კატეგორია - ციხე-კოშკი (გვერდი 4/12)
ზემო მლეთის კოშკი
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
კოშკი (6X6 მ) სამსართულიანია (სიმაღლე 11 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და ფიქლით. კედლის სისქეა 1 მ. შესასვლელი I სართულზეა, სწორი კედლის მხარეს, მიწიდან 4 მეტრის სიმაღლეზე. სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო სათოფურია. ამ სართულის ქვეშ სამეურნეო დანიშნულების ორი ფართო და ღრმა ხაროა. II სართულზე, ყოველ მხარეს თითო სათოფურია. III სართულის სწორ კედელში გაჭრილია პატარა აივანზე გასასვლელი, სამხრეთით და აღმოსავლეთით თითო სათოფურია, დასავლეთით მიჯრით განლაგებული სამი პატარა თახჩა. III სართული ზემოთ ვიწროვდება და მიჯრით დალაგებული მორებით გამოყვანილი ორფერდა ჭერით მთავრდება, რომელზეც ბეტონია დასხმული
თმოგვის ციხე, ნაქალაქარი
ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი, ორფერდა სახურავით გადახურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო. თმოგვის ციხის მნიშვნებლობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე კამოკვეთილი კანკელით, მეორე, გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. მტკვრის ორივე ნაპირზე ნასოფლარები და სასახლეთა ნანგრევებია. მარცხენა ნაპირის სასახლის ნანგრევები მშენებლობის უძველეს ფენას მიეკუთვნება, მარჯვენა ნაპირისა კი – გვიანდელს და XIV საუკუნის შუა წლებით თარიღდება, სადაც შესაძლებელია აბანოსა და სამი სხვა ნაგებობის გარჩევა. აბანო, რომელიც ქართული აგურითა და ქვითაა ნაშენი, სამ სათავსოს მოიცავს. კამარები ჩამონგრეულია, თუმცა კუთხის ტრომპების თავისებურება შესამჩნევია. სასახლის მახლობლად ორი გზაა: წუნდიდან მომავალი ბილიკი სასახლის აღმოსავლეთით გადის და ვანისქავაბებ ვარძიისკენ მიემართებოდა. მეორე კი ისტორიული გზაა ტრანსპორტისათვის. ეს გზა სოფ. მარგატასტანთან იწყება, სასახლესთან გაივლის, შემდეგ საცალფეხო ბილიკით ხეობაში ეშვება და ხიდს უკავშირდება. მდ. მტკვარზე შემორჩენილია ხიდის ბურჯების ნაშთი. ერთი ხიდი სასახლეებს აკავშირებს, მეორე კი ტრანსპორტისათვის ყოფილა განკუთვნილი. ციხე-ქალაქი რამდენიმეჯერ დაანგრია ძლიერმა მიწისძვრამ (1089, 1283, 1319 და სხვა).
ინდურთის კოშკები
ციხე-კოშკი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ინდურთის კოშკი — კოშკი ახმეტის მუნიციპალიტეტში ნასოფლარ ინდურთის თავზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით, კლდოვანი მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროვებული. ნაშენია ფიქლის მშრალი წყობით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა, მონგრეულია მეხუთე სართულის კედლების დიდი ნაწილი. პირველ სართულზე (7 X 7 მ) შესასვლელი დასავლეთიდანაა. სართულის სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი კარია, კარის ჩრდილოეთით - ერთი სათოფური. მსგავსი ორ-ორი სათოფურია დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში. სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია. მესამე სართულის სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, დანარჩენ კედლებში - ორ-ორი სათოფურია. მეოთხე სართულის სამხრეთ კედელში ერთი თაღოვანი სარკმელი და ერთი სათოფურია, დანარჩენ კედლებში, სხვადასხვა დონეზე, სათოფურებია განლაგებული. მეხუთე სართულის კედლებიდან მცირე ნაწილიღაა დარჩენილი. სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებს სალოდეების კვალი შემორჩა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად კოშკს 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
იტრიის კოშკი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი)
საჯვარე კოშკი ოთხკუთხაა (4,45X4,3 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. კუთხეების წყობაში გამოყენებულია თლილი ქვიშაქვა. დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი, სართულებს შორის გადახურვა, კედლები, შემორჩენილია ოთხი სართული.კარი ჰქონდა აღმოსავლეთით, მეორე სართულზე. სართულებს შორის ძელური გადახურვა იყო(შემოცენილია საძელე ბუდეები). პირველი სართულის ჩრდილო კედელში მოზრდილი ბუხარია, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თახჩები. მეორე სართულის ბუხარი პირველი სართულის ბუხრის ღერძზეა. კედლებში ორ-ორი სათოფურია. სათოფურები მესამე სართულის კედლებშიცაა. სამხრეთ კედელზე მიშენებულია მესამე სართულზე ასასვლელი ქვის კიბე..
კვავლოს კოშკები
ციხე-კოშკი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
კვავლოს კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ კვავლოს განაპირას, ჩრდილოეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად კოშკს 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
კვეტერას ციხე–ქალაქი
ციხე-კოშკი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
კვეტერას (კვეტარის, კუეტერის) ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს (შემდგომში სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი იყო. მის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. კახთა მეფე კვირიკე III-მ (1010-1037 წწ.) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კვეტერის საერისთავო. კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც: ბაგრატ IV-მ (1027-1072 წწ), რომელმაც 1040-1043 წლებში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა კვეტერის აღება ვერ შეძლო. საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის საისტორიო წყაროებში იგი აღარ იხსენიება.
კლდეკარის ციხესიმაგრე
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
ისტორიული ციხესიმაგრე საქართველოში, თრიალეთში, თრიალეთის ქედის კლდოვან მწვერვალზე (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი). აქედან ხელისგულივით მოჩანს, როგორც სამხრეთის, წალკისა და მანგლისის მიდამოები, ისე ჩრდილოეთის — მდინარეების ტანისა და თეძმის ხეობები. ამჟამად შემორჩენილია ნანგრევები. მდებარეობდა მნიშვნელოვან გზასაყარზე, იქ სადაც გაპობილი კლდე გასასვლელს ქმნის (აქედან სახელწოდებაც კლდეკარი ე. ი. კლდის კარი).
კოტიანეთის ციხე
ციხე-კოშკი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - სენაკის რაიონი)
ციხე ისე მაღლა არ არის აგებული, როგორც სხვა ციხეები (ვაკიდან 20-25 მ სიმაღლეზე), მაგრამ ისეთი ქიმია შერჩეული, რომ აქედან სამხრეთით დიდი მანძილი იზვერება. რაც შეეხება დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხარეებს, ამ მხარეს მთებია და ჰორიზონტი თითქმის დაკეტილია. როგორც ეტყობა, მის ამგებს ასეთი მდებარეობა აწყობდა - მოკლე ხეობა და მის ჩამკეტად დადგმული ციხე. ციხე გეგმით უწესო ოვალურია (20,1X14,5 მ). იგი შედგება გალავნის, კოშკისა და ეკლესიისაგან და თხრილისაგან, რომელიც ციხეს გარს უვლის. სწორედ ამ უკანასკნელის გარეშე იმ ეპოქაში ეგრისის მეფეებს ვერ წარმოედგინათ ციხე, დიდი იყო იგი თუ პატარა.