რუსთავი (გვერდი 3/10)
გორის ამილახვრების სახლი
სახლმუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ამილახვრების სახლი სახეშეცვლილია: აივანი შემინულია, დაქუცმაცებულია ტიხრებით; აღარ არსებობს სადარბაზოს შესასვლელზე მიდგმული ლითონის პორტიკი, აგრეთვე ფასადის მარცხენა მხარეს ადრე არსებული ფართო შეისრული თაღი, რომელშიც ლითონის ორნამენტირებული ალაყაფის კარი ეკიდა.
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
მუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
დაარსდა 1935 წელს. დაცულია 48 ათასზე მეტი ექსპონანტი: მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და სახალხო ზეიმების ამსახველი მასალა, ვერცხლის კოლხური დიდრაქმა, დრაქმები, თამარისა და დავით ნარინის მონეტები, გორის განძი (XV ს), ანტიკური ქვეყნების მონეტები, ეპიგრაფიკული ძეგლები ქართულ და არაბულ ენებზე.
გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
1920 წელს მიწისძვრამ შენობა დააზიანა. ინტერიერი მოხატეს XIX საუკუნის II ნახევარში. საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში მოთავსებული იყო გორის სამუსიკო სკოლა.1950 წელს ინტერიერის კედლები შეათეთრეს, რამაც დაფარა მხატვრობა. 1990-იან წლებში ნაგებობა გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. 2003 წელს, ტაძარში ჩატარდა სამუშაოები, ჩამოიფხიკა ფრესკები, მოინგრა ინტერიერის რამდენიმე დეტალი, რის შედეგადაც, განადგურდა გორის ეკლესიის ღვთისმშობლის ცნობილი კათოლიკური ფრესკაც.
გორის ციხე
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
მე-XVII საუკუნეში როსტომ მეფემ გორში მცხოვრებ ერთ-ერთ მისიონერს ქრისტეფორე კასტელს დაახატვინა გორის ციხის ნახატი. კასტელის ნახატი პირველია ჩვენამდე მოღწეულ საქართველოს ციხეთა ამსახველ ნახატებს შორის. ამ ნახატიდან ირკვევა, რომ დღეს არსებული ციხის მეტი ნაწილი სწორედ როსტომის დროს არის აგებული. კასტელის ნახატის მიხედვით გორის ციხეზე ოთხი დროშა ფრიალებს. ციხის ფერდობზე დახატულია ბანაკი, შუბებით შეიარაღებული ცხენოსნები და სხვა. იქვე ნაჩვენებია ერთ და ორსართულიანი სახლებიც.
გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ქალაქ გორის პირისპირ, თრიალეთის მთებსა და მტკვრის სანაპიროზე, ამოზიდულია გორიჯვრის მთა, რომელზეც მდებარეობს ძველისძველი ტაძარი გორიჯვარი. IV საუკუნის დასაწყისში მთის წვერზე აღიმართა ჯვარი, მას შემდეგ იწოდება იგი გორიჯვრად. ტაძარი წმინდა გიორგის სახელს ატარებს. როგორც გასული საუკუნის ისტორიული მასალებიდან ირკვევა, გორიჯვარზე ორი ეკლესია მდგარა, რომელთაგან ერთი VIII-IX ს.-ის ნაგებობა იყო. ეს დადასტურდა 1988 წ. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად. გორიჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე, ისტორიკოს ვახუშტის გადმოცემით, დაკრძალულია წმინდა გიორგის თავი. მეორე ეკლესია გვიანი ხანის ნაგებობას წარმოადგენდა. 1920 წლის მიწისძვრამ სულ დაანგრია გორიჯვარიც და მისი შემოგარენიც. 1978-1988 წლებში აღდგა გორიჯვრის ტაძარი. ტაძრის მოხატულობა შეასრულა მხატვარმა ნოდარ აბრამიშვილმა. ეკლესია აკურთხა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. გორიჯვრის მიდამოებში არის სამკურნალო წყალი, რომელიც ძველი დროიდან არის ცნობილი.
დანახვისის წმიდა გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნიდან თაღოვან, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი და გარედან ოთხკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია.ერთი ოთხკუთხა სარკმელი სამხრეთ კედლის ზედა ნაწილშიცაა. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი, რომლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის კვალი. მინაშენის შესასვლელი (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილები) სამხრეთითაა, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ. ეკლესიას სამხრეთით და აღმოსავლეთით მცირე ზომის ხელოვნური ბაქანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, კედლის გასამაგრებლად, მიშენებულია ოვალური კონტფორსი. ამჟამად ეკლესია გადახურულია კრამიტით და მისი კედლები უხეშად შელესილია.
დიდი წერეთის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია. (12,5X7,5 მ), გარე კედლები ნაგებია თლილი ქვით, შიგა – ნატეხი ქვით, კონსტრუქციული ნაწილები - თლილი შირიმით. ნაგებობა დაზიანებულია: ჩანგრეულია სახურავი. გარედან არქიტრავით გადახურული, შიგნიდან ტიმპანიანი შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდში ერთი სარკმელია, სამხრეთის კედელში – ორი. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშია; ცენტრში დგას სწორკუთხა ვიწრო სატრაპეზო ქვა. კედლები moxatuli ყოფილა. (ჩანს საღებავის კვალი).
დიდი წერეთის კოშკი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
კოშკი ცილინდრულია, (შიდა დიამეტრი 3,5 მ. კედლის სისქე 1,4 მ), ზევით ოდნავ ვიწროვდება, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია ოთხი სართული და მეხუთე სართულის (თუ ბანის) კედლების მცირე ფრაგმენტები. ჩანგრეულია სართულშუა ხის გადახურვები. შესასვლელი სამხრეთით, მეორე სართულზეა, მიწიდან ოთხიოდე მეტრზე. კარი სწორკუთხაა. ამ სართულს აქვს ერთი სარკმელი და ხის აივანი. კოშკის პირველი სართული ნანგრევებით არის სავსე. მესამე სართულზე, სამხრეთით და ჩრდილო – აღმოსავლეთით თითო პატარა სარკმელია. მეოთხე სართულს ერთმანეთისაგან თანაბრად დაშორებული ოთხი სარკმელი აქვს (ერთი სანახევროდ დანგრეულია).
დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ნათლისმცემლის ეკლესია თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანის გარდამავალი პერიოდით. ეკლესია დარბაზულია (7,3X4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია დასავლეთიდან მოგვიანებით მიშენებული მცირე სამლოცველო (შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილო და დასავლეთ კედლები) და ინტერიერში კედლის მოხატულობა. მცირე კედელიღაა გადარჩენილი ჩრდილოეთიდან მინაშენისაგან. ეკლესიის თაღოვანი შესასვლელები სამხრეთით (ნახევრად ამოქოლილია) და დასავლეთითაა. ნახევრადწრიულ აფსიდში მოგვიანებით გაჭრილი ვიწრო თაღოვანი შესასვლელი (ამოქოლილია) ეკლესიას ჩრდილოეთ მინაშენთან აკავშირებდა.