კატეგორია - მონასტერი (გვერდი 3/7)
თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერი
მონასტერი (თბილისი - თბილისი)
XVIII ს. 70-იან წლებში ერეკლე II-ის მეუღლეს დარეჯან დედოფალს ავლაბრის ტერიტორიაზე, ძველი ციხის ნანგრევებზე, სასახლე და კარის ეკლესია აუგია. დარეჯან დედოფლის სასახლეს „დარეჯანის სასახლეს“ (საჩინოს) უწოდებდნენ. დარეჯან დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ ეგზარქოსმა თეოფილაქტემ აქ გამართა სასულიერო სემინარია და სამრევლო სკოლები. მიტროპოლიტმა იონამ 1824 წელს ტაძარი აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე და დაარსა მამათა მონასტერი. 1991 წლიდან ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა და დაარსდა დედათა მონასტერი.
იკვის მონასტერი
მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი)
XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. გიორგის ტაძარი მდინარე შაბწყალას (მდ. თეძამის შენაკდი) ხეობაში, კასპის მუნიციპალიტეტში. გეგმით წაგრძელებული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ტაძარი ნაგებია სუფთად გათლილი კვადრებით. ინტერიერში შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები XI საუკუნეს მიეკუთვნება.
იოანე ნათლიმცემლის მამათა მონასტერი
მონასტერი (კახეთი - საგარეჯოს რაიონი)
გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი — იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, დავითის ლავრის დასავლეთით 12 კმ-ზე. წარმოადგენს კლდეში გამოკვეთილ ერთიან კომპლექსს. დაარსებულია VI-VII საუკუნეებში დავით გარეჯელის მოწაფის ლუკიანეს მიერ: „ბრძანებითავე მამისა დავითისითა აღეშენა უდაბნოჲ მრავალმთისაჲ სახელსა ზედა წმიდისა იოანე ნათლის-მცემლისასა“. მონასტერი გამოკვეთილია ზღვიური წარმოშობის ქვიშაქვებისაგან შედგენილი კლდის მასივში. ნაგებობათაგან აღსანიშნავია უჩვეულოდ მაღალი და ვრცელი მთავარი ეკლესია. ჩრდილოეთით მცირე სათავსი ეკვრის, რომელიც ძირითად დარბაზს 2 თაღის მეშვეობით უკავშირდება. საკურთხევლის წინ XVIII საუკუნის II ნახევრის კანკელია. მთავარი ეკლესიის სამხრეთით კიდევ ერთი მცირე ეკლესიაა, რომელშიც კლდეში გამოკვეთილი კიბით შეიძლება ასვლა. მთავარი ეკლესიის შესასვლელში აღმართულია კოშკი და ჭიშკარზე დაშენებული სამრეკლო. ინტერიერში შემონახულია XII საუკუნის I ნახევრის მოხატულობის ფრაგმენტები.
იტრიის სამონასტრო კომპლექსი
მონასტერი (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი)
იტრიის სამონასტრო კომპლექსის შესახებ გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „სურამს ზეით, სამხრიდან მოერთვის ამ წყალს ურთხვის ხევი მას ზეით არის ისტორიული მონასტერი ყოვლადწმინდისა, უგუმბათო, დიდშენი, აწ ხუცის ამარად“. იტრიის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი აგებულია XVI საუკუნის ბოლოს კათალიკოზ დოროთეოზის დაკვეთით. შენებლობის პროცესში "ურუმთ დაუწვავთ", მაგრამ კათალიკოს მონასტრის მშენებლობა მაინც დაუმთავრებია და მრავალი საეკლესიო ნივთიც შეუწირავს
იყალთოს მონასტერი
მონასტერი (კახეთი - თელავის რაიონი)
სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. მონასტრის ტერიტორიაზე მოთავსებულია სამების, ღვთაების და ყველაწმინდის ეკლესიები გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია.
კაცხის მაცხოვრისშობის სახელობის ეკლესია
მონასტერი (იმერეთი - ჭიათურის რაიონი)
კაცხის მონასტერს უდიდესი ისტორია აქვს. ასეთი შესანიშნავი ტაძრის აშენება ამ ადგილზე გვაფიქრებინებს, რომ კაცხი თავის დროზე სამხედრო-სტრატეგიული და საეკლესიო ცენტრი უნდა ყოფილიყო. ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე. ძირითადი ნაწილის შენება დაწყებულა მას შემდეგ, რაც ბაგრატ III-ის მიერ კლდეკარიდან განდევნილი რატი ბაღვაში „დაჯდა მამულსა თუისსა არგვეთასა“ ე.ი. 899 წლის შემდეგ, X საუკუნის მიწურულს, ხოლო დამთავრებულა ბაგრატის მეფობის ბოლოს – 1010 – 1014 წელს. ეს დასტურდება ტაძრის სამხრეთ-დასავლეთი შესასვლელის ტიმპანიის წარწერითაც: „წმინდაო სამებაო, ადიდე შენს მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა და ქართუელთა მეფე, ტაოსა და რანთა, კახთა და ყოვლის აღმოსავლეთის დიდი კურაპალატი“.
კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი
მონასტერი (იმერეთი - ჭიათურის რაიონი)
კაცხის სვეტი — კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია.
კვირიკეს მონასტერი
მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
კვირიკეს კომპლექსის მთავარი ნაგებობა - სამეკლესიანი ბაზილიკა IX-X სს-ით თარიღდება. მისი ამჟამინდელი სახე მრავალგზის გადაკეთების შედეგად არის ჩამოყალიბებული. დღესდღეობით, ახლო–მახლო მცხოვრები მოსახლეობა ამ ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ლარგვისის კომპლექსი
მონასტერი (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი)
ლარგვისის მონასტერი XIV-XV საუკუნეებში მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ლარგვისის მონასტერში ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, თარგმნა, წიგნების მოხატვა. მონასტერში არსებობდა მდიდარი ბიბლიოთეკა, აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები და გადამწერები, მამაშვილი ავგაროზ და გრიგოლ ბანადაისძეები. XV საუკუნის დასაწყისში გრიგოლ ბანდაისძემ დაწერა ,,ძეგლი ერისთვთა”- ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე. ლარგვისის მონასტერი იყო ერთგვარი სახიზარიც, მატიანე გვატყობინებს, რომ 1723 წელს სვეტიცხოვლის სამკაული ლარგვის იყო გახიზნული.
მამკოდის კომპლექსი
მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
ეკლესიები აგებულია IX საუკუნეში. მონასტრის წინამძღვრის, მამა გრიგოლის ცნობით, 1924 წელს ღვთისმშობლის ტაძარი კომუნისტებს აუფეთქებიათ და მას შეუწყვეტია ფუნქციონირება. დედაღვთისას ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა 2006 წელს და მას შემდეგ აღსდგა მსახურება. უნდა აღინიშნოს, რომ წმ. გიორგის ეკლესიის რესტავრაცია ამჟამადაც მიმდინარეობს. თავიდან აქ მამათა მონასტერი მოქმედებდა, ხოლო შემდგომ დედათა მონასტერი.