კატეგორია - ეკლესია (გვერდი 37/39)
წმ. შიოს ეკლესია (არტოზანის)
ეკლესია (კახეთი - თელავის რაიონი)
წმ.შიოს სახელობის მონასტერი, რომელიც დღეს მოსახლეობაში შიოს მარნის სახელითაა ცნობილი, მდებარეობს მდ.თურდოს მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილას, ახლანდელი სოფ.რუისპირსა და იყალთოს შორის. ისტორიულ და უკვე გამქრალ სოფელ არტოზანში (მღვდელი მიხეილ ხელიძე სწორედ ასე მოიხსენიებს მას ჟურნალ ”ივერია“-ს 1888 წ. N90-ში). მონასტრის ნაგებობათაგან ამჟამად მხოლოდ წმ.შიოს სახელობის ეკლესიაა შემორჩენილი. სხვა ნაგებობები თითქმის საძირკვლის დონეზეა დანგრეული. წმ.შიოს სახელობის ეკლესია აგურით ნაშენი დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელსაც აღმოსავლეთით განზიდული, ხუთწახნაგა აბსიდა აქვს. ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა.
წმიდა სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესია
ეკლესია (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში წმიდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი, რომელიც სერიოზულად იყო დაზიანებული 2012 წლის 1 აგვისტოს გაიხსნა. ეკლესია მე–19 საუკუნეშია აშენებული და სერაფიმე საროველის სახელობის ერთადერთი ტაძარია საქართველოში. მეოცე საუკუნის დასაწყისის (სავარაუდოდ 1903-1905 წლები) ჯვარგუმბათოვანი ტაძარი სოფ. სამრეკლოს განაპირას. იგი რუსული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ფორმებით გამოირჩევა. არსებობს მოსაზრება, რომ წმ. სერაფიმ საროველის სახელზე აგებული პირველი ტაძარია მსოფლიოში.
წმინდა ნინოს წყარო
ეკლესია (კახეთი - სიღნაღის რაიონი)
წმიდა ნინოს წყარო მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამიტომაც ეწოდება წმიდა ნინოს წყარო. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა. წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების - წმიდათა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
სამების ტაძრისთვის საძირკველი 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით. ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. სასულიერო პირებმა ტაძრის საძირკველში ჩააყოლეს წმიდა ადგილებიდან ჩამოტანილი სიწმინდეები. სამების საკათედრო ლავრის სიმაღლე მიწიდან ჯვრის ძირამდე 77 მ. ჯვრის სიმაღლე კი 7.5 მ. მიწის ქვემოთ საძირკვლამდე სიღრმე 13 მ. ტაძრის სიგრძე - 70 მ, სიგანე - 64 მ. ტაძრის მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში - 4. ტაძრის არქიტექტურა ძველი ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრებისა და თანამედროვე გადაწყვეტის შერწყმას წარმოადგენს.
წოფის ციხე
ეკლესია (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
წოფის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, ისტორიულ სომხითში, მდ. ბანოშისწყლის (ძვ. ხოჟირნა) მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. სადახლოს დასავლეთით 7 კმ-ზე). წოფის ციხის მიდამოებში ადამიანის ცხოვრების კვალი ქვედა პალეოლითის ხანიდან დასტურდება. აქაური დანგრეული გამოქვაბული - მუსტიეს ხანის სადგომია. წოფის ციხის მიდამოებშივეა ზედა პალეოლითისა და ენეოლითის ხანის, გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარები. წოფის ციხე ფუნქციონირებდა VI-XIII საუკუნეებში. სიმაგრე კლდოვან მთაზეა აგებული. შემორჩენილია ზედა ციხის ნანგრევები და გალავნის ფრაგმენტები, რომლითაც კლდოვანი ფერდობის დიდი ტერიტორია იყო შემოზღუდული. ზედა ციხეში 2 სათავსია და 4 ნახევრად წრიული ბურჯი. აქვეა საცხოვრებელი კომპლექსების ნაშთები და მცირე ეკლესიის ნანგრევები. კლდეკარში, ზღუდის წყობაში და სხვა ნაწილების შენებისას გამოყენებულია უფრო ადრეული „ციკლოპური“ კედლები. წოფის ციხესთან ნასოფლარია. შემორჩენილია ორი დარბაზული ტიპის საყდარი, რომლებიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება.
წრომის ტაძარი
ეკლესია (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი)
ჯერ კიდევ IV საუკუნეში წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც მემატიანის გადმოცემით, 457 წელს, აგვისტოში, წამებით მოუკლავთ რაჟდენი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო. ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, როგორც აკადემიკოსი გ. ჩუბინიშვილი აღნიშნავს, 626-63 წლებში ერისმთავარ სტეფანოზ II-ს აუგია წრომის დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი. წრომის ტაძარი 626-634 წლებში, ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით აიგო. ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა: XI და XII საუკუნეებს შორის და XVI-XVII საუკუნეებში. 1731 წლის 24 სექტემბერს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა გალავანი. 1940 წლის 8 მაისის მიწისძვრამ ძალზე დააზიანა ტაძარი.
წუღრუღაშენის ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
წუღრუღაშენის ტაძარი მრავალი საუკუნის განმავლობაში უკაცრიელი იყო და უკაცრიელობის პერიოდში დაზიანებულა გადახურვა და გუმბათი მთლიანად და ტაძრის ზოგიერთი დეტალი. ადრეულ ისტორიულ წყაროებში ძეგლზე ცნობები არ მოიპოვება. რაც ვიცით მხოლოდ ტაძარზე არსებული წარწერების წყალობით. ძეგლზე სამი წარწერაა. პირველი წარწერიდან, რომელიც დასავლეთ კარის მარჯვნივ არის, ვიგებთ რომ ტაძარი „დიდისა გიორგი მეფეთ მეფის“ (ტაძრის სტილისტურმა ანალიზმა გვიჩვენა რომ აღნიშნული მეფე ლაშა–გიორგი უნდა ყოფილიყო) მეფობის ხანაში აუგია ვინმე ჰასან არსენის ძეს. მეორე წარწერა, სამხრეთი კარის თავზე თითქმის იგივე ცნობებს შეიცავს. მესამე დაუმთავრებელი წარწერა კი დასავლეთის კარის თავზეა ამოკვეთილი.