თბილისი (გვერდი 4/4)
სიონის საკათედრო ტაძარი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
სახელი სიონი იერუსალიმში არსებული წმინდა მთის სახელწოდებიდან მომდინარეობს. იგი ებრაული სიტყვაა და მზიანს ნიშნავს. საქართველოში სიონის სახელწოდების მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი პროტოპრესვიტერად იწოდება.
უძოს მონასტერი
მონასტერი (თბილისი - თბილისი)
უძოს მონასტერი მდებარეობს კოჯორში, უძოს მთაზე, ზღვის დონიდან 1420 მ-ზე საიდანაც ულამაზესი სანახაობა იშლება. იგი არქიტექტორულად დარბაზული ტიპისაა და შუა საუკუნეებს განეკუთვნება. თუმცა იგი პირვანდელი სახით არ არის შემორჩენილი. მის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: “უძო ეკლესია წმინდა გიორგისა, მაღალსა გორასა ზედა მჭვრეტელი კოჯრისა და ტფილისისა.’’ არსებობს ლეგენდა, რომ ეს ეკლესია უშვილო (უძეო) კაცს აუშენებია და შევედრებია უფალს შვილი მომეციო. მისი სათხოვარი შესრულებულა. მას მერე აქ სალოცავად მოდიოდნენ უშვილო ქალები. უძოობის დღეობა ყოველ წელს, აღდგომის მომდევნო სამშაბათს იმართება. ამჟამად აქ მოქმედებს მამათა მონასტერი.
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
სამების ტაძრისთვის საძირკველი 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით. ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. სასულიერო პირებმა ტაძრის საძირკველში ჩააყოლეს წმიდა ადგილებიდან ჩამოტანილი სიწმინდეები. სამების საკათედრო ლავრის სიმაღლე მიწიდან ჯვრის ძირამდე 77 მ. ჯვრის სიმაღლე კი 7.5 მ. მიწის ქვემოთ საძირკვლამდე სიღრმე 13 მ. ტაძრის სიგრძე - 70 მ, სიგანე - 64 მ. ტაძრის მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში - 4. ტაძრის არქიტექტურა ძველი ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრებისა და თანამედროვე გადაწყვეტის შერწყმას წარმოადგენს.
ხელოვნების მუზეუმი
მუზეუმი (თბილისი - თბილისი)
მუზეუმის საგანძურში გამოფენილია ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, ტიხრული მინანქარი, საიუველირო ნაკეთობები, მხატვრული ქსოვილებისა და ნაქარგობის უნიკალური ნიმუშები. მნახველთა ყურადღებას იპყრობს ძველი ქართული კედლის მხატვრობა , ქართველ მხატვართა შედევრები, რუსული, ევროპული და აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების ძეგლები.
„სურბ ეჯმიაწინ“ (წმ. სერგოს ეკლესია)
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
სომხური ეკლესია თბილისში, ავლაბარში, ქეთევან წამებულის მოედნის დასავლეთით. 1804–1808 წლებში ავლაბარში დასახლებულმა, ეჩმიაძინიდან ლტოლვილმა სომხებმა აქ პატარა დარბაზული ეკლესია ააშენეს. 1846 წელს ის გაფართოვდა და „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ეკლესიად გადაკეთდა. ეკლესიის აღმოსავლეთ სკვერში დგას ქვაჯვარი, რომელიც სომეხმა ერმა მიუძღვნა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. 2009 წელს ამ ეკლესიას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.