რუსთავი (გვერდი 8/10)
სკრის კოშკი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
სკრის კოშკი ცილინდრულია (დიამ.10,6 მ, სიმ.8,2 მ, კედლის სისქე 2,4 მ), ორსართულიანი, ნაგებია რიყის ქვით. კარსა და სარკმლებზე გამოყენებულია თლილი ქვაც. ნაგებობას აკლია მხოლოდ ბანის კედლების ზედა ნაწილები. კოშკის შესასვლელი ჩრდილოეთით, მეორე სართულზე აქვს. პირველი სართული დამხმარე სათავსია. ამ სართულზე კედლებში დატანებულია სამეურნეო დანიშნულების ოთხი ღრმა ნიში და ორი მცირე, კვეთით მაღლა მიმართული სარკმელი.
ტირძნისის დედაღვთის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ტირძნისის დედაღვთის ეკლესია დარბაზულია (9,3X5,9 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, კუთხეები, სარკმლის საპირეები და სამსაფეხურიანი ლავგარდანი აგურისაა. დაზიანებულია ლავგარდანი და სახურავი. შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე განიერი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ორ-ორი სარკმელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშია. სარკმლები შიგნიდან თაღოვანია, გარედან შეისრულთაღოვანი და ტიმპანიანი. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები. დასავლეთ ფასადის ქვეშ ჩაღრმავებული ჯვარია, რომლის ქვემოთ ოთხკუთხა ნიშია. ასეთივე სამი ჯვარი სიმეტრიულად განლაგებულია სამხრეთ ფასადზეც. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.
ტირძნისის კვირაცხოვლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ტირძნისის კვირაცხოვლის ეკლესია დარბაზულია (7,3X5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები, სარკმლის საპირეები და ლავგარდანი აგურისაა. ეკლესიის კედლები შიგნიდან და გარედან შელესილია. შენობას დაზიანებული აქვს ორსაფეხურიანი ლავგარდანი და სახურავი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კუთხეშია. მის თავზე ოთხკუთხა სარკმელია. თითო სარკმელია არაღრმა რკალური აფსიდის ღერძზე, დასავლეთის და სამხრეთის კედლებში. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. დარბაზის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების კრონშტეინებს ეყრდნობა. შენობის იატაკი მიწის ზედაპირზე დაბალია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.
ტირძნისის სამების ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
2010 წლის 22 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა გორის რაიონის სოფელ არბოს წმ. გიორგისა და ტირძნისის სამების ეკლესიები მოინახულა. ტაძრების რესტავრაცია აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის გრანტით განხორციელდა. 49 400 დოლარის ოდენობის გრანტი 2009 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა.
ტირძნისის ციხე-გალავანი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ციხე-გალავანი გეგმით კვადრატულია (30X30 მ), ნაგებია რიყის ქვით. გალავნის კუთხეებში რამდენიმე ცილინდრული კოშკი მდგარა. ორი მათგანი ადრეა დანგრეული, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდგარი XX-ის 40-იან წლებში დაინგრა. შედარებით უკეთ არის შემონახული ჩრდილო-დასავლეთის კოშკი. იგი ორსართულიანია, საბრძოლობანიანი. ორივე სართულს ცალკე შესასვლელი აქვს ეზოდან. პირველი სართულის კედლებში რამდენიმე, კვეთით ზევით მიმართული სარკმელია. მეორე სართულის კედლებში, სარკმლების გარდა, ცალმაგი და ორმაგი სათოფურებიცაა. სართულები გადახურულია გუმბათოვანი კამარით.
ტყვიავის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ტყვიავის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (10,3X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვით (წყობა ირეგულარულია), გამოყენებულია ღვინისფერი თლილი კვადრებიც. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია ჩრდილოეთ კედლის დეკორატიული თაღი და ლავგარდანი, ჩამოცვენილია შიდა შელესილობა; აღმოსავლეთ კედლის ზოგიერთ ნაწილში ჩანს აგურის გვიანდელი ჩანაერთები. ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს: ერთი დასავლეთით (ამჟამად გაუქმებულია), მეორე - სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში. ამ შესასვლელის თაღში ჩადგმულია ტიმპანის მთლიანი ქვა. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომელიც შიგნიდან გარეთ მკვეთრად ვიწროვდება (აფსიდის სხვა კომპონენტების ჩაშენების გამო არ გაირჩევა).
ტყვიავის ციხე-დარბაზი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
კომპლექსი შეიქმნა ლეკების შემოსევების დროს. იგი ყოფილა თამაზ ქარელის ოჯახის თავდასაცავი და ამავე დროს საცხოვრებელი ნაგებობაც. ციხე-დარბაზის კედლებზე შემორჩენილი მხედრული წარწერების თანახმად, ციხის მეპარტრონეს 1754 წელს რვაგვერდა კოშკისათვის დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მიუშენებია თითო წაკვეთილი ელიფსური კოშკები, 1758 წელს კი - აღმოსავლეთით დაუმატებია მეოთხე კოშკიც.
ტყვიავის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ტყვიავის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (5,83X4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები სარკმლის საპირეები და ორსაფეხურიანი ლავგარდანი აგურისაა. ლავგარდანი და სახურავი ძლიერაა დაზიანებული. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კუთხეშია. მცირე სიღრმის რკალური აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელშიც. ცილინდრული კამარა გრძივ კედლებს ეყრდნობა.
უფლისციხის ნაქალაქარი
ნაქალაქარი/ნასოფლარი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
უფლისციხის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნიდან გვხვდება. საყურადღებოა ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა: ~აშურიანს ზეით არს უფლისციხე, კვერნაკის გამოკიდებულის კლდის გორასა ზედა, მტკურის კიდესა, რომელიც აღაშენა პირველად უფლოს, ძემან ქართლოსისამან და იყო ქალაქი ჩინგისამდე, აწ არს შემუსვრილი. არამედ შენობა უცხო კლდისგან გამოკვეთილი; პალატნი დიდ-დიდნი, ქანდაკებულნი კლდისგანვე; გვირაბი ჩახვრეტილ-ჩაკაფული მტკურამდე, დიდი. დასავლით აქუს ქარაფი მაღალი, დამ ას შინა კუეთილნი ქუაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუალ არს. აქა… გამოსული იხილვების სპა-ლაშქარნი შუბოსან-მშვილდოსანნი, ცხენოსანნი, გალაშქრებულნი, ნიშვნენ მისნობად და უწოდებენ უფლისციხეს.~