კატეგორია - ეკლესია (გვერდი 10/39)
დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ნათლისმცემლის ეკლესია თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანის გარდამავალი პერიოდით. ეკლესია დარბაზულია (7,3X4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია დასავლეთიდან მოგვიანებით მიშენებული მცირე სამლოცველო (შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილო და დასავლეთ კედლები) და ინტერიერში კედლის მოხატულობა. მცირე კედელიღაა გადარჩენილი ჩრდილოეთიდან მინაშენისაგან. ეკლესიის თაღოვანი შესასვლელები სამხრეთით (ნახევრად ამოქოლილია) და დასავლეთითაა. ნახევრადწრიულ აფსიდში მოგვიანებით გაჭრილი ვიწრო თაღოვანი შესასვლელი (ამოქოლილია) ეკლესიას ჩრდილოეთ მინაშენთან აკავშირებდა.
დიდი ატენის ღვთისმშობლის მცირეგუმბათოვანი ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
დიდი ატენის მცირეგუმბათოვანი ეკლესიის დასავლეთ ფასადის კარის ტიმპანზე ამოკვეთილია რელიეფური კომპოზიცია და ასომთავრული წარწერა: “ქრისტე ადიდე ორსავე ცხოვრებასა აქა ხორციელებრ და წინაშე შენსა სულიელებრ რატ ერისთავი ძე იგი ლიპარიტ ერისთავისაი რომელმან აღაშენა ესე სახლი ღმრთისაი და ბჭეი ცათაი წმიდაი ეკლესიაი, სალოცველად სულისა მათისა”. საფიქრებელია, რომ რატი ერისთავმა X საუკუნეში განაახლა “სახლი ღმრთისაი” და თავისი თავი აღმშენებლად გამოაცხადა. Aამავე საუკუნეში გუმბათის ყელი მოუპირკეთებიათ მომწვანო ტუფით და ზედ წარწერაც ამოუკვეთიათ.
დიდი გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
დიდი გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია თარიღდება განვითარებულ ფეოდალურ ხანით. ეკლესია დარბაზულია (8,2X4,7მ) ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით. შემორჩენილი აქვს ქვის ფორფინების ფრაგმენტები. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თახჩებია, ჩრდილოეთ კედელში ერთი ფართო ოთხკუთხა ნიშია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რასაც შეკეთების კვალი ეტყობა. საკურთხევლის წინ დგას XIX საუკუნის კანკელი, რაზეც შემორჩენილია ზეთის საღებავებით შესრულებული მოხატულობის ფრაგმენტები (წარწერებიანი).
დიდი მეჯვრისხევის კვირაცხოვლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (5X3,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციული ნაწილები შირიმისაა. ძლიერ დაზიანებულია. შესასვლელი სამხრეთის კედელშია (მისი ზედა ნაწილი ჩამონგრეულია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი სატრიუმფო თაღით. საბჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ კედლის ცენტრში სწორკუთხა ნიშია. დასავლეთ ფასადის ფრონტონში მთლიანი შირიმის ქვისგან გამოკვეთილი ჯვარია.
დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
eklesia (8,2X8 მ) ჯვარ – გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის სარკმელი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილი, აფსიდის კონქს აკლია ზედა ნაწილი, მთლიანადაა დანგრეული ეკლესიის დასავლეთ მხარე. აღმოსავლეთ მკლავში ნახევარწრიული აფსიდია, მის წინ - მოკლე ბემა. აფსიდის კონქის ქუსლი ნაწყობია თლილი ქვის ერთი რიგით. დანარჩენი მკლავები სწორკუთხა უნდა ყოფილიყო.
დიდი მეჯვრისხევის წმ. გიორგის ნიში
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
დიდი მეჯვრისხევის წმ. გიორგის ნიში მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 20 კმ–ში, მდინარე მეჯუდას მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ დიდი მეჯვრისხევის სამხრეთ – აღმოსავლეთით, მთის ფერდობზე, ადგილ ლომისაში.
დულუზაურების კვირიას ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
კვირიას ეკლესია დარბაზულია (9,3X5,1 მ), დგას კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის შირიმის ქვით. წყობის უმეტესი ნაწილი მოზრდილი ზომის, სუფთად დამუშავებული სწორკუთხა ქვებითაა ამოყვანილი. ქვების ნაწილი წვრილია (შემთხვევითი ფორმისა), რის გამოც ფასადებზე წყობის რიგების სწორხაზოვნება ნაწილობრივაა დაცული. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, განივი ფასადების ზედა ნაწილები და ლავგარდანი, ჩამოცვენილია საპირე წყობის ნაწილი. ძეგლს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, 1,5 მ სიმაღლეზე, მიწა აქვს მიყრილი.
ეკლესია
ეკლესია (სამეგრელო-ზემო სვანეთი - აბაშის რაიონი)
სეფიეთი — სამნავიანი ბაზილიკა სოფ. სეფიეთში აბაშის მუნიციპალიტეტში. ნაშენია ქვითა და აგურით, გამოყენებულია თლილი და ნატეხი ქვა. არსებობს მოსაზრება, რომ აგებულია ადრინდელ შუა საუკუნეებში, მაგრამ მრავალგზის გადაკეთების შედეგად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. დასავლეთით მიშენებული აქვს უფრო დაბალი სათავსი - ეგვტერი ან საქალებო. ეკლესიაც და მინაშენიც მოხატულია გვიანდელ შუა საუკუნეებში. მხატვრობამ ფრაგმენტების სახით მოაღწია. გარდა რელიგიური სიუჟეტებისა, გვხვდება ისტორიულ პირთა, ადგილობრივ ფეოდალთა (აბრამ აილაძის, მოხატვის მოთავის - ჭყონდიდელი ზოსიმე კოპლატაძის და სხვა) პორტრეტები. მათი სახელები წარწერებშია მოხსენიებული. აქ ნაპოვნი ჯვრებითა და მზის გამოსახულებით შემკული სვეტისთავი (დაცულია მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში) ამ ტერიტორიაზე არსებულ ძველ ნაგებობას უნდა ეკუთვნოდეს.