იმერეთის რეგიონი (გვერდი 4/5)
სათაფლია
ნაკრძალი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 330 ჰა. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია ლიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია ტურა, კვერნა, მაჩვი, მელა, კურდღელი, ციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.
საკაჟიას მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - თერჯოლის რაიონი)
საკაჟია 6 მ-ის სიმაღლის და 30 მ-ის სიგრძის ჰორიზონტალური ფორმის, დახშული, ქვედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული არქეოლოგიური, პალეობოტანიკური და პალეოზოოლოგიური აღმოჩენებით მდიდარი მღვიმეა. პალეოლითის პერიოდის დამადასტურებელი ნიშნები კავკასიაში პირველად აქ დადასტურდა, სადაც მრავლადაა პალეოზოოლოგიური ჩლიქოსნების (დომბა, ირემი, შველი), მტაცებლების (მღვიმური დათვი, მღვიმური ლომი, ფოცხვერი და სხვ.), მღრნელების (წავი, მაჩვ-ზღარბი) მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები. ცხოველთა კბილებისა და ძვლების ნატეხების მოპოვებული რაოდენობა რამდენიმე ათეულ ათასს აღწევს. ეს მასალა მიეკუთვნება ზედა პალეოლითს (ორინიაკი - ლოლუტრე).
საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
ბუნების ძეგლი წარმოადგენს ბარემულ კირქვებში გამომუშავებულ სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, ტრავერტინებითა და დიდი ზომის გურებით მდიდარ მდ. სემის მარცხენა სანაპიროზე მდებარე მღვიმეს. მღვიმის შესასვლელი იხსნება ასიმეტრიული ძაბრის ფსკერზე. შესასვლელის სიგანე 6 მეტრია, პირველ 80 მ სიგრძეზე, ფსკერი დახრილია 12-150 - ით. ბოლომდე ინვითარებს 1 - 1,5 მ სიღრმის საფეხურებს. შესასვლელიდან 125 მეტრში 5 მეტრიიანი ფლატეა, რომელსაც ებმის დიდი ზომის დარბაზი (30X25). შუასაუკუნეებში მღვიმეს იყენებდნენ თავშესაფრად. მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავის მიდამოები, მდ. სემის მარცხენა ნაპირი, 287 მეტრი ზღვის დონიდან.
სკანდის ციხე
ციხე-კოშკი (იმერეთი - თერჯოლის რაიონი)
ისტორიული წყაროები და საფორტიფიკაციო ნაგებობათა ანალიზი იმის საფუძველს იძლევა, რომ სკანდეს ციხის აგება ახ. წ. IV საუკუნით დათარიღდეს. სკანდეს ციხის შესახებ ყველაზე ადრინდელი ცნობა ეკუთვნის VI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოპი კესარიელს: "ლაზთა ორი ციხეა ზედ იბერიის საზღვრებთან, სკანდა და სარაპანისი (შორაპანი): ისინი მდებარეობენ მკაცრსა და ძნელსავალ ადგილებში და ძნელად თუ მიუდგება იმათ კაცი." სკანდეს ციხის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა VI საუკუნეში, როცა გამწვავდა წინააღმდეგობა ბიზანტიასა და სპარსეთს შორის. წინააღმდეგობა ომად გადაიქცა ანასტასიოს I-ისა (491-518) და მისი მემკვიდრეების იუსტინე I-ისა (518-527) და იუსტინიანე დიდის დროს.
სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
მღვიმე გამომუშავებულია ბარემულ კირქვებში. შესასვლელი იხსნება მცენარეულობით შენიღბულ კარსტული ძაბრის ფსკერზე, რომელიც დამრეცად მიემართება სიღრმეში. დახრილი დერეფნის შემდეგ მღვიმე ფართოვდება 10-15 მ-დე და საკმაოდ ეფექტურ, ჰორიზონტალურ ფსკერიან დარბაზში გადადის, რომლის ჭერის სიმაღლე თითქმის 30 მ-ს უახლოვდება. ქიმიური ნალექებიდან აღსანიშნავია სტალაქტიტები, სტალაგმიტები. ყურადღებას იპყრობს ნაღვენთების განსაკუთრებით დიდი ზომები. ჭერიდან სიმძიმის ძალით მოწყვეტილი სტალაქტიტის გარშემოწირულობა 5 მ-ს უდრის. ამ ზომის სტალაქტიტი იშვიათია ევროპაში. შესავლელიდან 160 მ-ში ფსკერიდან აღმართულია 8 მ სიმაღლის სტალაგმიტი, რომლის გარშემოწერილობა ძირთან 8.5 მ-ია, შუაში კი - 4,5 მ. მღვიმე წარმოადგენს ასევე პალეონტოლოგიურ ძეგლს, რადგან აქ აღმოჩენილი იყო მღვიმური დათვის ძვლები. მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავის მიდამოები, მდ. სემის მარცხენა ნაპირი, 379 მეტრი ზღვის დონიდან.
