რუსთავი (გვერდი 2/4)
თავკავთის კომპლექსი
ეკლესია (ქვემო ქართლი - კასპის რაიონი)
თავკავთის კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის რაიონში, სოფელ წინარეხის სამხრეთით 7-8 კილომეტრზე, მდინარე კავთურისა და ბოტისისწყლების გამყოფი ქედის კლდის კონცხზე. თავდაპირველად აიგო ციხე-გალავანი. მოგვიანებით კონცხის აღმოსავლეთ ციცაბო კალთაზე საყრდენი კედლით შექმნეს ბაქანი, რომლის ჩრდილოეთ კედელში ააშენეს წმ. გიორგის ეკლესია. კომპლექსში შედის: ციხე-გალავანი, წმ. გიორგის ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთები. კომპლექსს ორი მისადგომი აქვს: სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან - კავთურის ხეობიდან. მდინარე კავთურაზე გადებული ყოფილა ქვის თაღოვანი ხიდი, რომლისგანაც მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი. ციხე-გალავანი დაზიანებულია: ყველგან ჩამოშლილია გალავნის კედლების ზედა ნაწილები, თითქმის მთლიანად დანგრეულია ქვედა ციხის დასავლეთ კედელი, ციხის შიგნით ნაგებობათა გეგმა გაურკვეველია.
თხოთის მთის წმინდა ნინოს ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
აღაიანის სამხ.-აღმ.-ით 2 კმ-ზე მდებარეობს თხოთის მთა, რომელიც ჰყოფს მდ.მტკვრის ხეობასა და მუხრანის დაბლობს, მისი აღმოსავლეთ კალთები კი მდ.ქსნისკენ ეშვება. თხოთის მთასთან დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი მეფის – მირიანისა და მზის დაბნელების ამბავი. ამ სასწაულის შემდეგ, ქრისტიანობის მიღების პირველსავე საუკუნეებში თხოთის მთის წვერზე აღუმართავთ სამლოცველო წმინდა ნინოს სახელზე. ამჟამად თხოთის მთის თავზე მდგომი ნინოწმინდის ეკლესია თარიღდება VII-VIII სს.-ით. თავდაპირველი სახით იგი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი იყო, ხოლო IX-X სს.-ის მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე. მხატვრობა თარიღდება X-XI სს.-ით. სამხ.-ის ფასადზე X-XI სს.-ის სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა.
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი
სახლმუზეუმი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილმა (1896-1940 წ.წ) აქ გაატარა თავისი ბავშვობა. ყრმა ივანე ხშირად ჩადიოდა სოფელში ზაფხულობით. პირველი სამეცნიერო-კვლევის სამუშაოებიც აქ დაიწყო. შემდეგშიც უკვე ცნობილი მეცნიერი, ხოვლეს ხშირი სტუმარი იყო. აქ ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას. სოფელში მასთან ხშირად ჩადიოდნენ სტუმრად გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები. მუზეუმი არსებობს წლიდან, მაგრამ ოფიციალურად გაიხსნა 1976 წელს მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში. მუზეუმში დაცულია ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთები, მდიდარი საბიბლიოთეკო ფონდი, ხოვლე-გორას არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტო და დოკუმენტური მასალები. ექსპონატების რაოდენობა არის 485.
იკვის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
თვით სოფელი იკვი აღარ არსებობს, მოსახლეობა გადასახლდა სამგორში. სამხრეთ-დასავლეთის თაღის ქვეშ, ნიშის მარცხნივ ფილაზე აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულება და ასომთავრული წარწერაა, რომელშიც ნახსენებია ქტიტორი მამამთავარი არსენი. წარწერის პალეოგრაფიული და ნაგებობის სტილისტური ანალიზით ეკლესია თარიღდება XI საუკუნის I ნახევრით. 1939-1940 წლებში ეკლესიაზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსტან არსებულმა ხელოვნების საქმეთა სამმართველომ (რესტავრაციის ავტორები: ნ. ჩუბინაშვილი, ვ. წილოსანი). აღადგინეს ფასადები და გუმბათის ყელი, ნაგებობას სამხრეთით შეუქმნეს სუბსტრუქცია, ჩრდილოეთით მთის ფერდობი კედლით გაამაგრეს.
კაბერის წმინდა გიორგი
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
გოსტიბეს კაბერის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია (12,7X 11,9 მ), ნაგებია არათანაბარი ზომის უხეში რუხი ფერის ქვით; ინტერიერის კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კარგად დამუშავებული კვადრები, ხოლო კედლები ამოყვანილია წვრილი ქვით და შელესილია. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ოდნავ შემაღლებული ნალისებრი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, გვერდებზე - სწორკუთხა ნიშები. კამარა ეყრდნობოდა ქვემოთკენ მომრგვალებულ კონსოლებზე შეკიდულ საბჯენ თაღებს. სატრიუმფო და დასავლეთ კედლის თაღები ოდნავ შეისრული ფორმისაა. სამხრეთ კედელში გაჭრილია ორი სარკმელი. დარბაზის ჩრდილოეთ კედლის ნაწილში სარკოფაგია. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.
კატაულას წმ. გიორგის ტაძარი
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
საქართველოს საპატრიარქოს თანხმობითა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ნებართვით ძეგლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები აწარმოა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგის ინსტიტუტის კლასიკური და შუასაუკუნეების სექტორის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა რეზო ხვისტანმა. გათხრებმა გამოავლინა სამშენებლო (ბრტყელი, გვერდებაკეცილი, წითლად მოხატული და მოუხატავი კრამიტი) და სამზარეულო (მოუჭიქავი და მოჭიქული ჭურჭელი) კერამიკის, აგრეთვე მინის ჭურჭლის მრავალრიცხოვანი ფრაგმენტები, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია აშენების დროიდან უწყვეტად ფუნქციონირებდა გვიან შუასაუკუნეებამდე (XVII-XVIII სს.).
ლავრისხევის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
ლავრისხევის ეკლესია თარიღდება X საუკუნის პირველი ნახევრით. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (9,5X9 მ). ნაგებია საშუალო ზომის მოყავისფრო-მოყვითალო ნატეხი ქვიშაქვით. გამოყენებულია ბაზალტი და ტუფიც. XIX საუკუნეში ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესეს და მოხატეს, დააგეს ხის იატაკი, დადგეს კანკელი და გადახურეს თუნუქით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – ჩრდილოეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელში და დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელში (XIX საუკუნეშია გაჭრილი).