კატეგორია - ეკლესია (გვერდი 3/39)
ანტიოქია (მცხეთის წმინდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია)
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ქართველთა ნათლობის წმიდათა-წმიდა ალაგას აგებული წმიდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია, ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში. ადგილის სახელწოდების მიხედვით, სტეფანწმინდის ტაძარი ანტიოქიის სახელითაცაა ცნობილი. როგორც „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, იგი IV-V სს-ში, წმიდა მირიან მეფის შვილთაშვილსა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილ მეფეს აუგია სპარსელების განდევნის შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად: „მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფანწმიდისა მცხეთას, კართა-ზედა არაგვსათა“.
ანჩისხატის ტაძარი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
გადმოცემით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტაძარი – ყოვლადწმიდა მარიამის ეკლესია (ანუ დღევანდელი ანჩისხატი) ერთადერთი იყო თბილისში, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს ზარების რეკვის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული. ამის გამო ძველად მას „ზარის საყდარსაც“ უწოდებდნენ.
არაშენდას მთავარანგელოზის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
არაშენდას მთავარანგელოზის ეკლესია დარბაზულია (9,2X5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობის კუთხეები, პილასტრები, კარ-სარკმლის საპირეები, ლავგარდანი და თაღები თლილი ქვისაა. გარედან სწორკუთხა, შიგნიდან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიულ აფსიდში ღერძზე ვიწრო სარკმელია, მის მარცხენა მხარეს - თაღოვანი ნიშია. აფსიდის სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას, საკურთხევლის წინ - ქვის კანკელი, რომელსაც თაღოვანი შესასვლელი აქვს.
არაშენდას ფერისცვალების ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
არაშენდას ფერისცვალების ეკლესია დარბაზულია (7,1X5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. სარკმლები მთლიან თლილ ქვაშია გამოკვეთილი. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. უსწორო ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს - სწორკუთხოვანი ნიშები. ჩრდილოეთ ნიშის ქვემოთ ქვით ნაგები ტუმბაა. სარკმლები დასავლეთ კედლის და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშიცაა. აგურის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესია შიგნიდან შელესილია. აღმოსავლეთ ფასადის კეხში ჩადგმულია ქვა ჯვრის რელიეფით. ეკლესიას შემოვლებული აქვს აგურის ორი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი.
არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
არქიტექტურულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი - აგებულია XII საუკუნის II ნახევარში. ეკლესიას დასავლეთით კარიბჭე ეკვრის, ჩრდილოეთით - მინაშენი. კარიბჭის ჩრდილოეთით საძვალეა. ეკლესიის დასავლეთით დგას სამრეკლო. აგებულია XVI-XVII სს-ში. კარიბჭეს (3,6X5,19 მ) დასავლეთით ღია შესასვლელი აქვს. ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (14,2X8,2 მ), შესასვლელი დასავლეთიდანაა.