კატეგორია - ციხე-კოშკი (გვერდი 7/12)
სათანჯოს ციხე
ციხე-კოშკი (აფხაზეთი - გალის რაიონი)
მდიანრე ენგურის მარჯვენა მხარეს, მაღალი მთის წვერზე, წამოდგმულია ციხე, რომელსაც სათანჯო ჰქვია (ს. მაკალათიას აზრით: „სიტყვა სათანჯო წარმოშობილია ტერმინ „თანჯიდან“, რომელიც ნიშნავს სამანს, საზღვრის ნიშანს“). ციხისთვის ისეთი მოხერხებული ადგილი შეურჩევიათ, რომ ყოველი მხრიდან მოჩანს. იგი არა მარტო ენგურის ხეობაზე ბატონობს, არამედ მთელი კოლხეთის დაბლობზე, ზღვის სანაპიროს ჩათვლით. ეს მეტად მნიშვნელოვანი სადაზვერვო პუნქტი აქ გამავალ სიმაგრეთა ჯაჭვის მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იქნებოდა. სამწუხაროდ, მის მნიშვნელობაზე, გადატანილ ომებზე, მატიანეებში არაფერია ნათქვამი.
საკალანდარიშვილოს ციხე
ციხე-კოშკი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - სენაკის რაიონი)
ქალაქ სენაკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთაზე დგას ციხე, რომელსაც სახელი არა აქვს. მის ახლოს მოსახლეობა არ არის, ხოლო მის სიახლოვეს მდებარე ქალაქის გარეუბანს „საკალანდარიშვილოს“ ეძახიან (აქ ამ გვარის ხალხი ცხოვრობს). ციხეს ახასიათებს ყველა ის მონაცემი, რომელიც ახასიათებს IV-V საუკუნეების ეგრისის ციხეს, ამიტომ იგი ტიპიურად უნდა ჩაითვალოს.
სიღნაღის ციხე-გალავანი
ციხე-კოშკი (კახეთი - სიღნაღის რაიონი)
ისტორიკოს პ. იოსელიანის ცნობით, სიღნაღის ციხე აგებულია 1762 წელს ერეკლე მეფის მიერ. თითქმის ასეთივე ცნობა მოეპოვება ვახტანგ ბატონიშვილს. იგი წერს: „მეფემან ირაკლი აღაშენა მრავალნი სოფელნი და ციხენიცა და ორნი უჩინებულესნი ციხენი დიდნი, ესე იგი ციხე ბოჭორმისა, რომელიცა ყოფილარს უწინარესსა, გარნა მცირე და ციხე იგი ქიზიყისა უწოდებენ სიღნაღს, რომლისაცა მიზეზით მრავალგზის ისარგებლეს ხალხთა ქიზიყისა და სხვათა მახლობელთა სოფელთა მისთათა მშვიდობით დაცვითა მტერთაგან“. მემატიანე ომან ხერხეულიძე კი მხოლოდ ციხის განახლებას აღნიშნავს. მასთან ვკითხულობო. „მეფემ ირაკლიმ განაახლა ციხე გორისა, გალავანი სიღნაღისა, თელავისა...“ და სხვ. სიღნაღის ციხეს თავდაპირველი სახით ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ მის შესახებ წარმოდგენა გვექმნება XIX საუკუნის დასაწყისში შესრულებული გეგმის მიხედვით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ციხის შესასვლელებსა და კოშკებს შენარჩუნებული აქვთ თავდაპირველი სახელები.
