდალურ ხანაში სახლობდა. სოფლის ძველი სახელი "ბურნაშენი" უნდა ყოფილიყო. სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის დიდი ეკლესია, რომელსაც შეწყვილებულთაღებიანი კარიბჭე აქვს. თავისი სიდიდისა და სიმაგრის წყლობით ეკლესია შედარებით უკეთაა შემონახული. არქიტექტურულ-დეკორატიული ფორმებითა და აღმოსავლეთის ფასადის რელიეფების მიხედვით აშენებული უნდა იყოს არა უგვიანეს X ს-სა. დაცულია ორი წარწერა (X და XIII სს.). ერთი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, მეორე - ინტერიერში, ჩრდილოეთის კედელზე. აღმოსავლეთის მხარეზე არსებული რელიეფი წმ.დანიელი ლომების ხაროში იკითხება შემდეგნაირად: "უფალო ვითარცა იხსენ დანიელ პირისაგან ლომაისა, იხსენ ამის წმიდასა ეკლესიის მაშენებელნი ხელთაგან ჯოჯხეთისა". სოფლის მატერიალური კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია აგრეთვე მოზრდილი ქვაჯვარი.
გაგის ციხე
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - მარნეულის რაიონი)
გაგი, აღჩაყალა, აღჯაყალა (თურქ. akçakale — თეთრი ციხე) — ციხესიმაგრე ქვემო ქართლში. მისი ნანგრევები შემორჩენილია მდინარე დებედის ქვემო წელის მარჯვენა ნაპირის ვაკეზე, სოფ. კუშჩის (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მახლობლად. წყაროებში პირველად იხსენიება XI საუკუნეში. სომეხი ისტორიკოსის — ვარდანის (XIII ს.) ცნობით ციხესიმაგრე აუგია ანისის მეფე გაგიკ I-ს (990-1020). ციხის ნანგრევები მოწმობს, რომ იგი გაცილებით უფრო ძველი ნაგებობაა და გაგიკ I-ს, როგორც ჩანს, მხოლოდ განუახლებია.