მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (გვერდი 4/17)
ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ნეოგენურ კონგლომერატით, ანუ ბუნებრივად შეცემენტებულ რიყნარებში გამომუშავებულ კლდის სვეტი, რომლის სიმაღლე 15 მეტრია. სვეტის ქვედა ნაწილის დიამეტრი 4 მეტრია, ზემოთ თანდათან ვიწროვდება. ბოდორნის სვეტის ქვედა ნაწილში ოროთახიანი გამოქვაბულია კედელში გამოჭრილი თახჩით. სვეტიდან დაახლოებით 150-200 მ-ში აღმართულია ბოდორნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც XVII საუკუნეში იქნა აგებული. ბუნების ძეგლის მიმდებარე ფერდობებზე საკმაოდ მრავლად არის ადამიანის მიერ ხელით ნაკვეთი გამოქვაბულები, რომელთაც ჩვენს ისტორიულ წარსულში საკულტო ან თავშესაფრის დანიშნულება ჰქონდა.
ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთი ფასადის წარწერის მიხედვით, ადრე ამ ადგილას მდგარი დანგრეული ეკლესია, 1417 წელს არაგვის ერისთავის შვილს მიტროფანეს და სახლთუხუცეს ქაიყუბათ კობიაშვილს განუახლებიათ. მოგვიანებით, XVI-II საუკუნის შუა ხანებში, ქაიყუბათის შვილმა ეკლესიისთვის სამხრეთიდან მცირე სამლოცველო მიუშენა, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს. 1912 წელს ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთეს.
ბოდოჯის სასახლის ნანგრევები
ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
თიანეთის ჩრდილოეთით შემაღლებულ ადგილზე შემორჩენილია XI ს-ის ხუროთმოძღვრული ძეგლის - ბოდოჯის სასახლის ნანგრევები. ბოდოჯის სასახლე ეკოთვნოდა კახეთის მეფე კვირიკე III-ს. საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის დროს ბაგრატ IV–მ დაატყვევა კახეთ-ჰერეთის ერისთავები, გადავიდა თიანეთში და გადაწვა ბოდოჯის დარბაზი. ამჟამად შემორჩენილია კოშკისა და ეკლესიის ნანგრევები.
ბორას (ბოძის) საყდარი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
ლეგენდის მიხედვით ეკლესის მშენებლები საჭმელ-სასმელს ღრმა ორმოში ინახავდნენ. ორმოში შხამიანი გველი ჩაცურებულა, რაც დაუნახავს ცაში მონავარდე ბორას, შურდულივით დაშვებულა, ორმოში ჩაფრენილა და იქვე მომკვდარა. მშენებლებს ეკლესიისათვის ბორას საყდარი უწოდებიათ. სპეციალური ლიტერატურაში ძეგლს ბოძის საყდრის სახელითაცაა ცნობილი.
ბოჭორმას ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
ბოჭორმის ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო X საუკუნეში უჯარმის შემდეგ, იგი აგრეთვე კახეთის პოლიტიკური ცენტრიც იყო. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, ციხესიმაგრე უძველეს ციხეთა რიცხვს განეკუთვნება. მას თავდაპირველად დედაციხე ერქვა, შემდგომ ვეჭორმა დაერქვა, ბოლოს კი – ბოჭორმა. ცნობილი არაა ციხის აგების თარიღი. პირველად ციხე იხსენიება X საუკუნის დასაწყისში.
ბულაჩაურის წყალსაცავი
წყალსაცავი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
განთავსებულია მდ. არაგვის სანაპიროზე, 242 ჰექტარ ფართობზე. მისი დებიტი, საშუალოდ, 3000 ლ/წმ შეადგენს. აქედან 2000 ლ/წმ წყალი თვითდინებით მიეწოდება თბილისს, ხოლო 1000 ლ/წმ გადაიქაჩება საგურამოს წყალსადენის სამიჯნე კამერაში. წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით, ბულაჩაურში ფუნქციონირებს ქიმიური ლაბორატორია. წყალსადენი 1951 წელს გაიშვა ექსპლუატაციაში.
ბულეთის სამონასტრო კომპლექსი
ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია სპეციალურ ლიტერატურაში თარიღდება XI საუკუნით. 1977-81 წლებში ჩატარდა არქეოლოგიოური გათხრები და ბორცვის თხემზე და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდზე აღმოჩენილ იქნა 2 სათავსი, თორმეტი ქვაყუთი და ორი ორმოსამარხი. ისინი თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის პირველი ნახევრით, ადრინდელი, განვითარებული და გვიან ფეოდალური ხანით.
გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი
მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი – გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მ. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV ს–ის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV ს–ის II ნახევარი) და საბჭეო (XV ს). მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX საუკუნის ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წელს სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.
გველეთის ჩანჩქერი
ჩანჩქერი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
გველეთი — სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს დარიალის ხეობაში, მდინარე დევდარაკის (თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1560 მეტრი, სტეფანწმინდიდან 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი. სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხე, რომელსაც იხსენიებენ ჟამთააღმწერელი (XIV საუკუნე) და „ძეგლი ერისთავთას“ ავტორი (XIV საუკუნე). მონღოლების წინააღმდეგ აჯანყებულმა მეფე დავით VIII-მ 1301 წელს თავი გველეთის ციხეს შეაფარა.
გიორგი ერისთავის სახლ–მუზეუმი
სახლმუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
სახლ–მუზეუმი აგებულია XIX საუკუნის დასაწყისში. ამ სახლში დაიბადა და პერიოდულად ცხოვრობდა მწერალი და დრამატურგი გიორგი ერისთავი (1811–1864), შემდგომ სახლი ეკუთვნოდა მის შვილს, მწერალ დავით ერისთავს (1847–1890). აქ 1958 წლის ოქტომბერში გაიხსნა სახლ–მუზეუმი. ამჟამად გადაკეთებული და სახეშეცვლილია.