კატეგორია - ციხე-კოშკი (გვერდი 2/12)
ბზიფის ციხე
ციხე-კოშკი (აფხაზეთი - გუდაუთის რაიონი)
ციხესიმაგრე აფხაზეთში. მდებარეობს გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზიფში. გალავანშემორტყმული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მდებარეობს VIII-X საუკუნეების ტაძარი და სხვა ნაგებობების ნაშთები. გალავანს დატანებული აქვს კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია, ინტერიერში გუმბათი ოთხ თავისუფალ მდგარ ბოძს ეყრდნობა, აღმოსავლეთით შვერილწახნაგოვანი აფსიდები აქვს. ფასადებს დეკორი ამკობს. ციხესიმაგრეს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
ბირთვისის ციხე
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
ბირთვისის ციხის აგების თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიულ წყაროებში პირველად იგი XI საუკუნეშია მოხსენებული. როგორც „მატიანე ქართლისაის“ ავტორი გვატყობინებს, თბილისისთვის ერთ-ერთი ბრძოლის დროს „ლიპარიტ ლიპარიტის ძემან და ივანე აბაზას-ძემან, ქართლის ერისთავმან, მუხათგუერდსა გამოიტყუეს ტფილისელი ამირა ჯაფარ, და შეიპყრეს, და დიდი ხანი დაყვეს პატიმრობასა შინა, და წარუღეს ბირთვისი“. როგორც ირკვევა, ბაგრატ III-ის მეფობის დროს, ქვემო ქართლის ნაწილი ბირთვისიანად ამირას ხელში იყო. მოგვიანებით კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ლიპარიტის ძემ, სხვა ციხეებთან ერთად, ბირთვისის ციხეც დაკარგა.
ბოჭორმას ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
ბოჭორმის ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო X საუკუნეში უჯარმის შემდეგ, იგი აგრეთვე კახეთის პოლიტიკური ცენტრიც იყო. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, ციხესიმაგრე უძველეს ციხეთა რიცხვს განეკუთვნება. მას თავდაპირველად დედაციხე ერქვა, შემდგომ ვეჭორმა დაერქვა, ბოლოს კი – ბოჭორმა. ცნობილი არაა ციხის აგების თარიღი. პირველად ციხე იხსენიება X საუკუნის დასაწყისში.
გაგის ციხე
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - მარნეულის რაიონი)
გაგი, აღჩაყალა, აღჯაყალა (თურქ. akçakale — თეთრი ციხე) — ციხესიმაგრე ქვემო ქართლში. მისი ნანგრევები შემორჩენილია მდინარე დებედის ქვემო წელის მარჯვენა ნაპირის ვაკეზე, სოფ. კუშჩის (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მახლობლად. წყაროებში პირველად იხსენიება XI საუკუნეში. სომეხი ისტორიკოსის — ვარდანის (XIII ს.) ცნობით ციხესიმაგრე აუგია ანისის მეფე გაგიკ I-ს (990-1020). ციხის ნანგრევები მოწმობს, რომ იგი გაცილებით უფრო ძველი ნაგებობაა და გაგიკ I-ს, როგორც ჩანს, მხოლოდ განუახლებია.
გიორგი სააკაძის ციხე-კოშკი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
გიორგი სააკაძის ნასახლარი თარიღდება XV-XVIII საუკუნეებით. ნასახლარის ტერიტორიაზე შემორჩენილია: გალავანი, კოშკი, სასახლე, საცხოვრებელი სახლი, აბანო, საჯინიბო, სამების და ღვთისმშობლის ეკლესიები. მთავარი ნაგებობაა ექვსსართულიანი კოშკი (5,5 X 5,5 მ),
გირევის კოშკი
ციხე-კოშკი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
გირევის კოშკი — მდებარეობს თუშეთში, ნასოფლარ გირევის დასავლეთით 0,5 კილომეტრზე, კლდეზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. იგი ხუთსართულიანია (4,2 X 3,9 მ, სიმაღლე 18,3 მ), ზემოთკენ შევიწროვებული, ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. კოშკის პირველი და ზედა სართული შეკრული კამარითაა გადახურული, დანარჩენების კი, ხის კოჭებს დაყრდნობილი ბრტყელი გადახურვა ჰქონია. კოშკში შესასვლელი პირველი სართულის სამხრეთ კედელშია - მიწიდან 2,1 მეტრის სიმაღლეზე. კარი ბრტყელი თაღითაა გადახურული. სართულის დანარჩენ კედლებში თითო სათოფურია. პირველი სართულის ქვემოთ ყრუკედლებიანი დაბალი სათავსია. პირველი სართული მეორე სართულთან, კამარაში მოწყობილი სწორკუთხა ხვრელითაა დაკავშირებული. მეორე სართულის სამხრეთ კედელში სარკმელია, დანარჩენ კედლებში – თითო სათოფური. მესამე და მეოთხე სართულების გადაწყვეტა მეორის ანალოგიურია. მეხუთე სართულს ყოველ მხარეს, ქვის კონსოლზე დაყრდნობილი თითო სწორკუთხა მაშიკული აქვს, რომელთა ზემოთ ისრულთაღოვანი სარკმელი „სამზირი“ გრძელდება.
