კატეგორია - ციხე-კოშკი (გვერდი 11/12)
წკერეს ნარაიძეების ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
კოშკი გეგმით კვადრატულია (4,4X4,4 მ), ოთხსართულიანი. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მეორე სართულის დონეზე, მიწიდან 2,6 მ სიმაღლეზე. კარი არქიტავრიანია, მასზე გარედან ხელის მტევნის სქემატური გამოსახულებაა; კარის წირთხლებში საურდულე ბუდეებია. კარის წინ მიდგმულია ქვის ბლოკებით ნაგები კიბე. პირველი სართული სამალავია, სამხრეთით ერთი სათოფური აქვს
ჭაპალას ციხე
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე ქვემო ქართლში, მდინარე მაშავერისა და ფოლადაურის შესაყარის მარჯვენივ 2-3 კმ-ზე. აგებულია გაშლილ მინდორზე მდებარე დიდი კლდოვანი ბორცვის თხემზე. წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან და იგი ამ პერიოდში სოლოღაშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობის ნაშთები, წყლის საცავები. ერთ-ერთ კოშკში გაითხარა აბანო, რომელიც შედგებოდა რვაკუთხა თბილი და ცხელი განყოფილებისაგან, საცეცხლფარეშოსაგან და აუზისაგან. აბანოს შიგნით და გარეთ აღმოჩნდა სხვადასხვა ფერის სარკმლის მინის ნატეხები, მოჭიქული შორენკეცები; სადა კერამიკული ნატეხები და ერთი მოჭიქული ჭურჭელი არაბული წარწერით. მასალა თარიღდება XI-XIII სს-ით და ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
ჭაქვინჯის ციხე (ჯიხას ციხე)
ციხე-კოშკი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - ზუგდიდის რაიონი)
ჭაქვინჯის ციხის აშენების თარიღი შეიძლება განისაზღვროს ეგრისის სამეფოს საწყისი პერიოდით - IV-V საუკუნეებით. ციხის არქოლოგიური და არქიტექტურული ანალიზი ამაზე მიუთითებს. ისტრიულ წყაროებში იგი XVII საუკუნიდან იხსენიება. ეს ცნობები ძალზე ცოტას გვაძლევს, რადგან ციხემ იარსება თხუთმეტი საუკუნე და ამ ხნის განმავლობაში მას ცხოვრების დიდი გზა ექნებოდა გავლილი.
ჭილაშვილების ციხე-დარბაზი
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
დუშეთში დგას დღემდე შემორჩენილი ვახტანგ ბატონიშვილის მოხელის გლახა ჭილაძის (ანუ ჭილაშვილის) ციხე–დარბაზი, რომელსაც მილახვრიანთკარი ეწოდებოდა ჭილაშვილის თანამდებობის მიხედვით. სამშენებლო წარწერის მიხედვით ციხე–დარბაზი შენდებოდა 1800 წელს, ე.ი. ქართლ–კახეთის სამეფოს არსებობის ბოლო წელს: „ქ. ყოვლისა საქართველოსა მეფისა ირაკლი მეორისა ძისა ვახტანგ ალმასხანისა გულითადმან მონამან ჭილაძემან, ბაბანასშვილმან, მილახვართან, სამთა თემთა მოურავმან და რუსეთის გზის მცველმან გლახამ აღვაშენე ციხე და გალავანი ესე და მას შინა სახლი ღისა და სახლნიცა ჩემნი მოვამრგვალენ, რათა მას შინა იდიდებობეს ღთი და მის მიერ იცვებოდნენ შვილნი და სახლეულნი ჩემნი. სრულ იქნა მაისს ლ, წელსა ქესსა ჩყ.ქკსსა უპც“ (წარწერიანი ქვა ახლა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება).
