კატეგორია - ეკლესია (გვერდი 5/39)
ახრისის სამების ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (9,8X5,7 მ) ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, კარისა და სარკმლის საპირეები ნაწყობია მოწითალო ქვის კვადრებით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში, მარცხნივ, ნიშია, ცენტრში დგას 1 მ. სიმაღლის მთლიანი ქვის სატრაპეზო. აფსიდში, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო პილასტრია, რომელსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე აგურით გამოყვანილია რელიეფური ჯვარი. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. მის აღმოსავლეთ ნაწილში აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო დგას.
ბაგრატის ტაძარი
ეკლესია (იმერეთი - ქუთაისი)
ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთ კედლის წარწერის თანახმად, ”ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223” (1003წ.). იგი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა. მატიანე ქართლისაი მოგვითხრობს, რომ მისი კურთხევის ზეიმისთვის მეფემ ’’შემოიკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი, კათალიკოსნი, მღვდელმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი მამულისა სამეფოსა მისსა მყოფნი და სხუათა ყოველნი სახელმწიფონი”.
ბალებიანის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ბალებიანი ეკლესია (4,55X3 მ) განეკუთვნებოდა XII-XIII საუკუნეებს. ნაგები იყო ნატეხი ქვითა და დუღაბით. თითქმის მთლიანად იყო დანგრეული. შემორჩენილი კედლის სიმაღლე 2 მეტრს არ აღემატებოდა. აღმოსავლეთით შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდი ორი საფეხურით იყო შემაღლებული. აფსიდში ორი სწორკუთხა ნიში იყო მოწყობილი. ეკლესიის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებს მაღალი საფეხური გასდევდა. ეკლესია გადახურული იყო ფიქლით.
ბარალეთის დარბაზული ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ახალქალაქის რაიონი)
სოფლის ცენტრში დგას მე-11 საუკუნის ქართული ეკლესია – ორნავიანი*შესწ. გ.ბაგრატიონის ბაზილიკა, რომლის აღმოსავლეთ კედელზე ასომთავრული წარწერაა: „[აღე]შენა ეკლესიაჲ ესე მათ ჟამთა შინა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა“. „ჯავახთუფლის“ მეფედ დაჯდომა განსაკუთრებით აღუნიშნავთ ბარალეთში. რადგანაც იმ დროისათვის (1213) საქართველოში ბაზილიკები აღარ შენდებოდა, სავარაუდოა, რომ ეს ცნობა უფრო ადრინდელი ეკლესიის აღდგენას ან შეკეთებას გულისხმობდეს. სოფლის აღმოსავლეთით, ნასოფლარ სირგვთან ახლოს, აღმართულია კარგად შენახული 6 მეტრის სიმაღლის სტელა.
ბედიის სამონასტრო კომპლექსი
ეკლესია (აფხაზეთი - ოჩამჩირის რაიონი)
კონცხად გამოწვდილი თხემი, რომელზეც ბედიის ტაძარია აღმართული, სამი მხრიდან შემოზღუდულია კლდეებით. მეოთხე მხარეს _ დასავლეთით, ეს მცირე გავაკებული მოედანი ვიწროვდება და გორაკის ფერდობს უერთდება. სწორედ აქ, ამ ვიწროზე იყო აღმართული ორსართულიანი სასახლე და კარიბჭე–სამრეკლო.
ბეთანიის მონასტერი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
გადმოცემით, თავიდან მონასტრის აშენება მდინარის გადაღმა ერთ მაღალ მთაზე ჰქონდათ განზრახული, მაგრამ როდესაც სამშენებლო მასალები აზიდეს მთაზე, მეორე დღეს აღარ დახვედრიათ. დიდი ძებნის შემდეგ, მასალები მდინარე ვერეს ხეობაში ერთად დაწყობილი იპოვეს. ეს სასწაული ღვთის განგებას მიაწერეს და გადაწყვიტეს ზუსტად ამ ადგილას აეშენებინათ ტაძარი. არის მოსაზრება, რომ ამ ადგილას ზაფხულობით, თამარ მეფე ჩამოდიოდა დასასვენებლად.
ბეთლემის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
ქართველების წინაპრების მაღალი სულიერების დადასტურებაა მყინვარწვერის კალთაზე მდებარე მეუდაბნოე განდეგილ მამათა სამოღვაწეო ქვაბულები, რომელთა სახელწოდებები: ნაბერალი, ბერების აბანო, ბეთლემი - დღემდე შემორჩა. ბეთლემის შესახებ გადმოცემა წმინდა ილია მართალმა თავის ერთ-ერთ პოემას „განდეგილს“ დაუდო საფუძვლად. არსებობს უწყება, რომ ბეთლემის გამოქვაბულში მოსეს კარავი და მაცხოვრის აკვანი ინახებოდა. იქ წმიდა და ღმერთშემოსილი მამები VI საუკუნიდან აღასრულებდნენ ბერულ ღვაწლს. ბეთლემი მსოფლიოში არსებულ მართლმადიდებელ ტაძართა შორის ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ ადგილას, 4100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.