რუსთავი (გვერდი 2/10)
ახრისის სამების ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (9,8X5,7 მ) ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, კარისა და სარკმლის საპირეები ნაწყობია მოწითალო ქვის კვადრებით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში, მარცხნივ, ნიშია, ცენტრში დგას 1 მ. სიმაღლის მთლიანი ქვის სატრაპეზო. აფსიდში, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო პილასტრია, რომელსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე აგურით გამოყვანილია რელიეფური ჯვარი. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. მის აღმოსავლეთ ნაწილში აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო დგას.
ბერბუკის კოშკი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
კოშკი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის განაპირას, სამხრეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7,7 მ), სამსართულიანია, ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. დაზიანებულია: დანგრეულია პირველი სართულის სამხრეთ კედელი, მეორე სართულის კედლების ზედა და მესამე სართულის კედლების უმეტესი ნაწილი. კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთით. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელში კვადრატული აგურის თაღოვანი ბუხარია, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ორი ორმაგი თახჩიანი სათოფური. სამხრეთ კედელში დატანებულია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. სართული შელესილია. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში, კარის ორივე მხარეს, თითო ორმაგი თახჩიანი სათოფურია. ასეთივე სათოფურები სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებშიცაა. სართული შელესილი ყოფილა. შენობას შემოვლებული აქვს თევზიფხურად ნაწყობი ბრტყელი ქვის სარტყელი.
ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესის ნაგებობა სამეკლესიიანი ბაზილიკაა (11,5X10,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, პერანგი შირიმის ქვისაა. ეკლესია ახლა თითქმის მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი. თავდაპირველად აქ ერთი ეკლესია მდგარა. შემდეგ მისთვის ჩრდილოეთით და სამხრეთით მთელ სიგრძეზე თითო უფრო დაბალი, აფსიდიანი ეკლესია (ეგვტერი) მიუშენებიათ. შესასვლელი სამხრეთ კედელშია, აქედან შეიძლება ეკლესიის სამივე ნაწილში მოხვედრა. შუა დარბაზი მოზრდილია. აქ სარკმლები აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთითაა. გადახურვა კამაროვანია. დარბაზში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.
გაიჩაანთუბნის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
გაიჩაანთუბნის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია (ზომები მინაშენებიანად - 21 X 15 მ), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი მოგრძო კვადრებით. გადმოცემით, ეკლესია აუშენებიათ ბერძენ ოსტატებს. ეკლესია დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა და კონქი, მორღვეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლების ზემო ნაწილები, დაშლილია ხის კანკელი (ფრაგმენტები აწყვია საკურთხევლის წინ); შემორჩენილია მინაშენების ნანგრევები. ეკლესიას ოთხი შესასვლელი აქვს - სამხრეთით, დასავლეთით და ორი ჩრდილოეთ კედლის განაპირა ნაწილებში (ორივე ამოშენებულია). სამხრეთის და დასავლეთის შესასვლელები შიგნიდან თაღოვანია, გარედან სწორკუთხოვანი.
გალისხევის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
გალისხევის ეკლესია დარბაზულია (7,5X5,15 მ), ნაგებია ფიქალი ქვით. არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზის სწორკუთხა აფსიდი კუთხეებში მომრგვალებულია. შენობას კამაროვანი გადახურვა აქვს. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ნაგებობები.
გარდატენის წმ. ნინოს ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
გარდატენის წმ. ნინოს ეკლესია თარიღდება გვიანდელ ფეოდალურ ხანით. ეკლესია დარბაზულია (7,65X5,6მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: ნაწილობრივ ჩანგრეულია კამარა და ქონქი, ჩამოცვენილია კედლების საპირე წყობა, ინტერიერში აქა - იქ შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. ორივე შესასვლელი სწორკუთხაა, გარედან გადახურულია არქიტრავით
გარდატენის მწვანე საყდარი
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
გარდატენის მწვანე საყდარი ფერიცვალების სახელობისაა. იგი დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით, მოპირკეთებულია ნატეხი მომწვანო ფერის ტუფის ქვით. შენობა ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია გადახურვა და დასავლეთის კედელი, ნაწილობრივ სამხრეთისა. ნახევარწრიული აფსიდის ორივე მხარეს მცირე ზომის სათავსებია. დარბაზის გრძივი კედლების ორ წყვილ პილასტრაზე გადადიოდა სამ - სამი დეკორატიული თაღი.
გარდატენის ჯებირის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
გარდატენის ჯებირის ეკლესია თარიღდება გვიანდელ ფეოდალურ ხანით. ეკლესია დარბაზულია (7,5X5,6), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. წყობა ირეგულარულია. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, ქონქი და აღმოსავლეთის კედლის დიდი ნაწილი, სანახევროდ ჩანგრეულია ჩრდილოეთის კედელიც
გომარეთის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
გომარეთის წმ. გიორგის ეკლესიიდან შემორჩენილია სამხრეთ - აღმოსავლეთისა და ჩრდილო - დასავლეთის კუთხეები. ეკლესია დარბაზულია (10,85X5,25 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა, სარკმელი - აღმოსავლეთით, საკურთხეველში. შენობის კამაროვანი გადახურვა აგურისაა. ეკლესიის გარშემო გალავნისა და შენობების ნანგრევებია.