კატეგორია - ტბა (გვერდი 12/13)
წუნდის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1539 მ სიმაღლეზე. განფენილია თმოგვის ციხესიმაგრის ნანგრევების სიახლოვეს. სარკის ფართობი — 0,034 კმ², აუზის ფართობი 1,8 კმ². უდიდესი სიღრმე 10,8 მ, საშუალო სიღრმე 6,6 მ. წყლის მოცულობა 284 ათ. მ³. ტბის ქვაბული წარმოქმნილია ახალქალაქის ლავური პლატოს დასავლეთი პერიფერიის დამეწყვრის შედეგად მდინარე მტკვრის ხეობაში. წარსულში ტბა აფეთქების კრატერად ანუ მაარად მიაჩნდათ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ტბა გაუდინარი და მტკნარია. აქვს მიწისქვეშა ჩამონადენი.
ხადიკის ტბა
ტბა (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
ხადიკის ტბა — ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს წალკის წყალსაცავის სამხრეთით, ზღვის დონიდან 1534 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,14 კმ, აუზის ფართობი 0,81 კმ². მაქსიმალური სიღრმე 1,6 მ, საშუალო სიღრმე 0,86 მ. წყლის მოცულობა 0,12 მლნ. მ.
ხანჩალის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდის რაიონი)
ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 1928 მ. სარკის ფართობი 13,3 კვ. კმ, აუზის ფართობი 182 კმ². უდიდესი სიღრმე 0,8 მ, წყლის მოცულობა 6,4 მლნ. მ³. ყინულითაა დაფარული ნოემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე. თევზი ცოტაა. ტბის ირგვლივ გაშენებულია ქალაქ ნინოწმინდის რამდენიმე უბანი და სოფლები: დიდი ხანჩალი და პატარა ხანჩალი.
ხოზაფინის (კარწახის) ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქის რაიონი)
ხოზაფინი, კარწახის ტბა — ტბა სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 1799 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობია 26, 3 კმ², აუზის ფართობია 158 კმ², უდიდესი სიღრმე 1 მ, წყლის მოცულობაა 19, 3 მლნ. მ³. უკავია კარწახის სინკლინური ქვაბული. სახელმწიფო საზღვრით ტბა ორ ნაწილად იყოფა. ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილი (სარკის ფართობი 53%) საქართველოს ფარგლებშია, სამხრეთ-დასავლეთი — თურქეთში. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყლის დონე მაქსიმუმს აღწევს ივნისში, მინიმალურს — თებერვალში. ტბა გაუდინარია. წყალი მომლაშოა (880 მგრ/ლ). დეკემბრიდან მარტის მეორე ნახევრამდე დაფარულია ყინულით.