თბილისი (გვერდი 2/4)
ე.ახვლედიანის სახლმუზეუმი
მუზეუმი (თბილისი - თბილისი)
ეროვნული მუზეუმი შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი ელენე ახვლედიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1976 წლის 18 აპრილს. სახლ-მუზეუმი ქართული დედაბოძითა და რიკულებიანი ანტრესოლებით წარმოადგენს ტიპიურად ქართულ ინტერიერს, სადაც წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური ესკიზები, კოსტუმები, წიგნის ილუსტრაცია, სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები ნაჩუქობა, ფოტო მასალა, პირადი არქივი, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
ეთნოგრაფიული მუზეუმი
მუზეუმი (თბილისი - თბილისი)
მუზეუმი ღია ცის ქვეშ 1966 წელს დაარსდა. მისი შექმნის ინიციატორი ცნობილი ეთნოგრაფი გიორგი ჩიტაია გახლდათ. მუზეუმი კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილზეა განთავსებული და 52 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს. მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი 70 საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობაა განთავსებული. ეთნოგრაფიულ მუზეუმში 14 ეთნოგრაფიული ზონაა: ქართლი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, ხევსურეთი, კახეთი, მესხეთი, ჯავახეთი, გურია, იმერეთი, რაჭა და ლეჩხუმი. საექსპოზიციო ზონები ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეალობისთვის დამახასიათებელი სამეურნეო ნაგებობებითა და ნივთებითაა წარმოდგენილი.
ეროვნული გალერეა
მუზეუმი (თბილისი - თბილისი)
ეროვნული გალერეის არსებობის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. მისი დაარსება ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მხატვრის დიმიტრი შევარდნაძის სახელს უკავშირდება. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა 1920 წლით თარიღდება. ამ დროიდან ეროვნული გალერეა ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეს ემსახურება.
ზემო ბეთლემის ეკლესია
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
ზემო ბეთლემის (თავდაპირველად ბეთლემი, შემდეგ ფეთხაინი) მაცხოვრის შობის ტაძარი XVIII-XIX სს. სახით არის მოღწეული. 1884 წ. ეკლესია კაპიტალურად შეაკეთეს, განაახლეს ფასადი და აღმართეს ახალი გუმბათი. საბჭოთა პერიოდში ეკლესია არ მოქმედებდა. 1994 წ. გადავიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში და მაცხოვრის შობის სახელზე ეკურთხა.
თბილისის დიდი სინაგოგა
არაქრისტ. სალოცავი (თბილისი - თბილისი)
მოქმედი სინაგოგა თბილისში, რომელიც 1910 წელსაა აგებული მდებარეობს თუმანიანისა და ლესელიძის ქუჩებს შორის. ქართველ და ებრაელ ერს ერთმანეთთან 26 საუკუნოვანი მჭიდრო კულტურული ურთიერთობა აკავშირებს. თბილისში ებრაელები ქალაქის დაარსებიდანვე სახლობდნენ. XII საუკუნეში, იუდეველთა და მათი რწმენისადმი პატივისცემის ნიშნად, მეფე დავით აღმაშენებლის ბრძანებით ამ უბანში ღორის დაკვლა აკრძალული იყო.
თბილისის ისტორიის მუზეუმი
მუზეუმი (თბილისი - თბილისი)
იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 1910 წელს დაარსდა, როგორც "ქალაქის მუნიციპალური მუზეუმი". 1943 წელს მას თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ეწოდა და ბინა ისტორიულ შენობაში _ თბილისის ყოფილ ქარვასლაში დაიდო. მუზეუმის ფონდებში 50 000-ზემეტი ექსპონატი ინახება. ისინი ასახავს თბილისის ისტორიას ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრულიდან დღემდე. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, დოკუმენტური მასალა, უმდიდრესი ფოტოკოლექცია, ხალხური, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები. წარსულის ამსახავ მასალასთან ერთად თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგვიდგენს თანამედროვე ხელოვნებასაც. 1986 წლიდან აქ, თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო დარბაზებში, ეწყობა ქართველ და უცხოელ ხელოვანთა გამოფენები.
თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერი
მონასტერი (თბილისი - თბილისი)
XVIII ს. 70-იან წლებში ერეკლე II-ის მეუღლეს დარეჯან დედოფალს ავლაბრის ტერიტორიაზე, ძველი ციხის ნანგრევებზე, სასახლე და კარის ეკლესია აუგია. დარეჯან დედოფლის სასახლეს „დარეჯანის სასახლეს“ (საჩინოს) უწოდებდნენ. დარეჯან დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ ეგზარქოსმა თეოფილაქტემ აქ გამართა სასულიერო სემინარია და სამრევლო სკოლები. მიტროპოლიტმა იონამ 1824 წელს ტაძარი აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე და დაარსა მამათა მონასტერი. 1991 წლიდან ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა და დაარსდა დედათა მონასტერი.
თბილისის წყალსაცავი
წყალსაცავი (თბილისი - თბილისი)
თბილისის წყალსაცავი, „თბილისის ზღვა“, სამგორის წყალსაცავი, წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე, ქ. თბილისის ჩრდილო–აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების — ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ექსპლუატაციაშია 1953 წლიდან. ყინულსაფარი წყალსაცავზე არ ჩნდება, ცივ ზამთარში წარმოიქმნება ყინულნაპირისი და თოში. ხშირი ქარის გამო იცის ღელვა. წყლის მინერალიზაცია 300-500 მგ/ლ შეადგენს. თბილისის წყალსაცავი ოლიგოტროფული წყალსატევია. საზრდოობს მდინარე ივრის წყლით, რომელიც მასში სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით ჩადის. თბილისის წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად, წყლის სპორტისათვის. წყალსაცავიდან წყალი გადის სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხითა და ღრმაღელის მაგისტრალური არხით.
თბილისის ჯვარის მამის ეკლესია
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
"ჯვარის მამა" იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის სახელწოდებაა. ამავე სახელითაა ცნობილი გუმბათოვანი, აგურით ნაშენი ეკლესია თბილისში. ამ ადგილას ჯერ კიდევ V საუკუნეში იდგა ტაძარი. ეს ძველი ეკლესია, პ. იოსელიანის მითითებით, XIV საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგმა დაანგრია. არსებული ნაგებობა კი XVI საუკუნით არის დათარიღებული
თიფლის ჯუმა მეჩეთი
არაქრისტ. სალოცავი (თბილისი - თბილისი)
1723-35 წლებში ოსმალებმა, რომლებსაც იმხანად თბილისი ეკავათ, ნარიყალას ძირში სუნიტური მეჩეთი ააშენეს. 1740-იან წლებში ეს მეჩეთი სპარსელებმა დაანგრიეს. 1846-51 წლებში ის აღადგინეს არქიტექტორ სკუდიერის პროექტით, მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს ეს შენობაც დაანგრიეს და მის ადგილას ახალი ააშენეს, რომელიც ამჟამად თბილისის ერთადერთი მოქმედი მეჩეთია. აქ ლოცულობენ როგორც სუნიტები, ისე შიიტები.