ახალგორის რაიონი (გვერდი 6/8)
ჟინვალის სამლოცველო
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ნაგებობა სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული (18,7X9 მ), შეადგება სამი სათავსისგან. ნაგებია ალიზის აგურით - 0,5-0,6 მ. სისქის რიყის ქვის საძირკველზე. სათავსები გამიჯნულია 0,25-0,3 მ სისქის ტიხრებით. კედლები შელესილია. შენობას ჰქონდა ხის მძლავრ კონსტრუქციაზე დაყრდნობილი ბრტყელი სახურავი.
ჟინვალის წმ. გიორგის ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ჟინვალის წმ. გიორგის ციხე შედიოდა ჟინვალის ნაქალაქარის სისტემაში. ძირითადი ნაწილი XII - XIV საუკუნეებს განეკუთვნება, ნაწილი – XVII - XVIII საუკუნეებში. 1975-1976 წლებში გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი).
ჟინვალის ხერთვისის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
1972-74 წლებში გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). 1984 წელს სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავტაციო საწარმოო სახელოსნომ კოშკი და გალავანი გადაიტანა და აღადგინა დაბა ჟინვალთან.
რევაზ ერისთავის სასახლე
სახლმუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
რევაზ ერისთავის სასახლე აგებულია XIX საუკუნის I ნახევარში. ეკუთვნოდა ქართველ პოეტსა და მთარგმნელს რევაზ შალვას ძე ერისთავს. XX საუკუნის 20–იანი წლებიდან 1991 წლამდე სხვადასხვა დანიშნულებისათვის იყენებდნენ. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმეა გადაკეთებული, ამის შედეგად თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად შეიცვალა.
როშკის ლოდების ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
როშკის ლოდები მიეკუთვნება მსოფლიოში უდუიდესი „ერატიული“ („მოხეტიალე“) ლოდების რიცხვს. მათი განზომილებებია 19X5X7 (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე), 22X13X10, 22X20X8, 25X10X11 („გახლეჩილი ლოდი“). შედარებით ნაკლები სიდიდის, მაგრამ შთამბეჭდავი ერატიული ლოდები დიდი რაოდენობითაა მიმოფანტული აბუდელაურის ხეობის უფრო მაღალ ნაწილებში და აგრეთვე როშკის ქვემოთაც - მდ. ხევსურეთის არაგვის ხეობაში. ყველა ეს ლოდი ჭაუხის მასივიდან ჩამოიტანა პლეისტოცენურმა მყინვარმა. ამ მყინვარის ბოლო სოფელ ღელისვაკეკესთან მდებარეობდა ზღვის დონიდან 1450 მ სიმარლეზე.
სოდევეს სამების ეკლესია
ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
სოდევეს სამების ეკლესია დარბაზულია (8,3X5,3 მ) განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კარ–სარკმელთა ღიობები შირიმის ქვითაა გამოყვანილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. აღმოსავლეთით, შებრტყელებულ აფსიდში, მცირე ზომის თაღოვანი სარკმელი და ორი თაღოვანი ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. კონქის მხოლოდ ქუსლის წყობის ნაწილია შემორჩენილი. სამხრეთით და დასავლეთით თითო სარკმელია. სამხრეთისა სწორკუთხაა, დასავლეთისა – თაღოვანი და საფეხურებიანი რაფა აქვს. კამარა კონსოლებზე (შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კონსოლი) გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. ფასადები სადაა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის თითო ქვა.
სონდის ეკლესიის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ყველა ნაგებობა ნაშენია ნატეხი ქვითა და დუღაბით. ნაგებობათაგან უადრესია ეკლესია; მომდევნო ხანებში მისთვის დასავლეთიდან მიუდგამთ ზურგიანი კოშკი ისე, რომ კოშკის სწორი კედლის ნაწილი ეკლესიის დასავლეთ კედლის სამხრეთ ნახევარზეა დაშენებული. უფრო გვიან ეკლესიისათვის სამხრეთიდან ვიწრო სადგომი მიუშენებიათ, რომლის სამხრეთ კედელი კოშკის სამხრეთ კედლის ხაზზე მდებარეობს. ამავე ხანებშია აგებული გალავანი და საცხოვრებელი ნაგებობა.
სოფელი შატილი
ნაქალაქარი/ნასოფლარი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
შატილი საუკუნეების მანძილზე იცავდა საქართველოს ჩრდილოეთის ტომების (ჩეჩნების, ინგუშების და ნაწილობრივ დაღესტნლების) შემოსევისაგან. ციხე ქალაქებიდან ის ერთ–ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული იყო და ძირითადად შემონახული სახით შემოგვრჩა.