სიყვარულის კოშკი
ციხე-კოშკი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიის რაიონი)
ლეგენდა: ოდესღაც იფარში ცხოვრობდა საკმაოდ შეძლებული მშობლების ერთადერთი ასული, მიაგულ პირველი. ძალიან ლამაზი ყოფილა მიაგული. ერთ დღესაც სოფელ კალაში კვირიკობის დღესასწაულზე მზეთუნახავი შეხვედრია ამავე სოფლის მკვიდრ ოტია მარგველანს. რომელიც კარგი ვაჟკაცი და მონადირე ყოფილა. ოტიას უმალ გულში ჩავარდნია მიაგულის სიყვარული, არც მზეთუნახავი დარჩენილა გულგრილი. მალე მგზნებარედ შეჰყვარებიათ ერთმანეთი, მაგრამ მათ ურთიერთობას აბრკოლებდა ფრიად მნიშვნელოვანი რამ. ვაჟკაცს მეუღლე და ხუთი შვილი ჰყავდა. ვერ გადაუწყვეტია მიაგულს შეყვარებულის ოჯახის დანგრევა და უკანასკნელი სიტყვაც უთქვია ოტიასათვის. დამწუხრებული კალელი სანადიროდ წასულა, თავს არ ზოგავდა, ისეთ კლდეებს შესჭიდებია. ბედს უმუხთლია, ქარაფებიდან ენგურში ჩავარდნილა. ქმრის სიკვდილით სასოწარკვეთილ ცოლსაც მალე ენგურში მოუსწრაფია სიცოცხლე. ამბობენ, ოტია და მისი ცოლი კალმახებად გადაიქცნენო. გულმოკლულ მიაგულს მამისთვის უთხოვია შუა ენგურში მდგარ ლოდზე კოშკის აგება. მამასაც შეუსრულებია ერთადერთი ქალიშვილის თხოვნა. მას შემდეგ დღენიადაგ ამ კოშკში ცხოვრობდა მიაგული და თავისი ხელით აპურებდა კალმახად გადაქცეულ ოტიას და მეუღლეს. ენგურში მდგარი ლოდის ქვემოთ მიწიდან ამოდის სუფთა წყარო, იგი თვალსაჩინო ხდება ყველასთვის, როცა მდინარე იკლებს. ამბობენ კოშკიდან გადმოღვრილი მიაგულის ცრემლებიაო.
სკანდის ციხე
ციხე-კოშკი (იმერეთი - თერჯოლის რაიონი)
ისტორიული წყაროები და საფორტიფიკაციო ნაგებობათა ანალიზი იმის საფუძველს იძლევა, რომ სკანდეს ციხის აგება ახ. წ. IV საუკუნით დათარიღდეს. სკანდეს ციხის შესახებ ყველაზე ადრინდელი ცნობა ეკუთვნის VI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოპი კესარიელს: "ლაზთა ორი ციხეა ზედ იბერიის საზღვრებთან, სკანდა და სარაპანისი (შორაპანი): ისინი მდებარეობენ მკაცრსა და ძნელსავალ ადგილებში და ძნელად თუ მიუდგება იმათ კაცი." სკანდეს ციხის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა VI საუკუნეში, როცა გამწვავდა წინააღმდეგობა ბიზანტიასა და სპარსეთს შორის. წინააღმდეგობა ომად გადაიქცა ანასტასიოს I-ისა (491-518) და მისი მემკვიდრეების იუსტინე I-ისა (518-527) და იუსტინიანე დიდის დროს.
სკრის კოშკი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
სკრის კოშკი ცილინდრულია (დიამ.10,6 მ, სიმ.8,2 მ, კედლის სისქე 2,4 მ), ორსართულიანი, ნაგებია რიყის ქვით. კარსა და სარკმლებზე გამოყენებულია თლილი ქვაც. ნაგებობას აკლია მხოლოდ ბანის კედლების ზედა ნაწილები. კოშკის შესასვლელი ჩრდილოეთით, მეორე სართულზე აქვს. პირველი სართული დამხმარე სათავსია. ამ სართულზე კედლებში დატანებულია სამეურნეო დანიშნულების ოთხი ღრმა ნიში და ორი მცირე, კვეთით მაღლა მიმართული სარკმელი.
სლესის ციხე, მოქცევის ციხე
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - ახალციხის რაიონი)
სლესის ციხე, მოქცევის ციხე — განვითარებული შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა და ბორჯომი-ახალციხის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. ციხე ნაგებია ქვიტკირით, გალავანი დაშლილია, დაცულია მხოლოდ ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე. შესაძლებელია სლესის ციხე და ნასოფლარი სლესა ეკუთვნოდეს „სლესართა“ გვარს, რომელიც მოხსენიებულია სამცხე-საათაბაგოს კათალიკოსის სამწყსოს თავადებში: „ბუმბულისძენი მათითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა ავალიშვილთა და სლესართა აქვს.“
სნოს ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
იხის ანალოგებთან შედარება საშუალებას იძლევა იგი XVI საუკუნის მეორე ნახევრით, ან მომდევნო საუკუნის დასაწყისით დათარიღდეს სნოს ციხის ამგების ან მეპატრონის შესახებ ისტორია დუმს. იგი მხოლოდ ერთხელ, XVIII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში იხსენიება. არაგვის ერისთავი ბარძიმი ატყობინებს რუსეთში მყოფ ვახტანგ VI- ს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას და ჩივის ლეკთა გამუდმებულ თავდასხმებზე.