ახალქალაქის რაიონი (გვერდი 2/3)
თმოგვის ციხე, ნაქალაქარი
ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი, ორფერდა სახურავით გადახურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო. თმოგვის ციხის მნიშვნებლობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე კამოკვეთილი კანკელით, მეორე, გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. მტკვრის ორივე ნაპირზე ნასოფლარები და სასახლეთა ნანგრევებია. მარცხენა ნაპირის სასახლის ნანგრევები მშენებლობის უძველეს ფენას მიეკუთვნება, მარჯვენა ნაპირისა კი – გვიანდელს და XIV საუკუნის შუა წლებით თარიღდება, სადაც შესაძლებელია აბანოსა და სამი სხვა ნაგებობის გარჩევა. აბანო, რომელიც ქართული აგურითა და ქვითაა ნაშენი, სამ სათავსოს მოიცავს. კამარები ჩამონგრეულია, თუმცა კუთხის ტრომპების თავისებურება შესამჩნევია. სასახლის მახლობლად ორი გზაა: წუნდიდან მომავალი ბილიკი სასახლის აღმოსავლეთით გადის და ვანისქავაბებ ვარძიისკენ მიემართებოდა. მეორე კი ისტორიული გზაა ტრანსპორტისათვის. ეს გზა სოფ. მარგატასტანთან იწყება, სასახლესთან გაივლის, შემდეგ საცალფეხო ბილიკით ხეობაში ეშვება და ხიდს უკავშირდება. მდ. მტკვარზე შემორჩენილია ხიდის ბურჯების ნაშთი. ერთი ხიდი სასახლეებს აკავშირებს, მეორე კი ტრანსპორტისათვის ყოფილა განკუთვნილი. ციხე-ქალაქი რამდენიმეჯერ დაანგრია ძლიერმა მიწისძვრამ (1089, 1283, 1319 და სხვა).
კვარშის ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
კვარშის ეკლესია — IX საუკუნის ეკლესია სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაქალაქევის მიდამოებში. დღესდღეობით შემორჩენილია ნანგრევების სახით. ეკლესიის შიგნით აღინიშნება ძლიერ დაზიანებული ფრესკის ფრაგმენტები და ასომთავრული წარწერის ნაწილი. ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
შორეთის მონასტერი
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
შორეთის სამონასტრო კომპლექსი სამხრეთ საქართველოში, ოთხი ისტორიული პროვინციის - სამცხის, ჯავახეთის, თორისა და თრიალეთის საზღვარზე, ასპინძისხევში მდებარეობს, დაბა ასპინძიდან 11 კილომეტრში. მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა ასპინძისხევს, სამცხე-ჯავახეთის ბუნებრივ საზღვარს. მდინარე სანისლოს (ოთისწყლის) მარცხენა სანაპიროს ციცაბო, კლდოვანი მთები წარმოადგენენ, თრიალეთში ბილიკები შავი კლდის მიმართულებით გადის, კლდეკარს (კლდეში გაჭრილ საურმე გზას) ციხისჯვრისაკენ (თორი) მივყავართ, გზა აქ კოდიანზე (შარვაშეთის ქედზე) გადადის.
წუნდის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1539 მ სიმაღლეზე. განფენილია თმოგვის ციხესიმაგრის ნანგრევების სიახლოვეს. სარკის ფართობი — 0,034 კმ², აუზის ფართობი 1,8 კმ². უდიდესი სიღრმე 10,8 მ, საშუალო სიღრმე 6,6 მ. წყლის მოცულობა 284 ათ. მ³. ტბის ქვაბული წარმოქმნილია ახალქალაქის ლავური პლატოს დასავლეთი პერიფერიის დამეწყვრის შედეგად მდინარე მტკვრის ხეობაში. წარსულში ტბა აფეთქების კრატერად ანუ მაარად მიაჩნდათ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ტბა გაუდინარი და მტკნარია. აქვს მიწისქვეშა ჩამონადენი.