ქვემო ქართლის რეგიონი (გვერდი 7/12)
პირღებულის მონასტერი
მონასტერი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
პირღებული — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIII საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი თეთრი წყაროს სამხრეთ-დასავლეთით 10 კმ-ზე, მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირზე. შემონახულია კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა — დიდი ეკლესია, რომელიც ფრაგმენტებისა და წარწერის თანახმად აგებულია რუსუდანის მეფობის ხანაში (1222-1245). ეკლესია შიგნით მოხატული იყო. გარედან კედლებზე წარწერებია. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ თბილელ ელისე საგინაშვილს XVII საუკუნეში ეკლესიისათვის სამხრეთიდან კარიბჭე და საძვალე მიუშენებია (ახლა დანგრეულია). ეკლესიას გარს ერტყა გალავანი, რომელშიც ჩართული იყო სამსართულიანი სამრეკლო (დარჩენილია 2 სართული). I სართული ჭიშკარს წარმოადგენდა. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით დიდი შენობის ნაშთია. კლდეებში განლაგებული გამოქვაბულები, როგორც ჩანს, ბერების სადგომ სენაკებად იყო გამოყენებული. ეკლესიის ზემოთ, ფერდობზე, გვიანდელი ხანის დარბაზული ეკლესიაა.
სათხის ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
სათხის ეკლესია მრავალმხრივ საინტერესოა. იგი რამდენიმე ეპოქის სამშენებლო ფენას შეიცავს. მდიდარია მორთულობითა და წარწერებით, შემორჩენილი აქვს კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. თავის დროზე ინტერიერს შესანიშნავი კანკელიც ამკობდა, რომელიც ახლა საქ. ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ხრამის (ქცია) შუა წელში, ლავურ ქანებში გამომუშავებულ ღრმა კანიონისებრ ხეობისა და მდ. ჭივჭავის კანიონის ერთობლიობას. სამშვილდის კანიონი იწყება გაშიშვლებული კვარცპორფირის ინტრუზივით, რომელსაც გამოფიტვის შედეგად სცვივა მაგმური კვარცის ლამაზი ერთნაირად დაკუთხული ბიპირამიდული ფორმის კრისტალები. კვარცის ეს კრისტალები ბუნების ნამდვილი საოცრებაა. ბუნების ძეგლი მოიცავს 5-6 კილომეტრის სიგრძის მდ. ხრამის კანიონს და 3-4 კილომეტრის სიგრძის მდ. ჭივჭავის კანიონს. კანინის ჩაჭრის სიღრმე საშუალოდ 300 მ-ია. ბუნების ძეგლის სიახლოვეს მდებარეობს საინტერესო ისტორიული ძეგლი - სამშვილდის ნაქალაქარი.
სამშვილდის სიონი
ეკლესია (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი. ქართლის ცხოვრება გვამცნობს რომ V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის დედამ საგდუხტმა "აღაშენა სიონი სამშუილდისა". ტაძარი დანგრეულია, შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია
სანთის ტბა
ტბა (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
სანთის ტბა — ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს წალკის წყალსაცავის ჩრდილოეთით, სოფელ სანთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1736 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,20 კმ², აუზის ფართობი 0,73 კმ². მაქსიმალური სიღრმე 4,2 მ, საშუალო სიღრმე 2,5 მ. წყლის მოცულობა 0,50 მლნ. მ³.