რუსთავი (გვერდი 9/10)
უფლისციხის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ღვთისმშობლის ეკლესია (3,5X2,9 მ) გამოკვეთილია კლდეში, მასთან მისასვლელი საფეხურებიც კლდეშია ამოჭრილი. შესასვლელი დასავლეთით აქვს. შესასვლელის თავზე პატარა სარკმელია. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე ამოკვეთილია ოდნავ ჩაღრმავებული თაღოვანი ნიში; ქვემოთ დგას კლდეშივე გამოკვეთილი სწორკუთხა სატრაპეზო ქვა. ჩრდილოეთ კედელში განიერი თაღოვანი ნიშია. აფსიდს გასდევს მაღალი ბაქანი შუაში ორსაფეხურიანი კიბით. აფსიდის ბრტყელი კონქი კუთხეებში ეყრდნობა პილასტრებს, რომლებსაც თაროსებრი კაპიტელი და ასეთივე ბაზისი აქვს. ეკლესიის ჭერი ბრტყელია და გრძივ კედლებზე წრეთარგის ფორმით გადადის.
უფლისციხის ყვავის საყდარი
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ყვავის საყდარი (ეკლესია) არის დარბაზული (10,6 X5,7 მ). ნაგებია მწვანე და მოყვითალო დიდი თლილი ქვებით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1,5-4 მეტრს არ აღემატება. საყდრის ირგვლივ მიწით დაფარული კედლების ნანგრევებიცაა. საყდარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ორი სარკმელია. გრძივი კედლები დანაწევრებულია წყვილი პილასტრით. ეკლესიის ნაგებობის მახლობლას მისივე სახელწოდების ძველი ნამოსახლარია.
ფეტვისხევის მარიამწმინდის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ფეტვისხევის მარიამწმინდის ეკლესია თარიღდება IX-X საუკუნეებით. ზოგიერთი დეტალი კი უფრო გვიანდელი პერიოდისაა: მოხატულობა-XII-XIII საუკუნეების; კანკელი- XV-XVI საუკუნეებისა. ეკლესიის კანკელის არქიტრავის ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ზაქარია ფანასკერტელი, რაც მოწმობს, რომ გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეკლესია და მისი მიდამოები ამ გვარის ფეოდალთა საუფლო იყო.
ფლავის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ფლავის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დარბაზულია (11X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, კუთხეები ამოყვანილია მოწითალო ფერის ნატეხი ქვის კვადრებით. შენობის ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო ღრმა ნიში. თითო სარკმელი სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშია. გრძივი კედლების თითო პილასტრზე გადადის საბჯენი თაღი, რომელსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარა. კედლებზე დეკორად თაღებია. აღმოსავლეთ. ფასადზე, სახურავის ქვევით, კედელში ჩასმულ მოწითალო კლდის ქვაზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი.
ფხვენისის ამილახვრის ციხე-კოშკი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ფხვენისის ამილახვრის ციხე-კოშკი ცილინდრულია (დიამ. 10 მ, კედლის სისქე 2 მ), ძირითადად ნაგებია რიყის ქვით, პირველი სართულის გუმბათოვანი კამარა, ნიშების წირთხლები და თაღოვანი გადახურვები აგურისაა. შენობა დაზიანებულია - თითქმის მთლიანად დანგრეულია მეორე სართულის კედლები. კოშკის პირველი სართული წრიულია, გადახურულია გუმბათოვანი კამარით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან აქვს. სართული ნათდება ორი ვიწრო, მაღალი, სწორკუთხა სარკმლით
ფხვენისის კოშკი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
კოშკი ცილინდრულია (დიამ. 6,8 მ) ორსართულიანი, ნაგებია რიყისა და კვადრატული აგურით. შიგნიდან შელესილია. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია კედლების ზედა ნაწილი. შენობას შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთით, პირველ სართულზე აქვს. კარის ორივე მხარეს თითო ორმაგი სათოფურია. ჩრდილოეთის კედელში ჩაშენებულია ოთხკუთხა ბუხარი, რომლის გვერდებზე ორმგი სათოფურებია. აღმოსავლეთ კედელში მეორე სართულზე ასასვლელი კიბეა. მეორე სართულს აღმოსავლეთით ერთი ერთმაგი, დანარჩენ სამ მხარეს კი თითო ორმაგი სათოფური აქვს. ყველა სათოფური თახჩიანია. ნაგებობას შემოვლებული აქვს რიყის ბრტყელი ქვის თევზიფხურად ნაწყობი სარტყლები. შენობის გადახურვა გუმბათოვანია, ნაწყობია კვადრატული აგურით.
ფხვენისის ნათლისმცემლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ფხვენისის ნათლისმცემლის ეკლესია დარბაზულია (8,9X5,4 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. არქიტრავით გადახურული კარი სამხრეთითაა, თაღოვანი სარკმლები - აღმოსავლეთით, და დასავლეთითა და სამხრეთით. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა კამაროვანი გადახურვის საბჯენი თაღი. ჩრდილოეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, მაღალი ჯვარია გამოსახული, დასავლეთ ფასადის სამხრეთ კუთხეში - ვარდული. შენობას შემოვლებული აქვს ტუფის ქვის ლავგარდნი. გადახურულია ღარიანი კრამიტით.
ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (8,1X5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეებში გამოყენებულია მოწითალო ფერის ნატეხი ქვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, სამხრეთ კედელში - ორი. გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ ფასადზე, კარის თავზე ჩასმულ მოწითალო ქვაზე ამოკვეთილია განედლებული ჯვარი. ასეთივე ჯვარია აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზეც. აღმოსავლეთ სარკმელი ფასადის მხრიდან ორნამენტირებულია. დასავლეთ სარკმლის თავზე ჩასმულ მოწითალო ქვაზე X საუკუნის ასომთავრული წარწერაა: ,,ქრისტე, ადიდე ბეშქენ სტეფანოზის ძე. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით. სახურავზე, დასავლეთით, დგას ეკლესიის ქვის მოდელი, ხოლო აღმოსავლეთით - ქვისგან გამოკვეთილი ცხვრის თავი.
ფხვენისის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ფხვენისის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (9X5 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში გამოყენებულია ნატეხი ქვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია. თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით. სახურავს დასავლეთ ნაწილში ადგას აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო
ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ანტიკურ ხანაში იგი უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო, გარეუბანი იყო. ისტორიულ წყაროებში ქვახვრელი პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, ფეოდალური საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში. ქვახვრელი მნიშვნელოვანი დასახლება ყოფილა. ძველი სოფელი ნაწილობრივ გადაფარულია თანამედროვე დასახლებით. XVIII საუკუნეში ქვახვრელის მიდამოებში სომეხთა მიგრაცია დაიწყო, რაც მოწმობს გამოქვაბულის კედლებზე 17 ხაჩკარის ამოკვეთა მათ მიერ.