კატეგორია - ბუნების ძეგლი (გვერდი 2/5)
თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
თეთრი ქათქათა ფერის ნაღვენთებით გამორჩეული ქვედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული 25 მეტრის და 3,5 მ-ის სიმაღლის მღვიმეა, რომლის შესასვლელი 2 მ-ის დიამეტრის შვეული ხვრელით უკავშირდება ვრცელ, ჰორიზონტალურ ფსკერიან დარბაზს. მღვიმე საინტერესოა ძველი სიფონური არხების მრავალფეროვნებით. მღვიმე გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. გასულ საუკუნეში აქ მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმით და ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტებს. იგი მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს, სადაც მოპოვებულია მღვიმური დათვის, ირმის, ბიზონის, მგლის, მელას, კურდღლის ძვლები, ასევე კერამიკის ნაშთები.
თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
თრუსოს ხეობაში - კავკასიონის ჩრდილო ფერდობის ერთ-ერთ გასწვრივ ტექტონიკურ-ეროზიულ ქვაბულში - ბევრგანა არის წყაროების მიერ დალექილი კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები. ისინი მეტწილად დაკავშირებულია კარბონატულ წყებასთან. ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი კასრისხევის ვიწრობის ზემოთაა, თერგის მარჯვენა ნაპირზე. აქ ბლომადაა ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი, წყლის მიერ მოდელირებული ტრავერტინული „მინდვრები“. გამჭირვალე წყალი თხელ ფენად ეფინება ამ თვალისმომჭრელ თეთრ ზედაპირს და აჩენს უამრავ მოკამკამე პატარა გუბეს.
იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - ქუთაისი)
ქვედა ცარცულ კირქვებში გამომუშავებული მცირე ზომის სტალაქტიტებით, სტალაგნატებით და სტალაგმიტებით გამორჩეული თაღის ფორმის შესასვლელიანი 40 მ-ის სიგრძის მღვიმეა, რომელიც მდ. წყალწითელას ხეობის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. 10 მ–ის გავლის შემდეგ მღვიმის სიგანე მცირდება 2,5 მ–დე, ბოლო ნაწილში ჭერი 0,5 მ–მდე დაბლდება. მღვიმე ბოლოში ლამიანი ჩამონაშლითაა გადაკეტილი. მღვიმე მრავალი ტროგლობიონტი ცხოველითაა დასახლებული. აქ მოპოვებული ცხოველთა ძვლები და კაჟის იარაღები ცხადყოფს , რომ მღვიმე პალეოლითის ხანის ადამიანის სადგომს წარმოადგენდა.
მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მარტვილის რაიონი)
ასხის მასივის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდ. აბაშის მარცხენა შენაკადი კირქვის ქარაფში გამოდის მღვიმიდან და იქვე ეცემა დაახლოებით 40 მეტრიდან. ჩანჩქერი დაცემის ადგილას 12 მ დიამეტრის ორმოს წარმოქმნის. წყალი ორმოში მდუღარესავით ბობოქრობს. ჩანჩქერის შხეფები ხშრად ცისარტყელას წარმოქნის. მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ არის კდევ ორი მომცრო ჩანჩქერია. ჩანჩქერებს დაჰყურბს 200 მ სიმაღლის კირქვული ქარაფი. ჩანჩქერის მიდამოები აგებულია ზედაცარცული კირქვებით და ხშირი ტყითაა შემოსილი. ყურადღებას იპყრობს ბზის სქელი ტევრები, რომლებშიც საკმაოდ ძნელია გავლა. აქვეა ადგილი რაჩხა კარსტლი წყლების უხვი გამოსავლებით.
მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
მელოურის მღვიმე თავისი მასშტაბებით საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა. ჩასასვლელი 8-10 მეტრის სიღრმის ჩაქცევითი ძაბრის ფსკერზე იხსნება და გიგანტური კირქვის ნაზვავ ლოდებში 15 მ სიღრმემდე ეშვება, დასაწყისში მღვიმეში გადაადგილება შედარებით რთულია, მაგრამ იმის გამო რომ მღვიმე გამოირჩევა ნაპრალთა ხშირი ქსელით მათი გადაკვეთის ადგილებში ვრცელი დარბაზებია წარმოდგენილი (100X40X30მ). დარბაზების ბოლოს რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე წრმოქმნილია კანიონისებური ხეობა, სადაც გაედინება მუდმივი ნაკადი. აღნიშნული ნაკადი კანიონში გადაადგილებისას გზადაგზა ჩქერებსა და ჩანჩქერებს, ხოლო ბოლო მონაკვეთში სიფონურ ტბას აჩენს. მღვიმის წინა მონაკვეთისათვის დამახასიათებელია ქიმიური ნალექები: სტალაქტიტები და დიდი ზომის სტალაგმიტები. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები, ობობები და ხოჭოები. მღვიმეს გააჩნია მრავალი უცნობი დერეფანი და განშტოება რომელთა შესწავლა დამატებით კვლევის საგანს წარმოადგენს. მელოურის მღვიმე არცთუ რთული გასავლელია, მღვიმის მონახულება შეუძლია ზრდასრულ, ჯანმრთელ ნებისმიერ ადამიანს, აუცილებლად გამოცდილი გამყოლის თანხლებით. მღვიმის დასათვალიერებლად საჭიროა 8-9 საათი. საჭირო აღჭურვილობა: ჩაფხუტი განათებით, მაღალყელიანი, სქელძირიანი, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მარტვილის რაიონი)
ბუნების ძეგლი წარმოადგენს ასხის მასივზე, ტაბაკელას ქედის ჩრდილო-დასავლეთს ფერდობზე, მდინარე აბაშის ხეობის მარცხენა მხარეს ეოცენური ასაკის შრეებრივ კირქვებში გამომუშავებულ ორსართულიან მღვიმეს, სადაც გაედინება მუდმივმოქმედი ნაკადი, რომელიც მდ. აბაშას უერთება. მისი წინა ნაწილი ჩამონგრეულია და ღია ხეობას წარმოადგენს. აქვე ამოყვანილია ქვითკირის კედელი, დატანილია სათოფურები. მღვიმე ორი დიდი დარბაზისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ვიწრო, მაგრამ მაღალი გასასვლელებით უკავშირდებიან. ბოლო დარბაზის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში 10 მ საფეხურია, რომლითაც მღვიმის მეორე სართულზე შეიძლება მოხვედრა. აქ მრავლადა: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ტრავერტის კასკადები, გურები, ფარდები, ასევე დიდი ზომის ლოდები, გამოფიტვის ადგილობრივი მასალა. მღვიმეში ბინადრობენ ობობები და სხვა მწერები. ისტორიული ნაგებობა შუა საუკუნეებში გამოყენებული იყო ციხე-სიმაგრედ.
მუხურას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - ტყიბულის რაიონი)
60-70 მ სიმაღლის სამსაფეხურიანი ჩანჩქერი გადმოედინება აღმოსავლეთ ექსპოზიციის ფერდობზე მდებარე მღვიმიდან. მღვიმეში ერთი პატარა და ერთი დიდი ტბაა. ჩანჩქერის ნაპირები დაფარულია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით. აქ მრავალი ენდემური ცხოველი ბინადრობს, კერძოდ: კავკასიური თხუნელა, რადეს, ვოლნუხინის და კავკასიური წყლის ბიგები.
ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - თერჯოლის რაიონი)
კარსტული ძაბრის ფსკერიდან სპირალურად ჩადის ქვევით და შემდეგ 140 მ სიგრძის ვიწრო, ნაკადოვანი გვირაბის ფორმას იღებს. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. მღვიმე შედგება ვიწრო დერეფნებისა და პატარა დარბაზებისაგან. წინა ნაწილი ორსართულიანია. გვხვდება ტერასების ფრაგმენტები. ქიმიური და მექანიკური ნალექები სუსტად არის წარმოდგენილი. განშტოებების შეერთების ადგილზე პატარა ნაკადული ისახება. წვიმების დროს მთლიანად წყლით ივსება. მღვიმე ადვილი გასასვლელია. ზოგიერთი ადგილას საჭიროა ხოხვით ძვრომა.
ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - თერჯოლის რაიონი)
განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. ი მღვიმე შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არა აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია.