კატეგორია - ისტორიული ძეგლი (გვერდი 2/2)
მთავართას კომპლექსი
ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
მთავართას კომპლექსის ნაგებობები მძლავრი გალავნით შემოვლებულ თითქმის წრიულ ფართობზე ორ ჯგუფადაა განლაგებული. ერთ ჯგუფს შეადგენს ეზოს შუაში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესია და მასზე სამხრეთიდან და დასავლეთიდან მიშენებული რამდენიმე ნაგებობა. მეორე ჯგუფს კი – ეზოს ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში მდგარი ორსართულიანი საცხოვრებელი, რომელსაც აღმოსავლეთიდან ოროთახიანი ნაგებობა ეკვრის. ნაგებობები ძლიერ დაზიანებულია. მათი უმრავლესობა ნანგრევებადაა ქცეული და ხშირი მცენარეულობითაა დაფარული.
ნასოფლარ ჟინვალის ეკლესიები და სამაროვანი
ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
971–84 წლებში გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ბ.ჯორბენაძე). სამაროვნის ორი აკლდამა და ორი ეკლესია თავისი სამარხებითურთ გადატანილი და აღდგენილია აკც–ის (ო. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიურ კვლევის ცენტრი) დუშეთის არქეოლოგიური ბაზის ეზოში. ძეგლი, 1985 წლიდან მოქცეულია ჟინვალჰესის წყალსაცავით დატბორილ ზონაში.
პანკისის ციხე (თორღვას ციხე)
ისტორიული ძეგლი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
პანკისის ციხე განვითარებულ შუა საუკუნეებში, პანკისის საერისთავოს ცენტრი იყო, რომელიც კახეთის მეფე კვირიკე III დიდმა (1010–1037წწ)–მ დაარსა. სავარაუდოდ თვითონ პანკისის ციხე უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. ციხე 1040 წელს ბაგრატ IV–მ კახეთში ლაშქრობის დროს აიღო და პანკელი ერისთავი სტეფანოზ ვარჯანის ძეც შეიპყრო. პანკისის ციხე შემდგომშიც იყო ცენტრალურ ხელისუფლებასა და კახეთ–ჰერეთის მეფეებს შორის წარმოებული ომების ერთ–ერთი ცენტრი. აქედან ებრძოდა ბაგრატ IV კახეთ–ჰერეთის მეფე აღარსთან I-ს. XIII საუკუნის 40–იან წლებში პანკისის ციხეში დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა პანკისის ერისთავმა თორღვა პანკელმა. მეფე დავით VII ულუს ურდოში ყოფნის დროს, თორღვამ თავი კახეთის სრულუფლებიან გამგებლად გამოაცხადა და პანკისის ციხეში გამაგრდა. იგი არც დავითის დაბრუნების შემდეგ ეახლა მეფეს და ციხე უფრო გაამაგრა.
სააკაძეების კომპლექსი
ისტორიული ძეგლი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
XVI-XVII საუკუნეებში სოფელი ნოსტე სააკაძეთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. სააკაძეების გვარის ძირითადი შტო (სამეფო აზნაურები) ატენის ხეობის ზემო ნაწილში ტანასწყლის ხეობასა და რაზმითის მიდამოებში სახლობდა. აქ იყო მათი ძველი სამემკვიდრო სოფლები ფელი და კიკანათბერი. XV საუკუნიდან სააკაძეეებმა დაიწყეს თავისი მამულების გაფართოება თეძმის ხეობაში, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა გიორგის მამამ სიაუშმა და ბიძებმა.
სოდევეს სამების ეკლესია
ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
სოდევეს სამების ეკლესია დარბაზულია (8,3X5,3 მ) განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კარ–სარკმელთა ღიობები შირიმის ქვითაა გამოყვანილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. აღმოსავლეთით, შებრტყელებულ აფსიდში, მცირე ზომის თაღოვანი სარკმელი და ორი თაღოვანი ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. კონქის მხოლოდ ქუსლის წყობის ნაწილია შემორჩენილი. სამხრეთით და დასავლეთით თითო სარკმელია. სამხრეთისა სწორკუთხაა, დასავლეთისა – თაღოვანი და საფეხურებიანი რაფა აქვს. კამარა კონსოლებზე (შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კონსოლი) გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. ფასადები სადაა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის თითო ქვა.
უშგულის ლამარია
ისტორიული ძეგლი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიის რაიონი)
უშგულის ლამარია — IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სვანეთში, უშგულის თემში. ეკლესია მდებარეობს სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე. ეკლესიას შემორტყმული აქვს გალავანი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სრულდება სვანური კოშკითა და ორი დამხმარე ნაგებობით. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა. დასავლეთით აქვს სტოა, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის მხირიდან აქვს. ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები, ასევე XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი.
ცხრაკარას სასახლის კომპლექსი
ისტორიული ძეგლი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
XVI საუკუნის ერთი სამეფო სასახლეთაგანია ლევან კახთა მეფის (1520 – 1574 წწ) სასახლე, ე.წ. ცხრაკარა. იგი მდებარეობს სოფლების ქვემო და ზემო ალვანებს შორის, ალაზნის ველის ზემოთ. იქვე მახლობლადაა იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკა, რომელშიაც ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძლიერ დაზიანებული პორტრეტებია გადარჩენილი. ბროსე გაკვრით იხსენებს ამ სასახლეს – „დიდი და ლამაზი დარბაზი, ფრიად მტკიცედ ნაშენი“ – და სანაღაროს უწოდებს მას. მოკლედ იხსენიება იგი დ. ალბანელის წერილშიაც, ხოლო ძეგლის აღწერა, გეგმა და განაკვეთები გამოაქვეყნა გ. ჩუბინაშვილმა.