ქუთაისი (გვერდი 2/2)
სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
მღვიმე გამომუშავებულია ბარემულ კირქვებში. შესასვლელი იხსნება მცენარეულობით შენიღბულ კარსტული ძაბრის ფსკერზე, რომელიც დამრეცად მიემართება სიღრმეში. დახრილი დერეფნის შემდეგ მღვიმე ფართოვდება 10-15 მ-დე და საკმაოდ ეფექტურ, ჰორიზონტალურ ფსკერიან დარბაზში გადადის, რომლის ჭერის სიმაღლე თითქმის 30 მ-ს უახლოვდება. ქიმიური ნალექებიდან აღსანიშნავია სტალაქტიტები, სტალაგმიტები. ყურადღებას იპყრობს ნაღვენთების განსაკუთრებით დიდი ზომები. ჭერიდან სიმძიმის ძალით მოწყვეტილი სტალაქტიტის გარშემოწირულობა 5 მ-ს უდრის. ამ ზომის სტალაქტიტი იშვიათია ევროპაში. შესავლელიდან 160 მ-ში ფსკერიდან აღმართულია 8 მ სიმაღლის სტალაგმიტი, რომლის გარშემოწერილობა ძირთან 8.5 მ-ია, შუაში კი - 4,5 მ. მღვიმე წარმოადგენს ასევე პალეონტოლოგიურ ძეგლს, რადგან აქ აღმოჩენილი იყო მღვიმური დათვის ძვლები. მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავის მიდამოები, მდ. სემის მარცხენა ნაპირი, 379 მეტრი ზღვის დონიდან.
ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
ქვედაცარცულ კირქვებში გამომუშავებულ მღვიმეს ორი შესასვლელი გააჩნია; პირველი - საიდანაც ძირითადი მიწისქვეშა ნაკადი გამოდის, სიმაღლით 3.5-4 მ, ხოლო სიგანე 7 მ-ია; მარცხენა განშტოება მთავარი შესავლელიდან 35-40 მ-ის დაშორებით ციცაბო საფეხურებით ზედაპირზე ამოდის. აქედან 60 მეტრში ფსკერი 50 მ სიგრძის სიფონურ ტბას უკავია, რომლის სიგანე 3-4 მ, ხოლო ჭერის სიმაღლე 2,5 მ აღწევს. პირველ სიფონს 200 მ სიგრძის წყლიანი და უნაპირო დერეფანი აგრძელებს; აქ წყლის სიღრმე 0,5-2 მ-ია. წყლიან დერეფანს კვლავ სიფონური გალერეა მოსდევს, რომლის სიგრძე 30 მ, ხოლო სიგანე 1-2 მ-ია. იგი კვლავ 150 მ-იან გალერეაში გადადის, რომლის ჭერი თითქმის მთელ სიგრძეზე ნაღვენთი ფორმებითაა დაფარული. ეს წყლიანი გალერეა მღვიმის ბოლომდე კვლავ რამდენიმე სიფონურ გასასვლელს ივითარებს, ხოლო ბოლოში 20-30 მ სიგრძეზე ჭერის დადაბლების გამო გადაადგილება ძალზე გაძნელებულია. ღლიანას მიწისქვეშა დინების დებეტია 50-55 ლ/წმ (წყალმცირობისას), ეს ნაკადი მღვიმიდან გამოსვლის შემდეგ, მდ. ყუმის ვოკლუზურ წყაროებს უერთდება. მღვიმის მშრალ დერეფნებში ღამურების მრავალრიცხოვანი კოლონია ბინადრობს.
ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
ბუნების ძეგლი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე იწყება წამოხურული კარნიზით. შესასვლელის წინ (ზედაპირზე) ჩაქცევით წარმოშობილი ტბაა, რომლის სიღრმე5 მეტრია, გარშემოწერილობა კი 30 მ. ტბა მიწისქვეშა დინებით წყალტუბოს წყალსაცავს უერთდება. 4 მეტრიანი საფეხურით მღვიმე ორ ნაწილად იყოფა. წინა ნაწილი ვრცელია, ფსკერზე - კარსტული ძაბრებით. მეორე ნაწილი ვიწრო ხვრელია, გადაადგილება მხოლოდ ფორთხვით არის შესაძლებელი. მღვიმე მშრალია. შეიმჩნევა დროებით ღვართა ნაკვალევი. გვირაბის ბოლოში პატარა ტბაა.