ხერთვისის ციხე
ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდ. ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე (ასპინძის მუნიციპალიტეტი). ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე. 2007 წლიდან ხერთვისი ვარძიის მონასტერთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
ხერხემის ციხე
ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ადიგენის რაიონი)
ხერხემის ციხის და სოფლის მფლობელი უნდა ყოფილიყო აზნაური ხერხემელი, რომლის შთამომავლობა ხერხემელისძეთა თავადურ საგვარეულოდ ჩამოყალიბდა სამცხეში. აღნიშნული საგვარეულო იხსენიება "ქართლის ცხოვრებაში": დაახლოებით 1306 წელს თურქები ტაოს შემოესივნენ. ჟამთააღმწერლის სიტყვით, "ვაშლოვანით წარსულნი თურქნი შთავიდეს მურღულს და ნიაგალისხევს უვალთა ადგილთა, რომელნი მოისრნეს ხერხემელისძეთა აზნაურთაგან". როგორც ჩანს, ხერხემლისძეთა მეთაურობით, ქართველებს აქ დიდი შემოსევის ერთ-ერთი ომი მოუგიათ. 1516 წლის მცხეთის საპატრიარქოს სამცხეში საქონებელსა და სამწყსოს სიაში, ხერხემლისძეთა მამული სასაფლაოთი, მონასტრითა და კარის ეკლესიით, უკვე თაქთირსძეთა გვარს ეჭირა. სავარაუდოდ აქ სამცხის სოფელი ხერხემი, ციხე და მისი მიდამოები იგულისხმება. ხერხემლისძენი ამის შემდეგ აღარ იხსენიებიან.
ხიხანის ციხე
ციხე-კოშკი (აჭარა - ხულოს რაიონი)
მდებარეობს სხალთის ხეობის სათავეში სტრატეგიულად ძალზედ მოხერხებულ ადგილას, მას სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან ერთადერთი საცალფეხო მისადგომი გააჩნია. ციხესიმაგრის საამშენებლო წყობაში გამოირჩევა რამდენიმე ფენა: უძველესი – X-XI საუკუნეებისა, ახალი XVII-XIX საუკუნეებისა (ოსმალთა მფლობელობის ხანისა). სხალთა-ხიხანისწყლის ხეობის კულტურულ-ეკონომიური აღმავლობა უკავშირდება ერისთავთ-ერისთავების აბუსერიძეების მოღვაწეობას. აჭარა მათ საერისთავოს წარმოადგენდა. აბუსერისძეთა გვარეულობას უკავშირდება ერთ-ერთი შესანიშნავი საფორტიფიკაციო ნაგებობის ხიხანის ციხის აგება. “მატიანე ქართლისაის” მიხედვით აბუსერ I აბუსერიძე XI საუკუნის შუა ხანებში ხიხათა ციხის მფლობელად იხსენიება. იგი XI-XIII საუკუნეებში ერისთავთ-ერისთავების სარეზიდენციო ციხე-ქალაქს წარმოადგენდა.
ხორნაბუჯის ციხე–სიმაგრე
ციხე-კოშკი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
მდებარეობს ქ. დედოფლისწყაროდან ჩრდილოეთით, 5 კმ-ში, სადაც დასახლება უხსოვარი დროიდან არსებობდა. მეფე ვახტანგ გორგასალმა V საუკუნეში საეპისკოპოსო კათედრალი დაარსა და საუფლისწულო მამულად გამოაცხადა. საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის (XI საუკუნის დასაწყისი) შემდეგ ხორნაბუჯი ქვეყნის განაპირა მხარის საერისთავოს ცენტრად გადაიქცა, სადაც მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები გადიოდა, ამ ყველაფერმა კი ის სტრატეგიულ, კულტურულ და სამხედრო ცენტრად აქცია.
ხოტევის ციხე
ციხე-კოშკი (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაურის რაიონი)
ხოტევის ციხე – ციხესიმაგრე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში, სავარაუდოდ აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. ციხე ამჟამად ნაწილობრივ დანგრეულია. შემორჩენილ ნაწილს აქვს სათოფურები. მას გარს ერტყა გალავანი. ციხე ორსართულიანი იყო. ხოტევის ციხე ძალზედ მტკიცე და ძნელად ასაღები ყოფილა.
ხულუტის ციხე
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
ხულუტის ციხე — ციხე-დარბაზი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. აგებულია XVIII საუკუნის I მესამედში ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის მიერ. შედგება 2 ნაწილისაგან; ორივეში ჩაყოლებულია თითო, გალავანში კი - 5 კოშკი. თითოეული მათგანი უპირველეს ყოვლისა საცხოვრებელი დანიშნულებისაა, შემდეგ კი - საბრძოლო. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ფუნქციით კოშკისებრი სასახლეა, მის მთელ სიმაღლეზე შუაზე ჰყოფს კედელი, რომელშიც საფეხურებია მოწყობილი. ერთი მხარე 6 სართულიანია, მეორე - 7 სართულიანი. ბოლო სართულები გამიზნულია საბრძოლოდ, დანარჩენი - საცხოვრებლად. მთელი ციხე ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით.