კატეგორია - ეკლესია (გვერდი 14/39)
ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია
ეკლესია (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია — ეკლესია საქართველოში, კახეთის მხარეში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მაჩხაანის შუაგულში, გზის პირას. ძეგლს არც წარწერა აქვს და არც ისტორიულ წყაროებში იხსენიება. არქიტექტურული თავისებურების მიხედვით კი XVIII საუკუნის ბოლოს განეკუთვნება.
ზემო მლეთის კვირაცხოვლის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
კვირაცხოვლის ეკლესია დარბაზულია (4,5X4,9 მ) – უაფსიდო. ნაგებია ნატეხი ქვითა და ფიქლით. სახურავი და ლავგარდანი შეცვლილია. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. აღმოსავლეთ სარკმელს საფეხუროვანი ძირი აქვს. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზის ქვაა მიდგმული. სარკმლის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია. მსგავსი ორ–ორი ნიშია ჩრდილო და დასავლეთ კედლებში. ეკლესია გადახურულია კამარით, რომელსაც განივკვეთში სამცენტრიანი თაღის ფორმა აქვს.
ზენუბნის სამება
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ზენუბანი საისტორიო წყაროებში XIV საუკუნის მიწურულიდან იხსენიება, როგორც საკათალიკოსო სოფელი. შედიოდა ერწო-თიანეთის საეპისკოპოსოში. ზენუბანზე გადიოდა შიდასამიმოსვლო გზები, ერთი დიდგორისაკენ მიემართებოდა, მეორე - ნიჩბის-კავთურის გამყოფ ქედე გადიოდა. სოფელს არაერთხელ შემოსევიან მთის უცხო ტომები. XVIII საუკუნის I ნახევარში სოფლის შემოგარენში მოხდა დიდი შეტაკება ოსებსა და მთიულებს შორის. მოსახლეობა ამ ადგილს „სისხლის ტბას“ უწოდებს.
თავკავთის კომპლექსი
ეკლესია (ქვემო ქართლი - კასპის რაიონი)
თავკავთის კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის რაიონში, სოფელ წინარეხის სამხრეთით 7-8 კილომეტრზე, მდინარე კავთურისა და ბოტისისწყლების გამყოფი ქედის კლდის კონცხზე. თავდაპირველად აიგო ციხე-გალავანი. მოგვიანებით კონცხის აღმოსავლეთ ციცაბო კალთაზე საყრდენი კედლით შექმნეს ბაქანი, რომლის ჩრდილოეთ კედელში ააშენეს წმ. გიორგის ეკლესია. კომპლექსში შედის: ციხე-გალავანი, წმ. გიორგის ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთები. კომპლექსს ორი მისადგომი აქვს: სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან - კავთურის ხეობიდან. მდინარე კავთურაზე გადებული ყოფილა ქვის თაღოვანი ხიდი, რომლისგანაც მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი. ციხე-გალავანი დაზიანებულია: ყველგან ჩამოშლილია გალავნის კედლების ზედა ნაწილები, თითქმის მთლიანად დანგრეულია ქვედა ციხის დასავლეთ კედელი, ციხის შიგნით ნაგებობათა გეგმა გაურკვეველია.
თბილისის ჯვარის მამის ეკლესია
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
"ჯვარის მამა" იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის სახელწოდებაა. ამავე სახელითაა ცნობილი გუმბათოვანი, აგურით ნაშენი ეკლესია თბილისში. ამ ადგილას ჯერ კიდევ V საუკუნეში იდგა ტაძარი. ეს ძველი ეკლესია, პ. იოსელიანის მითითებით, XIV საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგმა დაანგრია. არსებული ნაგებობა კი XVI საუკუნით არის დათარიღებული
თელავის ბატონის ციხე
ეკლესია (კახეთი - თელავის რაიონი)
ბატონის ციხე, გვიანდელი ფეოდალური ხანის საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი ქ. თელავში, კახეთის მეფეთა რეზიდენცია XVII-XVIII საუკუნეებში. კომპლექსში შედის ციხის ზღუდე ორი ალაყაფის კარით, მეფეთა სასახლე, აგებული XVII საუკუნის 60-იან წლებში, კარის ორი ეკლესია, აბანო, გვირაბი. ზღუდის შიგნით მოთავსებული იყო სახელმწიფო დაწესებულებათა შენობები, უფლისწულთა სასახლე და სემინარია (შემორჩენილია მისი ნაშთი). XIX საუკუნის II ნახევარში დაზიანებული კომპლექსი შეაკეთეს და ახალი შენობებიც დაუმატეს (სასულიერო სასწავლებელი, ე. წ. "ხაზინა", სატუსაღო, სამრეკლო და სხვა).
თისელის მონასტერი
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი)
ახალციხის რაიონში, სოფელ თისელის მახლობლად რამდენიმე ძველი შენობის ნანგრევია დარჩენილი. თვით სოფელი თისელი მთაშია, აწყურიდან დასავლეთით, 5-6 კილომეტრითაა დაშორებული. სოფლიდან 1-1,5 კილომეტრზე, სამხრეთ- აღმოსავლეთით, მთის პატარა მდინარის მარჯვენა ნაპირას დგას გუმბათიანი ეკლესიის ნანგრევი. მის უკან (აღმოსავლეთით) შიშველი კლდეებია, მდინარის მეორე ნაპირზე კი ტყით დაფარული მთები. ეს შენობა, როგორც ხელოვნების ძეგლი, დაღუპულად შეიძლება ჩაითვალოს. მისი დასავლეთი ნაწილი მთლიანად დანგრეულია (ტაძართან თუ დასავლეთის მხრიდან მიხვალთ, თითქოს შენობის განივკვეთს ხედავთ), ქვის პერანგი ერთიანად შემოძარცულია. გადარჩენილი ნაწილების მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია საგრძნობლად შეუკეთებიათ. მისი გუმბათი შენობის სხვა ნაწილთაგან განსხვავდება, იგი აგურით და დამუშავებული ქვითა არის ნაგები. სხვადასხვა დროინდელი ფენები ირჩევა შენობის ქვემო ნაწილებშიც. თისელის გუმბათოვანი ეკლესიის შესახებ წერილობითი საბუთები არ მოგვეპოვება, მაგრამ შენობის გეგმისა და ხუროთმოძღვრული თავისებურებათა მიხედვით, იგი XIV საუკუნის მიწურულში, ან XV საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული. გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთით, კლდის ქიმზე, ციხის ნანგრევია, ხოლო ხეობის სიღრმეში, ოციოდე წუთის სავალზე - მეორე, უგუმბათო ეკლესია და მასთან დაკავშირებულ შენობათა მთელი კომპლექსი. ეს კუთხე ერთ-ერთი ულამაზესთაგანია მთელს სამცხეში. გუმბათიანი ეკლესიის ზემოთ ხეობა ვიწროვდება, ტყე გზამდე ჩამოდის. შემდეგ ხეობა ორად იყოფა და იქვე, მარცხენა ხეობის დასაწყისში, სადაც მოპირდაპირე კლდეები დიდად უახლოვდება ერთმანეთს, მოულოდნელად გამოჩნდება ახლახან ნახსენები უგუმბათო ეკლესია. იგი მარჯვნივ დგას, კედელივით შვეული კლდის საფეხურზე. გალავანი, რომელიც გზის პირამდის ჩამოდის, მისასვლელი გზა ამ გალავნის შიგნით, სხვა შენობები, მცენარეულობასა და ხავსშია ჩაფლული. ბუნებრივ კლდეებსა და შენობათა ნანგრევებს ერთბაშად ვერც კი გაარჩევთ ერთმანეთისაგან. სადგომთა დიდი ნაწილი ახლა მიწის ქვეშაა. საფუძვლიანი გაწმენდისა და გათხრის გარეშე აქ ძნელად თუ გაირკვევა რამე. თვით ეკლესია შედარებით კარგადაა გადარჩენილი. კედელ-კამარიანად დგას, საგანგებოდ ამოშენებულ ბაქანზე. კედლები თლილი ქვისაა. დასავლეთით კვადრატული კარიბჭეა. ყურადღებას იპყრობს კარიბჭის დიდი ვარსკვლავისებრი კამარა. ამგვარი კამარის უფრო კარგი ნიმუშები შეგვიძლია ვნახოთ ზარზმის ტაძრის კარიბჭესა და ზარზმისავე სამრეკლოში. სამხრეთის მხარეს ეკლესიაზე სამარხია მიშენებული. გარედან ეკლესიას არავითარი მორთულობა არა აქვს, შიგნით კი მოხატულია. მხატვრობის გარჩევა ახლაც კარგად შეიძლება. თისელის უგუმბათო ეკლესიაც აგრეთვე XIV-XV საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. როგორც ჩანს, აქ მონასტერი იყო.