ახალქალაქის რაიონი (გვერდი 2/2)
ფარავნის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდის რაიონი)
ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ზღვის დონიდან 2073 მსიმაღლეზე. ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², მაქს. სიღრმე 3.3 მ. წყლის მოცულობა 91 მლნ მ3. ზამთარში ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. ერთვის მდინარეები: შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი. ტბიდან სათავეს იღებს მდ. ფარავანი. ტბა მდიდარია თევზით (ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალადასხვ.). ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა და ასფარა.
ფოკის წმ. ნინოს ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდის რაიონი)
ფოკის წმიდა ნინოს მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ფარავნის ტბის ნაპირას. მონასტრის დაარსება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელს უკავშირდება. წმიდა ნინო საქართველოში ჯავახეთიდან შემოვიდა და ფარავნის ტბასთან შეჩერდა. XI საუკუნეში სწორედ მისი სახელობის ტაძარი ააგეს. დარბაზული ეკლესია ნაგებია სუფთად გათლილი, ნაწყობი კვადრებით… საკურთხევლის აფსიდში ორი მაღალი, გეგმით ნახევარწრიული ნიშაა. დეკორატიული მორთულობა მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემონახული. კარ-სარკმელები შემკულია ჩუქურთმებით. ინტერიერში შემონახულია მხატვრობის ფრაგმენტები. კარის თავზე წარწერაში მოხსენიებულია ქართლის კათალიკოსი იოანე ოქროპირი, ხოლო კარის მარჯვნივ წარწერაში – ძეგლის მშენებელი “ხელოსანი ბევრელი”. დაპყრობითი ომებისას, XVII ს-ში ჯავახეთი და შესაბამისად, ტაძარიც დაცარიელდა. მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში მოხერხდა ამ ტერიტორიების დაბრუნება.
ხანჩალის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდის რაიონი)
ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 1928 მ. სარკის ფართობი 13,3 კვ. კმ, აუზის ფართობი 182 კმ². უდიდესი სიღრმე 0,8 მ, წყლის მოცულობა 6,4 მლნ. მ³. ყინულითაა დაფარული ნოემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე. თევზი ცოტაა. ტბის ირგვლივ გაშენებულია ქალაქ ნინოწმინდის რამდენიმე უბანი და სოფლები: დიდი ხანჩალი და პატარა ხანჩალი.