კატეგორია - ეკლესია (გვერდი 8/39)
გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
1920 წელს მიწისძვრამ შენობა დააზიანა. ინტერიერი მოხატეს XIX საუკუნის II ნახევარში. საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში მოთავსებული იყო გორის სამუსიკო სკოლა.1950 წელს ინტერიერის კედლები შეათეთრეს, რამაც დაფარა მხატვრობა. 1990-იან წლებში ნაგებობა გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. 2003 წელს, ტაძარში ჩატარდა სამუშაოები, ჩამოიფხიკა ფრესკები, მოინგრა ინტერიერის რამდენიმე დეტალი, რის შედეგადაც, განადგურდა გორის ეკლესიის ღვთისმშობლის ცნობილი კათოლიკური ფრესკაც.
გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ქალაქ გორის პირისპირ, თრიალეთის მთებსა და მტკვრის სანაპიროზე, ამოზიდულია გორიჯვრის მთა, რომელზეც მდებარეობს ძველისძველი ტაძარი გორიჯვარი. IV საუკუნის დასაწყისში მთის წვერზე აღიმართა ჯვარი, მას შემდეგ იწოდება იგი გორიჯვრად. ტაძარი წმინდა გიორგის სახელს ატარებს. როგორც გასული საუკუნის ისტორიული მასალებიდან ირკვევა, გორიჯვარზე ორი ეკლესია მდგარა, რომელთაგან ერთი VIII-IX ს.-ის ნაგებობა იყო. ეს დადასტურდა 1988 წ. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად. გორიჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე, ისტორიკოს ვახუშტის გადმოცემით, დაკრძალულია წმინდა გიორგის თავი. მეორე ეკლესია გვიანი ხანის ნაგებობას წარმოადგენდა. 1920 წლის მიწისძვრამ სულ დაანგრია გორიჯვარიც და მისი შემოგარენიც. 1978-1988 წლებში აღდგა გორიჯვრის ტაძარი. ტაძრის მოხატულობა შეასრულა მხატვარმა ნოდარ აბრამიშვილმა. ეკლესია აკურთხა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. გორიჯვრის მიდამოებში არის სამკურნალო წყალი, რომელიც ძველი დროიდან არის ცნობილი.
გრემის კომპლექსი
ეკლესია (კახეთი - ყვარლის რაიონი)
გრემის კომპლექსში ფუნქციონირებს გრემ-ნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი. ნაკრძალი ტერიტორია მოიცავს XVI ს-ის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, XVI ს-ის მარანს ქვევრებით და საწნახელით, სავაჭრო და მეფე - დიდებულთა უბნებით, სადაც შემორჩენილია დიდებულთა აბანოს ნაშთები.
გრემის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
ეკლესია (კახეთი - ყვარლის რაიონი)
გრემის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის მისი შესასვლელის თავზე შემორჩენილი სამენოვანი სამშენებლო წარწერა (ქართულ, სომხურ და სპარსულ ენებზე). აი, ქართული წარწერის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ნაწილი: „მე ფრიად ცოდვილმან მათარსი აღვაშენე კარის ეკლესია ესე ... ჟამსა შინა მეფობასა მისისა პატრონის ალექსანდრესითა, წელსა მეოცდა სამესა ქ~კსა სპა...“ სამივე წარწერაში ერთი შინაარსია, მაგრამ ზუსტ თარგმანს არ წარმოადგენს. ისინი ერთმანეთს ავსებს და მთლიანობაში იძლევა შემდეგ ინფორმაციას: 1595 წელს, ალექსანდრეს მეფობის დროს მათარსი ზაქარიას ძეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აუგია თავის კარის ეკლესიად. ის აღუმართავს თავისი მეუღლის საფლავზე და შესაწირი უბოძებია მისთვის (სამი კომლი, ვენახი, დუქნები და ა.შ.).
გრემის წმ. ნიკოლოზის ეკლესია
ეკლესია (კახეთი - ყვარლის რაიონი)
გრემის ტერიტორიაზე პირველი დასახლება, სავარაუდოდ, გვიანი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა. თუმცა, მისი, როგორც სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორია, XV საუკუნიდან დაიწყო. გვიან ფეოდალურ ხანაში გრემი კახეთის ერთ-ერთი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო. 1466 წელს კახეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა. XV საუკუნიდან აქ ამრავლებდნენ ხელნაწერებს; აქვე ლიტერატურულ-კულტურულ მოღვაწეობას ეწეოდნენ დავით მეფე, ქეთევან დედოფალი, თეიმურაზ I და სხვ. ხალხში დღემდე შემორჩენილია გადმოცემა გრემში სამეცნიერო დაწესებულების – აკადემიის არსებობის შესახებ; აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზები.
გუდალეთის ტაძრის კომპლექსი
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
გუდალეთში ტაძრის აგების შესახებ ქართულ მატიანეებს არავითარი ცნობა არ შემოუნახავთ. მხოლოდ ორიოდ ისტორიულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომ XIV საუკუნეში სოფელი სვეტიცხოვლის კუთვნილება ყოფილა; XVIII საუკუნეში ეს ადგილები სახასო იყო. ცნობილია რომ გიორგი სააკაძის შთამომავალნი – თარხნიშვილები – კავთისხევის მოურავები იყვნენ და გუდალეთიც მათ საბატონოში შედიოდა.
