სამცხე-ჯავახეთის რეგიონი (გვერდი 4/10)
იკვის მონასტერი
მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი)
XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. გიორგის ტაძარი მდინარე შაბწყალას (მდ. თეძამის შენაკდი) ხეობაში, კასპის მუნიციპალიტეტში. გეგმით წაგრძელებული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ტაძარი ნაგებია სუფთად გათლილი კვადრებით. ინტერიერში შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები XI საუკუნეს მიეკუთვნება.
კახისის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
კახისის ტბა — ტბა თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარეების ჭობისხევისა და დვირულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფ შტოქედზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1752 მ. ფართობი 0,05 კმ², უდიდესი სიღრმე 10 მ. ტბის ქვაბული წარმოქმნილია სუფოზიის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა სადინარით. ტბის მიდამოებში ნაძვნარია.
კვარშის ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
კვარშის ეკლესია — IX საუკუნის ეკლესია სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაქალაქევის მიდამოებში. დღესდღეობით შემორჩენილია ნანგრევების სახით. ეკლესიის შიგნით აღინიშნება ძლიერ დაზიანებული ფრესკის ფრაგმენტები და ასომთავრული წარწერის ნაწილი. ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
კოჭიოს ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქის რაიონი)
სოფელ კაჭიოში (კოჭიო) დგას X საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც ახალქალაქიდან 24 კილომეტრითაა დაშორებული და ზღვის დონიდან 1720 მეტრზე მდებარეობს. ეკლესიის კედლები და კამარა მოპირკეთებულია მოწითალო ფერის ბაზალტის კარგად დამუშავებული კვადრებით. ეკლესიის ფასადები და შიგა მხარე საკმაოდაა მოჩუქურთმებული (სარკმლები, ინტერიერის კედლის სვეტების თავები და სხვ.). აღმოსავლეთ და დასავლეთ სარკმლების თავზე ჯვარია ამოკვეთილი. ფასადებზე გვხვდება ბარელიეფებიც. სამხრეთიდან და დასავლეთის მხრიდან ეკლესიის შესასვლელი ყოფილა. დასავლეთის კარი ახლა ამოქოლილია. სახურავი მთლიანად მოცლილი აქვს, ხოლო სამხრეთის კედლის ზედა ნაწილი მონგრეულია. ეკლესიის ეზო სავსეა ძველი საფლავის ქვებით. ერთ - ერთ მათგანზე ამოკვეთილია წარწერები.
კუმურდოს გუმბათიანი ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქის რაიონი)
ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონ III-ს დროს, 964, იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება XVI საუკუნეში. კუმურდოში მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავი არიან იოანე კუმურდოელი (X ს.), რომელიც შემდეგ სინის მთაზე მოღვაწეობდა, ზოსიმე (XI ს.) და სხვა.
ლევანის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქის რაიონი)
ლევანის ტბა — გაუდინარი მყინვარული ტბა ჯავახეთში, სამსარის ქედზე. წყლის სარკის ფართობი 0,06 კმ2, აუზის ფართობი 1,38 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,8 მ. მოცულობა 0,12 მლნ. მ3. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწიწსქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს ზაფხულზე, დაბალი — ზამთარში. წყალი სუსტად მინერალიზებული, სუფთა და გამჭვირვალეა.