ტყიბულის წყალსაცავი
წყალსაცავი (იმერეთი - ტყიბულის რაიონი)
ტყიბულის წყალსაცავი — წყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, ოკრიბის ქვაბულში. ტყიბულის მუნიციპალიტეტში. წყალსაცავი შექმნილია მიწაყრილის კაშხლით, რომლითაც დაგუბებულია მდინარე ტყიბულა იქ, სადაც ის ქვაბულის ფსკერზე, ე. წ. „წყალდასავალთან“ კარსტულ შახტში იკარგებოდა. წყალსაცავს აქვს პატარა უბეები, მის შუა და დასავლეთ ნაწილში კუნძულებია.
უბისას სამონასტრო კომპლექსი
მონასტერი (იმერეთი - ხარაგაულის რაიონი)
უბისის ტაძრის მხატვრობამ ქართული ფერწერული სკოლის უნიკალური ნიმუშები შემოგვინახა. ის XIV საუკუნეშია შესრულებული და შ. ამირანაშვილის გამოკვლევებით, მხატვარ დამიანეს ეკუთვნის, ამაზე მეტყველებს ერთ ერთი კომპოზიციის ”საიდუმლო სერობის” ქვედა ნაწილში შემორჩენილი წარწერა. დამიანე თავისი დროის დიდი მხატვარი იყო. მის ხელწერას ეკუთვნის ხობის ბაზილიკის სამხრეთდასავლეთ ნავის კედლებისა და სორის მონასტრის (რაჭა) მოხატულობაც. აკადემიკოს ვ. ბერიძის აზრით კი, ტაძარი დამიანეს მოსწავლეს გერასიმეს მოუხატავს, ხოლო მასწავლებელი იყო შემკვეთი თუ როგორ უნდა მოეხატათ ტაძარი.
უბისის მონასტერი
ეკლესია (იმერეთი - ხარაგაულის რაიონი)
ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მის ძირითად ბირთვს წარმოადგენს გალავნის ცენტრში აღმართული მთავარი ნაგებობა, რომელსაც აქვს მინაშენები სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძარი სხვადასხვა დროს გამოკვლეული აქვთ ხელოვნების ისტორიის მკვლევარებს: მარი ბროსეს, ს. გორგაძეს, ე. თაყაიშვილს, შ. ამირანაშვილს, ვ. ბერიძეს, რ. შმერლინგსა და სხვ. უბისის ტაძრის აშენების თარიღის შესახებ მკვლევარებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. პროფესორმა ს. გორგაძემ 1911 წელს ინახულა ტაძარი და მისი მეცნიერული აღწერა დატოვა. მისი მოსაზრებით, უბისის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა მე-9 საუკუნეში, როდესაც საქართველოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართომასშტაბით მიმდინარეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელს და მის მოწაფეებს, ქრისტეფორეს და თეოდორეს, აფხაზთა მეფის, დემეტრეს სამფლობელო ში, მარგვეთში, აუგიათ უბისის მონასტერი.
ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
ქვედაცარცულ კირქვებში გამომუშავებულ მღვიმეს ორი შესასვლელი გააჩნია; პირველი - საიდანაც ძირითადი მიწისქვეშა ნაკადი გამოდის, სიმაღლით 3.5-4 მ, ხოლო სიგანე 7 მ-ია; მარცხენა განშტოება მთავარი შესავლელიდან 35-40 მ-ის დაშორებით ციცაბო საფეხურებით ზედაპირზე ამოდის. აქედან 60 მეტრში ფსკერი 50 მ სიგრძის სიფონურ ტბას უკავია, რომლის სიგანე 3-4 მ, ხოლო ჭერის სიმაღლე 2,5 მ აღწევს. პირველ სიფონს 200 მ სიგრძის წყლიანი და უნაპირო დერეფანი აგრძელებს; აქ წყლის სიღრმე 0,5-2 მ-ია. წყლიან დერეფანს კვლავ სიფონური გალერეა მოსდევს, რომლის სიგრძე 30 მ, ხოლო სიგანე 1-2 მ-ია. იგი კვლავ 150 მ-იან გალერეაში გადადის, რომლის ჭერი თითქმის მთელ სიგრძეზე ნაღვენთი ფორმებითაა დაფარული. ეს წყლიანი გალერეა მღვიმის ბოლომდე კვლავ რამდენიმე სიფონურ გასასვლელს ივითარებს, ხოლო ბოლოში 20-30 მ სიგრძეზე ჭერის დადაბლების გამო გადაადგილება ძალზე გაძნელებულია. ღლიანას მიწისქვეშა დინების დებეტია 50-55 ლ/წმ (წყალმცირობისას), ეს ნაკადი მღვიმიდან გამოსვლის შემდეგ, მდ. ყუმის ვოკლუზურ წყაროებს უერთდება. მღვიმის მშრალ დერეფნებში ღამურების მრავალრიცხოვანი კოლონია ბინადრობს.