კატეგორია - ეკლესია (გვერდი 2/39)
ავენისის წმინდა გიორგის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
კომპლექსის მცირეფართობიანი ტერიტორია აღმოსავლეთი და ნაწილობრივ ჩრდილოეთი მხრიდან საყრდენი კედლითაა გამაგრებული. სამხრეთი და ჩრდილოეთი მხრიდან ეზოს მრუდხაზოვანი მოხაზულობის დაბალი გალავანი ფარგლავს. ეკლესია ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში დგას და აღმოსავლეთის ფასადით ღელეს გადაჰყურებს. დანარჩენი ნაგებობები ეზოს დასავლეთ ნაწილში მიჯრითაა განლაგებული.
ავკვეთის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ავკვეთის ეკლესია დარბაზულია (16,8 X 13,7 მ), ნაგები თლილი ქვით. საპირე ქვა ვარდისფერი და მწვანეა. ნაგებობის შიდა კედლები ამოყვანილია წვრილი ქვით. შენობა დაზიანებულია (აქ დასაზუსტებელია): შემორჩენილია მხოლოდ ეკლესიის და დასავლეთ სათავსების კედლების ქვედა ნაწილი; დანგრეულია ეკლესიაზე ბევრად დაბალი და ვიწრო ეგვტერებიც, რომელიც ეკლესიის სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკვრის. ჩანს მხოლოდ მათი გეგმის კონტურები.
აზავრეთის დარბაზული ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ახალქალაქის რაიონი)
აზავრეთი, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ჩამოუდის მდინარე აზავრეთისხევი. ზღვის დონიდან 2100 მ., ახალქალაქიდან დაშორებულია 21 კმ–ით. არის მოსაზრება, რომ სოფლის სახელის ეტიმოლოგია აზავერს („ხარია საკიდარი“ - საბა) უკავშირდება. თითქოს აზავრეთში გამოჰყავდათ აზავრები. სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის შუა საუკუნეების დიდი ეკლესია, რომელიც რესტავრირებულ იქნა გასული საუკუნის 90-იან წლებში. ეკლესიის ერთ-ერთ შემორჩენილ ბარელიეფზე გამოსახულია წმინდა დანიელი ლომების ხაროში. შემორჩენილია ასევე ბოლნური ჯვარი.
აკაურთას ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
აკაურთა - სოფელი ბოლნისის რაიონში (ბოლნისის ეპარქია). შუა ხრამის მთისწინეთში, მდინარე მაშავერის მარცხენა მხარეს... ზღვის დონიდან 720 მ., ბოლნისიდან 12 კმ-ზე. ზღვის დონიდან 720 მ-ზე... აკაურთაშია მსხვილი თლილი კვადრებით ნაშენი ეკლესია (V-VI სს.), რომელსაც აღმოსავლეთით შვერილ - წახნაგოვანი აბსიდა აქვს. როგორც ჩანს, ეკლესიის ნავი სვეტებით იყო დანაწევრებული. შემორჩენილია რამდენიმე რელიეფური გამოსახულება. აკაურთა სამნავიანი ბაზილიკა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა (მოგვიანებით ბაზილიკის ოთხი სვეტი მოანგრიეს და სამი ნავის ნაცვლად ერთიანი სივრცე მიიღეს). ეკლესიის ზომებია გარედან: სიგრძე - 15,5 მ, სიგანე 10 მ, სიმაღლე შიგნით 8 მ. ძეგლი რეაბილიტირებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2007 - 2008 წლებში.
ალანძიის ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
ალანძა, ტოლოში — VIII-IX საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ერთნავიანი დარბაზული ეკლესია მესხეთში, მდინარე ტაშლაყაშის მარჯვენა მხარეს (ასპინძის მუნიციპალიტეტი). სოფ. ტოლოშიდან 1,5 კმ. ალანძას ჩრდილოეთ კედელთან შემორჩენილი აქვს მოკლე, სწორკუთხა მინაშენის ნაშთი. ნავის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე სვეტისთავებით დაგვირგვინებული თითო პილასტრია, რომლებსაც ნალისებრი მოხაზულობის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. კედლის საშენ მასალად გამოყენებულია ტლანქად გათლილი ბაზალტის ქვები. ფასადებისა და კარ-სარკმლების კუთხეები ნაგებია სუფთად გათლილი ქვიშაქვით. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა ცალკეული შემამკობელი ელემენტები.
ალასტანის ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ახალქალაქის რაიონი)
სოფლის ცენტრში დგას X-XI სს. დარბაზული ეკლესია. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე არის ორი წარწერა. ერთი იკითხება: „ესე მე ოძელმან დავდე ქვა“. მეორე წარწერის წაშლა უცდიათ საგულდაგულოდ, საღებავიც გადაუსვამთ ისე, რომ აღარ ირჩევა. სოფელში ქართული ეკლესიის უკანვე აშენებულია XIII-XIV საუკუნეების სომხური დიდი ეკლესია.
ალევის სამების ტაძარი
ეკლესია (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი)
ალევი, ძველი სოფელი ქსნის მარცხენა შენაკად ალეურის ქვემოწელზე (ახლანდელი ახალგორის რაიონი). იყოფოდა ქვემო და შუა უბნებად, რომლებიც შემდეგ ცალ-ცალკე სოფლებად იქცნენ (ახლანდელი ქვემო ალევი და შუა ალევი). ადამიანს ამ მიდამოებში უკვე ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. გვხვდება ანტიკური პერიოდის სამარხებიც. ფაოდალურ ხანაში ალევი ჯერ ქსნის ხევში შედიოდა, შემდეგ - ქსნის საერისთავოში. ეკუთვნოდა ალევის სამების ეკლესიას (VIII-IX სს.), რომელიც მის სამხრეთ-აღმოსავლეთით 3-4 კმ-ზე უნაგირა მთის თხემზე დგას. ალევის ე. წ. ოქროსკარიანი სამების ეკლესია მდიდარი და განთქმული სალოცავი იყო აღმოსავლეთ საქართველოში. ეკლესია დარბაზულია, სწორკუთხა საკურთხევლითა და ტრომპებზე დაყრდნობილი კონქით. 1804 წელს ალევში 500-ზე მეტი კაცი ცხოვრობდა 33 კომლად. 1865 იგი ქსნის საპოლიციო უბნის ზემო ალევის სასოფლო თემში შედიოდა და 50 კომლს ითვლიდა.
ალექსეევკა-დრანეთის ეკლესია (წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი)
ეკლესია (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
ეკლესიის საპროექტო-კვლევითი-გაწმენდითი სამუშაოების დროს, აღმოაჩინეს უნიკალური ვერცხლის კანდელი ძეგლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, ჩაქცეული კრამიტისა (სახურავის) და ნანგრევი ქვა-ღორღის (კამარის) ფენებს შორის აღმოჩნდა. პალეოგრაფიული ნიშნებისა და ორნამენტის მოტივის მიხედვით, კანდელი განვითარებული შუასაუკუნეებით თარიღდება მისი ანალოგიები იშვიათია სამეცნიერო პუბლიკაციებში და მუზეუმის ფონდებში. დრანეთის კანდელი შუასაუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშს წარმოადგენს.