გორის ციხე
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
მე-XVII საუკუნეში როსტომ მეფემ გორში მცხოვრებ ერთ-ერთ მისიონერს ქრისტეფორე კასტელს დაახატვინა გორის ციხის ნახატი. კასტელის ნახატი პირველია ჩვენამდე მოღწეულ საქართველოს ციხეთა ამსახველ ნახატებს შორის. ამ ნახატიდან ირკვევა, რომ დღეს არსებული ციხის მეტი ნაწილი სწორედ როსტომის დროს არის აგებული. კასტელის ნახატის მიხედვით გორის ციხეზე ოთხი დროშა ფრიალებს. ციხის ფერდობზე დახატულია ბანაკი, შუბებით შეიარაღებული ცხენოსნები და სხვა. იქვე ნაჩვენებია ერთ და ორსართულიანი სახლებიც.
დარიალის კომპლექსი
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
დარიალის ვიწრო გასავალი დერეფანი ისტორიაში უძველესი დროიდან იყო ცნობილი, აქ ჩრდილოეთის გზა გადიოდა, დღეს საქართველოს სამხედრო გზად წოდებული. ამ გზას განსაკუთრებული პოლიტიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ძველი საქართველოს (იბერიის) სამეფოსათვის, რომლის სატახტო ქალაქი-მცხეთაც არაგვ-მტკვრის გზაჯვარედინზე მდებარეობდა და არაგვის ეს ვიწრო და ძნელი გზა დარიალის კარებით იყო ჩაკეტილი.
დარიალის ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
დარიალის კომპლექსი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისტორიულ ხევში, დაბა სტეფანწმინდის ჩრდილოეთით 20 კმ–ში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზის ბოლო მონაკვეთთან, კლდოვან მთაზე. მას თამარის ციხესაც უწოდებენ, ციხის უკანა მხარეს კლდეზე თამარ მეფის სახეცაა გამოკვეთილი. ნანგრევებში სხვადასხვა დროის (ძვ.წ. II - ახ.წ. XVIII ს) სამშენებლო ფენები გაირჩევა. ისინი ძირითადად ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. დარიალის ციხე კეტავდა ხეობაში ჩრდილოეთიდან მომავალ სავაჭრო-სტრატეგიულ გზას.
დიდი წერეთის კოშკი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
კოშკი ცილინდრულია, (შიდა დიამეტრი 3,5 მ. კედლის სისქე 1,4 მ), ზევით ოდნავ ვიწროვდება, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია ოთხი სართული და მეხუთე სართულის (თუ ბანის) კედლების მცირე ფრაგმენტები. ჩანგრეულია სართულშუა ხის გადახურვები. შესასვლელი სამხრეთით, მეორე სართულზეა, მიწიდან ოთხიოდე მეტრზე. კარი სწორკუთხაა. ამ სართულს აქვს ერთი სარკმელი და ხის აივანი. კოშკის პირველი სართული ნანგრევებით არის სავსე. მესამე სართულზე, სამხრეთით და ჩრდილო – აღმოსავლეთით თითო პატარა სარკმელია. მეოთხე სართულს ერთმანეთისაგან თანაბრად დაშორებული ოთხი სარკმელი აქვს (ერთი სანახევროდ დანგრეულია).