გურჯაანის ქვაშვეთის ეკლესია
ეკლესია (კახეთი - გურჯაანის რაიონი)
გურჯანის ქვაშვეთის ეკლესიის შესახებ ისტორიული ცნობები მწირია. ეკლესიის დათარიღების საფუძველს იძლევა სამხრეთი შესასვლელის ტიმპანში და გვერდებზე ჩაყოლებული საფლავის ქვები, რომელთაგან ერთ-ერთზე იკითხება: „უ პ“ ანუ 1792 წელი. ბუნებრივია, ეკლესია ამ თარიღიდან სულ ცოტა ათი წლის შემდგომ მაინც უნდა აეშენებინათ. ამას გარდა, აგების პერიოდზე თვით არქიტექტურული თავისებურებანიც მიუთითებს. ამიტომ ვ. ბერიძე მისი აგების პერიოდს XVIII საუკუნის მიწურულს, ანდა XIX საუკუნის დასაწყსს მიაკუთვნებს.
გურჯაანის ყველაწმინდის ეკლესია
ეკლესია (კახეთი - გურჯაანის რაიონი)
გურჯაანის ყველაწმინდა, ან უბრალოდ ყველაწმინდა — VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების („გარდამავალი ხანის“) უმნიშვნელოვანესი ძეგლი — ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. მდებარეობს ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ზე VII საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული ხელოვნების ისტორიაში დაიწყო განვითარების ახალი საფეხური, რომელიც X საუკუნის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა. მას გარდამავალი ხანის ხელოვნება უწოდეს. ეს პერიოდი ხასიათდება სტილისტური მრავალფეროვნებითა და ამ მრავალფეროვნებით გამოწვეული თავისებურებებით, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად უნიკალურ ნიმუშებს გვაძლევს. გარდამავალ ხანაში ირღვევა არქიტექტურის კლასიკური ფორმები და იწყება ახალი გზების ძიება. ხშირად ერთმანეთს ერწყმის ორი სრულიად განსხვავებული არქიტექტურული ტიპი. ამგვარი მოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში გურჯაანის ყველაწმინდაა. შიდა სივრცის გადაწყვეტის მიხედვით, ის სამნავიანი ბაზილიკაა, მაგრამ გუმბათოვანი გადახურვა აქვს, თანაც ტაძარს ერთის ნაცვლად ორი რვაწახნაგა გუმბათი ადგას, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს სხვა ქართული ძეგლებისაგან. გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქალაქიდან ორი კილომეტრის დაშორებით, კახთუბნის ხეობაში მდებარეობს. წერილობითი წყაროები ტაძრის აგების შესახებ არ მოგვეპოვება, თუმცა სტილისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ იგი VIII-IX საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. გურჯაანის ყველაწმინდის ტაძართან და აქ არსებულ მამათა მონასტერთან დაკავშირებულია ლეგენდა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე, რომელიც წლების განმავლობაში აქ ინახებოდა. მღვდლის, პოლიკარპე კარბელაშვილის ცნობით, ხატის ცენტრალური ნაწილი (ღვთისმშობელი ყრმით) საღებავით ყოფილა დაწერილი, ხოლო გარშემო მოოქროვილი ჭედური ჩარჩო ჰქონია შემოვლებული. ხატის სიგრძე დაახლოებით 30 გოჯი იყო, ხოლო სიგანე - 7. ამ ხატთან დაკავშირებული ყოფილა ასეთი ისტორია: 1615 წლის შემოდგომაზე შაჰ-აბასის კახეთში ლაშქრობის დროს მონასტრის წინამძღვარი ყოფილა მამა იოანე. მან შეკრიბა მონასტრის საძმო და მათთან ერთად გადაწყვიტა, მონასტერი არ მიეტოვებინათ, მაგრამ ტაძრის სიწმინდეები და საეკლესიო ნივთები დროებით ტაძრის ქვემოთ, საიდუმლო ოთახში გადაემალათ. იმავე ღამეს მამა იოანეს სიზმარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, წამებულის მონასტრის წმინდა გიორგის ტაძრის (ყველაწმინდას მონასტრიდან 1-2 კილომეტრში) სვეტში პატარა ნიშა ამოეჭრა, იქ ივერიის ღვთისმშობლის ხატი დაებრძანებინა, ხოლო ნიშა ამოექოლა. მეორე დილას მამა იოანეს ძმებისათვის გაუცნია ღვთისმშობლის ნება და ხატი სვეტში დაუმალავს. შაჰ-აბასის შემოჭრის შემდეგ აოხრდა მრავალი სოფელი და მონასტერი, მათ შორის ყველაწმინდასა და წამებულის მონასტრებიც, დაიხოცნენ ბერებიც. ამდენად, ამ მონასტრებში ღვთისმსახურება შეწყდა. 200 წლის შემდეგ, კახთუბნის მონატერში მცირე საძმო, იღუმენ გაბრიელის წინამძღოლობით, სასულიერო ცხოვრებას აღადგენს. 1820-1822 წლებისთვის იწყებენ ღვთისმშობლის ხატის ძიებას, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელაც, მამა გაბრიელმა სიზმრად იხილა ყოვლადწმინდა, რომელმაც მას ხატის ადგილსამყოფელი აუწყა. მეორე დღეს მამა გაბრიელი ვეჯინის ამაღლების მონასტრის წინამძღვარ მამა იოსტოსისთან (ერისკაცობაში თავადი ანდრონიკაშვილი) და გურჯაანელი მღვდლის, აბრაამ დემუროვსა და უამრავ მლოცველთან ერთად გაემართა წამებულის მონასტრისაკენ. მითითებულ ადგილას კედლის გახსნის შემდეგ იპოვეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი და კახთუბნის მონასტერში წამოაბრძანეს. მონასტერი კვლავ დაცარიელდა დაახლოებით 1845 წელს, როცა აქაური ბერები ხირსის სტეფანწმინდის მონასტერში, ხატი კი გურჯაანში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაიტანეს. წელიწადში ორჯერ, ღვთისმშობლის მიძინებისა და ტაძრის დღესასწაულზე, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ხატს მიაბრძანებდნენ კახთუბნის მონასტერში, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. ამჟამად ხატის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.