ახალგორის რაიონი (გვერდი 3/6)
მაჩხანის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
მაჩხანი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მცირე ზომის დარბაზული ეკლესია სოფ. წოდორეთის მახლობლად. წარწერების თანახმად, ეკლესია აშენებულია 853 წელს, არაბთა ბატონობის ხანაში. იგი ერთ-ერთი ადრინდელი და ზუსტად დათარიღებული ძეგლია თბილისის მიდამოებში. ნაგებია ფოროვანი ტუფით. ცალკეული ნაწილები — ლავგარდანი, სამხრეთ შესასვლელის წარწერიანი არქიტრავი, აღმოსავლეთ ფასადზე მოთავსებული წარწერიანი ფილა და კედლის ზედა ნაწილების მოპირკეთება უფრო მკვრივი, მოყვითალო ფერის ქვისაა, შიგნიდან კამარები და აფსიდის კონქი ამოყვანილია რიყის ქვით. ინტერიერში შემორჩენილია მოგვიანო ხანის (XI ს.) მოხატულობის კვალი. ეკლესიის მახლობლად ნასოფლარია.
მუხრანის კომპლექსი
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს, ვაკეზე დგას ციხე-გალავნის ნანგრევები. აქ იყო მუხრანბატონთა უკანასკნელი პერიოდის რეზიდენცია. ციხეს ორი წარწერა აქვს. ციტადელის ჭიშკრის თავზე არსებული წარწერის თანახმად, ციხე-გალავანი XVIII საუკუნის 30-იან წლებში აუგია მამუკა მუხრანბატონს ლევან მუხრანბატონის დახმარებით. 1756 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე განუახლებია მეფის სახლთუხუცესს – კონსტანტინე მუხრანბატონს. წარწერის მიხედვით კონსტანტინე მუხრანბატონი გვატყობინებს, რომ ეს ადგილი აოხრებული ყოფილა მტრებისაგან, ხოლო მცხოვრებნი - `მიმოდაბნეულნი~. მან აქ `მოზღუდა~ გალავანი, ხალხი შეკრიბა და დაამკვიდრა. მტრის სემოსევის შემთხვევაში არა მარტო სოფელი მუხრანი, არამედ ახლომახლო სოფლებიც თავიანთი მოძრავი ქონებით, გალავანს აფარებდა თავს.
პომპეუსის ხიდი
ხიდი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
მცხეთის ძველი ("პომპეუსის") ხიდი მდებარეობს მცხეთის შესასვლელთან, მტკვრის კუნძულოვან ზონაში. ამჟამად იგი დაფარულია მდინარის მიერ და მისი მცირე ნაწილი მხოლოდ წყლის დონის დაწევის დროს ჩნდება. სამეცნიერო ლიტერატურასა და ადგილობრივ მოსახლეობაში მტკვარზე გადებული ძველი ხიდი, რომელიც ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის აშენების (1927წ.) შემდეგ თითქმის ყოველთვის დაფარულია წყლით, უფრო ხშირად მოიხსენიება, როგორც "პომპეუსის ხიდი", თუმცა კი ხიდი პომპეუსამდეც არსებობდა და რომაელ სარდალს მის აშენებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ამ ხიდს უნდა ემუშავა ელინისტური ხანიდან მაინც (ძვ.წ. IV-IIIსს.), როდესაც ვაჭრობამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო.
საგურამოს ქასურის წმ. გიორგის სამეკლესიანი ბაზილიკა
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
ასურელი მამის, იოანე ზედაზნელის ცხოვრების მიხედვით, საგურამოს ქასური წმ. გიორგის სამონასტრო ეკლესია დაარსებულია VI საუკუნეში მოღვაწე ასურელი მამის იოანე ზედაზნელის მოწაფის, თათა სტეფანწმინდელის მიერ, იოანე ზედაზნელის სიცოცხლის პერიოდშივე. ასურელ მამათა ცხოვრების წიგნები ქართული ლიტერატურის იმ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა მნიშვნელობაც მარტო მხატვრული ღირებულებებით არ შემოიფარგლება. ეს შესანიშნავი ნაწარმოებები უზარმაზარ ინფორმაციას შეიცავენ VI საუკუნის საქართველოს ცხოვრების შესახებ.
სამთავროს ტაძარი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
მთავარი ტაძრის აგების ისტორია არ არის ცნობილი. ისტორიული წყაროების მიხედვით მცხეთის ჩრდილოეთ განაპირა ნაწილში ყოფილა ქართლის ერისმთავრის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წარმომდგარა სახელი – სამთავრო. აქ უცხოვრია საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსულ წმინდა ნინოს. აქვეა დასაფლავებული ერთ-ერთი ასურელ მამათთაგანი აბიბოს ნეკრესელი. ოქტომბრის რევოლუციამდე აქ დიდი დედათა მონასტერი იყო.